top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ივლიტის ეკლესია

ყოველ წელს, აღდგომის დღესასწაულის მომდევნო კვირას საქართველოში კათოლიკე ეკლესია ივლიტის საკრებულოს დღეობას აღნიშნავს.


აი, რას წერს 1903 წელს გამოცემულ წიგნში ზაქარია ჭიჭინაძე ივლიტის ტაძრის შესახებ:


"წმ. ივლიტის ეკკლესია (ახალციხეს) ეკკლესია ოსმალთა დევნის მეოხებით XVII საუკუნის დამდეგს, შეჩვენებულის ბექა ათაბაგის ბრძანებით დააქციეს. ივლიტაში ქართველთ რიცხვიც მაშინათვე მოისპო, ყელას გათათრების ეშინოდა, ნამეტნურ ეს შიში მაშინ უფრო წავიდა წინ, როცა ბექა ათაბაგი გათათრდა და ხალხსაც დაუწყო გათათრება. საქმე უბედურათ დატრიალდა. ქართველთ ივლიტას თავი გაანებეს, მერე ოსმალთა და ქართველთ შორის ომი დაიწყო, ამ ომის დროს, ოცხეს ნაპირიდამ ივლიტის ეკკლესია ყუმბარებით დაანგრიეს. ძველ ეკკლესიას წარეხოცა თავისი სახე, პირ–ქვე დაემხო, ქვები და მთლათ ეკკლესიის კედლებმა ოცხეს იგრიალა. იქ მაშინ ქართველ კათოლიკეთა რიცხვიხ მრავლობდა, იგინი ვაჭრობას მისდევდნენ, რადგანაც მაშინ ივლიტა ქრისტიანთ ქალაქად ითვლებოდა. დაქცეულ ეკკლესიის ნაშთები ქართველ კათოლიკებმა მალე შეკრიბეს, ერთად დააწყეს და მერე ფაშას კაცი მიუგზავნეს, ქრთამი მისცეს და ეკკლესიის გაკეთების ნება ითხოვეს, ფაშამ ქრთამით ნება დართო ეკკლესიის შენობის.


დაიწყეს ახალი ეკკლესიის აშენება და მალეც აღაგეს იმ ალაგას, სადაც ძველი იდგა, რადგანაც ხალხს ეს ივლიტის ეკკლესია დიდად უყვარდათ, ამიტომ ახალ კათოლიკის ეკკლესიასაც ივლიტის სახელი უწოდეს. ეს ხანა უახლოვდება 1640 წლებს. განვლო XVII საუკუნემ და ეს ეკკლესია ერთხელ კიდევ ააოხრეს ოსმალთა, აოხრება ისე მძლავრად მოხდა, რომ მის წელში გამართვა შემდეგისთვის ვეღარავინ გაბედა, ყველას ეშინოდათ, ამასობაში მოაღწია XVIII საუკ. და ამ საუკუნეში ქართველ კათოლიკეთ დახმარებით ეს ეკკლესია განაახლეს ახალციხელ მოქალაქე ქართველ კათოლიკეთ ვაჭრებმა მეფისაშვილებმა. დღეს ყველა ამბობს, რომ ივლიტის ეკკლესია მეფისაანთ გვარის წევრთაგან გაკეთებულაო. ეკკლესია თვითონ ღარიბია სამრეკლო რომ არა ჰქონდეს უამისოთ კაცს ეკკლესიის გარჩევაც ვერ შეეძლება უბრალო მიწურის სახლიდამ. ამ ეკკლესიის განახლება ანუ გაკეთება 1825 წლებს მომხდარა, როცა ოსმალთაგან ქრისტიანები დიდს დევნაში იყვნენ, სდევნიდნენ ნამეტურ საქართველოში მცხოვრებს ქრისტიანებს და მათ თუ არ ივლიტის მსგავსი ეკკლესიის გაკეთება, სხვა გეგმით ეკკლესიის გაკეთების ნებას არავინ აძლევდენ, არ აძლევდენ მით უფრო, რადგანაც ქრისტიანობის სიმძულვარესთან დიდი შურიც ჰქონდათ. აი ამით აიხსნება ის გარემოება რომ ივლიტის ეკკლესია ასე ღარიბად აღუშენებიათ...

[...]

ივლიტის მღვთისმშობლის ხატის შესახებ მღ. თომა ჩილინგაროვმა შემდეგი გადმოგვცა: ივლიტის საკვირველ მოქმედი ხატი ართვინიდამ მოუტანია ერთ კათოლიკის დედა–კაცს, ძველად ეს ხატი ოსმალთ მოუტანიათ ერთის ეკკლესიიდამ, მერე მათგან ამ დედა–კაცის ნათესავებს დაუხსნიათ. შემდეგ ამ დედა–კაცს რგებია მხვედრად. ძვეთაგანვე ამ ხატს ისე განეთქვა სახელი, რომ ივლიტას ქართველ კათოლიკეთა ღამის თევაც გაუჩინეს. დღესაც აქ ხშირათ მოდიან სხვა და სხვა კუთხის კათოლიკენი და ღამეს უთევენ“.


ივლიტა ოცხეს ნაპირას, მშვენიერ ალაგას სძევს, ეკკლესიის ახლოს, მღვდელის თომა ჩილინგაროვის შრომით მომსვლელთ მლოცავთათვის კარგი სახლი გააკეთეს. ეკკლესიაც და ეს სახლიც მეტად ღარიბია. სახსარი არსაიდამ არა აქვს, შენობის გაკეთება–კი საჭირო იყო, რადგანაც ხშირად ღამის მთეველნი კარში და მით წვიმა ავდრისაგან ავათაც ხდებოდნენ. ეკლესიას აქვს თითო ოროლა ძველი ნივთები და ხატები, უმეტესი ნაწილი ძველის ნივთების კი ძველადგანვე დაკარგულა, ძველად ეს ეკკლესია ოსმალთ მტაცებელთ ხშირად გაუქურდავთ. ეკკლესიის მახლობლივ აქა–იქ არის ძველის საფლავის ქვებიც ქართულ წარწერიანი, წარწერა აღარ ეტყობათ, დრო ჟამს წაურეცხავს.


ყოფილა ისეთი დრო, რომ ივლიტის ეკკლესია ქონებით, მრევლით, ქართული წიგნებით და ძველი ნივთებით ახალციხის ეკკლესიებზედ მაღლა იდგაო. ძველთაგანვე აქ ყოველთვის ქართულსა და ლათინურს ენაზედ სწარმოებდა ლოცვა, სომხური შემოდის ხმარებაში 1770 წლების შემდეგ, როცა სომეხთ–კათოლიკეთ მღვდელთ გავლენა ივლიტელებზედ გაძლიერდა“.


ზ. ჭიჭინაძე, „კათოლიკეთა ეკკლესია საქართველოში“, 1903 წელი.

bottom of page