top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

იმედის საიუბილეო წელი ოფიციალურად დაიხურა

დღეს, 6 იანვარს, საიუბილეო 2025 წელი დასრულდა. რომის ოთხივე პონტიფიკალურ ბაზილიკაში წმიდა კარი ოფიციალურად დაიხურა და 2033 წლამდე (გამონაკლისის გარეშე) არ გაიღება.

 

იმედის საიუბილეო წელიწადის განმავლობაში, რომს უამრავი მიმლოცველი ეწვია, მათ შორის, საქართველოში კათოლიკე ეკლესიიდანაც.


საიუბილეო წლის დასრულების დასტურად, წმიდა კარი დაიხურა ვატიკანში, წმიდა მარიამის დიდ ბაზილიკაში, წმიდა იოანეს ლატერანის ბაზილიკაში, წმიდა პავლეს (კედლებს მიღმა) ბაზილიკაში და ბოლოს, 6 იანვარს წმიდა პეტრეს ბაზილიკაში.

 

პაპ ფრანცისკეს მიერ გამოცემული ბულის (დოკუმენტი)  “Spes Non Confundit”–ის თანახმად, ბოლოს წმიდა კარი 2025 წლის 28 დეკემბერს უნდა დახურულიყო. ამავე პაპმა წმიდა კარი, წმიდა პეტრეს ბაზილიკაში, 2024 წლის 24 დეკემბერს გახსნა.

 

წმიდა კარის დახურვის პირველი ცერემონია, წმიდა მარიამის დიდ ბაზილიკაში (Santa Maria Maggiore), 2025 წლის 25 დეკემბერს, 18:00 საათზე, უფლის შობის დიდ დღესასწაულზე შესრულდა. იგი ამავე ბაზილიკის არქიპრეზბიტერმა, კარდინალმა  როლანდას მაკრიკასმა აღავლინა.

 

შემდეგი იყო წმიდა იოანეს ლატერანის ბაზილიკის წმიდა კარის დახურვა – 27 დეკემბერს 11:00 საათზე. ცერემონია აღავლინა კარდინალმა ბალდასარ რეინამ, რომელიც ბაზილიკის იერარქია.

 

წმიდა ოჯახის დღესასწაულზე კი, 28 დეკემბერს 10:00 საათზე, წმიდა კარი დაიხურა, წმიდა პავლეს (კედლებს მიღმა) ბაზილიკაში. პროცესიას უძღვებოდა ბაზილიკის არქიპრეზბიტერი, კარდინალი ჯეიმს მაიკლ ჰერვეი.

 

საიუბილეო წელი ოფიციალურად დაიხურა 2026 წლის 6 იანვარს, 09:30 საათზე, უფლის გაცხადების დიდ დღესასწაულზე (ეპიფანია). ცერემონიისას დაიხურა წმიდა პეტრეს ბაზილიკის წმიდა კარი. ცერემონია აღავლინა პაპმა ლეონ XIV-მ.

 

„ძვირფასო ძმებო და დებო, რა საოცარია იმედის მომლოცველებად ყოფნა, რა საოცარია ერთად ყოფნა! ღვთის ერთგულება კვლავ და კვლავ გვაოცებს. თუ ჩვენს ეკლესიებს უბრალო ძეგლებად არ გადავაქცევთ, თუ ჩვენი საკრებულოები დარჩება ჩვენს სამყოფელად, თუ ერთსულოვნად გავუწევთ წინააღმდეგობას ამა ქვეყნის ძლიერთა ცდუნებებს, მაშინ ცისკრის თაობად ვიქცევით. მარიამი, ცისკრის ვარსკვლავი, ყოველთვის ჩვენს წინ ივლის! მის ძეში განვჭვრეტთ და ვემსახურებით საოცარ კაცობრიობას, რომელიც გარდაიქმნება არა ყოვლისშემძლეობის ილუზიის მეშვეობით, არამედ ღვთის მიერ, რომელიც განკაცდა სიყვარულით“, - თქვა წმიდა მამამ ქადაგებაში, წმიდა კარის დახურვისას, უფლის გაცხადების დღესასწაულზე.

 

 შოთა გიქოშვილი

 

 

Comments


bottom of page