კაჟის ნაპერწკლები | მამა გაბრიელე ბრაგანტინი
რატომ იგრძნო XXI საუკუნის პაპმა, თავის პირველ ენციკლიკაში Magnifica Humanitas ხელოვნურ ინტელექტზე, განათლებასა და კაცობრიობის მომავალზე საუბრისას, პლატონის (ათენი, ძვ. წ. 428/427-348/347) ციტირების საჭიროება, კერძოდ, მისი VII წერილიდან (N.140), რომელიც ანტიკური ფილოსოფიის ერთ-ერთ ყველაზე ღრმა ტექსტად მიიჩნევა? ეს სულაც არ არის უმნიშვნელო კითხვა.

ცხადია, სხვა ავტორთა ციტატებიც არის მოყვანილი, მაგალითად, ტოლკინი: „ჩვენი საქმე არ არის მსოფლიოს ყველა ცვალებადობის მართვა: ჩვენი ამოცანაა, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია იმ ეპოქის გადასარჩენად, რომელშიც ვცხოვრობთ...“ („ბეჭდების მბრძანებელი“); ფილოსოფოსი ჰანა არენდტი: „ხალხი, რომელთათვისაც ფაქტსა და გამონაგონს, ჭეშმარიტსა და სიცრუეს შორის განსხვავება აღარ არსებობს“ („ტოტალიტარიზმის სათავეებთან“), ნელ-ნელა, მაგრამ დაუნდობლად მიიწევს ტოტალიტარიზმისაკენ; ჯორჯო ლა პირა, ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც ახსოვთ: „ომის მეთოდი უნდა შეიცვალოს მშვიდობის მეთოდით: მოლაპარაკების, შეხვედრის, კონვერგენციის მეთოდით: ანუ ჭეშმარიტად ადამიანური მეთოდით!“; ავსტრიელი ნევროლოგი და ფსიქიატრი ვიქტორ ემილ ფრანკლი, საკონცენტრაციო ბანაკს გადარჩენილი ებრაელი: „ჩვენ უკვე შევიცანით ადამიანი ისეთი, როგორიც სინამდვილეშია. ბოლოს და ბოლოს, ადამიანი ის არსებაა, რომელმაც აუშვიცის გაზის კამერები გამოიგონა; თუმცა, ის არსებაცაა, რომელიც ამ გაზის კამერებში ბაგეებზე უფლისადმი ლოცვით თუ „შემა ისრაელით“ შევიდა.

მოღვაწენი, რომლებიც „გვეხმარებიან იმის დანახვაში, რომ ისტორია შეიძლება შეიცვალოს, როდესაც თუნდაც ერთი კაცი ან ქალი სრული სერიოზულობით მოეკიდება ყოველი ადამიანის ღირსებას“: მარტინ ლუთერ კინგი, ნელსონ მანდელა და რამდენიმე ქალბატონი: წმიდა ლაურა მონტოიელი, დედა ტერეზა კალკუტელი, დოროთი დეი, მეცნიერი მარია სკლოდოვსკა-კიური, პედაგოგი მარია მონტესორი, ქრისტიანი მისიონერი ელისაბედ ელიოტი და მისი პირველი ქმარი ჯიმ ელიოტი, კენიელი გარემოსდამცველი ვანგარი მაათაი, პირველი აფრიკელი ქალი, რომელმაც 2004 წელს ნობელის მშვიდობის პრემია მიიღო და ბენაზირ ბჰუტო, პაკისტანის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი, რომელიც 2007 წელს მოკლეს.
ნახსენებია ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია, „გერნიკა“, „შინდლერის სია“... მაგრამ პლატონი ჩვენთვის მაინც ყველაზე შორეულია... თუმცა, შესაძლოა, არც ისე შორეული. ტექსტის არსი ასეთია: „ყველაზე ღრმა და მნიშვნელოვანი რამ მხოლოდ დიდი დროისა და ძალისხმევის შემდეგ შეიცნობა...“, თითქოს ეს ფრაზა დაწერილია სწორედ ჩვენი დროისათვის, წუთიერების დროისთვის, რომელშიც ტექსტების, გამოსახულებების, ანალიზებისა თუ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების შესაძლებლობა საფრთხეს უქმნის იმას, რომ კაცობრიობა უფრო მეტად იყოს ორიენტირებული გარეგნულ ეფექტებზე და ნაკლებად სულიერზე.
ცოდნას ვერ გადმოტვირთავ, ის ცეცხლია, რომელიც სულში უნდა დაინთოს, ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთშეხებით, „ხახუნით“, როგორც კაჟის ქვები, საიდანაც გაგების ნაპერწკალი იფეთქებს: აქ დევს ფილოსოფიის, შემოქმედების, რწმენისა და სიყვარულის აკვანი, ადამიანის სულიერი ატროფიის საწინააღმდეგოდ. ხელოვნური ინტელექტის ნამდვილი პრობლემა არ შემოიფარგლება მხოლოდ ტექნიკური ან ეკონომიკური ასპექტებით. ის ანთროპოლოგიურია და, შესაბამისად, საგანმანათლებლო: აქედან გამომდინარე, განა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ ადამიანების განათლება არ გულისხმობს მისი გამოყენების აკრძალვის განსაზღვრასაც, რაც „მარხვის“ თითქმის ახალ ფორმას, თითქმის ახალ ასკეტურ წინადადებას წარმოადგენს?

რასაკვირველია, არ უნდა მოხდეს ხელოვნური ინტელექტის ან რაიმე ახალი ტექნოლოგიური აღმოჩენის დემონიზაცია: უნდა ვაღიაროთ მისი სარგებლიანობა და სიდიადეც, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ინტელექტსა და სიბრძნეს შორის არსებითი განსხვავებაა. თუ ყველაფერი ძალისხმევის გარეშე იქმნება, იკარგება მომწიფების, დამოუკიდებელი აზროვნების უნარის ფასეულობა. ეპოქაში, როდესაც ყველაფერი დაჩქარებულია, დაცული უნდა იყოს ადამიანის უფლება, რომ ტემპი შეანელოს; მოლაპარაკე მანქანების ეპოქაში უნდა დავიცვათ სიჩუმე, რომელშიც ცნობიერება მწიფდება. პირველის სიმულირება შესაძლებელია, მეორე კი მხოლოდ ცხოვრებისეული გამოცდილებიდან იბადება.
ალგორითმი გამოსავალს გვთავაზობს, მანქანა დროს ამცირებს; ავთენტური განათლება ჰორიზონტს შლის... და ამასთან ერთად, ბედნიერ სასწავლო წელს გისურვებთ!
მამა გაბრიელე ბრაგანტინიჟურნალი "საბა", 2026, სექტემბერი





Comments