top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კათოლიკე მისიონერები და ამერიკის აღმოჩენის გასტრონომიული შედეგები



მე-15 საუკუნის ბოლოს დაწყებულმა შორეულმა საზღვაო მოგზაურობებმა სათავე დაუდო დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქას. მეზღვაურებთან და კონკისტადორებთან ერთად კათოლიკე მღვდლებიც გაემგზავრნენ ამერიკაში.


ადგილობრივი მოსახლეობის გაქრისტიანებაში დიდი წვლილი მიუძღვით როგორც ფრანცისკელთა და დომინიკელთა ორდენებს, ისე იეზუიტებს.


კათოლიკე მღვდლები იყვნენ ყველაზე განათლებული ევროპელები, რომლებიც ჩავიდნენ "ახალ მსოფლიოში“; მათ პირველებმა აღწერეს „ამერიკული“ ბოსტნეული და ხილი. ევროპულ რაციონს შეემატა პომიდორი, კარტოფილი, სიმინდი, ლობიო, შოკოლადი და სხვა პროდუქტი. მაგრამ კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის შემდეგ ევროპისთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი იყო კაკაოს მარცვლები, რომლისგანაც მზადდება შოკოლადი. მყარი სახით შოკოლადი მხოლოდ მე-18 საუკუნის ბოლოს გამოჩნდა, მანამდე კი ის იყო სასმელი, რომელიც ფერით ყავას ჰგავდა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა არისტოკრატიულ სალონებსა და სამეფო სასახლეებში.


კაკაოს მარცვლებისგან ინდიელები ამზადებდნენ სასმელს, სახელწოდებით ,,Chocolatl“ (აცტეკების ენაზე - ,,მწარე წყალი“). ევროპელებმა ეს მარცვლები პირველად ნახეს 1502 წელს, ქრისტეფორე კოლუმბის მეოთხე ექსპედიციის დროს ,,ახალ მსოფლიოში“. კაკაო პირველმა აღწერა კოლუმბის უმცროსმა ვაჟმა ფერნანდომ, რომელიც ექსპედიციაში იმყოფებოდა მამასთან ერთად, შემდეგ კი ეს მოვლენები ასახა მამის შესახებ დაწერილ წიგნში - ,,ქრისტეფორე კოლუმბის ცხოვრება“. მაგრამ თავად კაკაოს მარცვლებისაგან მომზადებული სასმელი ევროპელებმა მოგვიანებით ნახეს. კონკისტადორ ერნან კორტესის ექსპედიციაში მონაწილე ბერნალ დიაზ დელ კასტილიომ (ესპ. Bernal Díaz del Castillo) თავის წიგნში ,,ახალი ესპანეთის დაპყრობის ნამდვილი ამბავი“ (Historia verdadera de la conquista de la Nueva España) აღწერა აცტეკების იმპერატორ მონტესუმა II-ის სასახლეში 1519 წლის ნოემბერში გამართული სადილი: ,,იქ იყო კაკაოსგან დამზადებული ერთგვარი სასმელი... ამბობენ, რომ ის ხელს უწყობს ქალებთან წარმატებას“.


თავდაპირველად შოკოლადი ევროპელებში ზიზღს იწვევდა. იტალიელი მოგზაური ჯიროლამო ბენცონი (Girolamo Benzoni), რომელმაც მოინახულა ამერიკა, 1565 წელს გამოქვეყნებულ თავის წიგნში ,,ახალი მსოფლიოს ისტორია“ (La Historia del Mondo Nuovo), წერდა, რომ შოკოლადი მას მოეჩვენა ,,უფრო ღორებისთვის შესაფერის სასმელად, ვიდრე ადამიანებისთვის. თითქმის წელიწადზე მეტხანს ვიყავი იმ მხარეში და არასდროს გამჩენია მისი გასინჯვის სურვილი“. ასეთივე ზიზღით აღწერს შოკოლადს ესპანელი ისტორიკოსი და გეოგრაფი, იეზუიტი კათოლიკე მისიონერი ხოსე დე აკოსტაც (José de Acosta) თავის წიგნში ,,ინდოეთის ბუნებრივი და ზნეობრივი ისტორია“ (Historia natural y moral de las Indias), რომელიც გამოიცა 1590 წელს: ,,მიუჩვეველ ადამიანებში მისი შეხედვა იწვევს გულისრევას, ვინაიდან ამ სასმელს თავზე ქაფი აქვს, ძირში კი - ნალექი, ამიტომ საკმაო ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ იძულებით დალიო ის“.

ინდიელთა შოკოლადს მწარე გემო ჰქონდა, რადგან მათთვის შაქარი ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, ის თან ჩამოიტანეს ევროპელებმა. ლეგენდის თანახმად, შოკოლადს შაქარი დაუმატა მეხიკოს პირველმა ეპისკოპოსმა, ფრანცისკელმა მისიონერმა ხუან დე ზუმარაგამ (ესპ. Juan de Zumárraga), სწორედ მან, ვინც 1531 წელს იხილა გვადალუპეს ღვთისმშობლის სასწაულებრივი გამოსახულება, ამჟამად მექსიკელთა მთავარი ხატი. სინამდვილეში, უცნობია, ვინ დაუმატა პირველად შოკოლადს შაქარი, მაგრამ ზუსტადაა ცნობილი, რომ შოკოლადი ამერიკიდან ევროპაში უკვე ტკბილი შევიდა.


ვერიკო ნოზაძე

ჟურნალი "საბა" / 2023.07

bottom of page