top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘კატეხიზაცია ცოცხალი გამოცდილებაა’ - პაპი

10 სექტემბერს, წმინდა მამამ ვატიკანში კერძო აუდიენციაზე მიიღო კატეხიზატორთა III საერთაშორისო კონგრესის დელეგატები - მღვდლები, ეპისკოპოსები, ბერ-მონაზვნები და საეროები.



“მათი ყოფნა არის ეკლესიის ხალხისადმი პასუხისმგებლობის ნიშანი. ბავშვებისადმი, ახალგაზრდებისა და ზრდასრულებისადმი, რომლებიც ეძებენ გზამკვლევებს რწმენის გზაზე”, - აღნიშნა პაპმა.


“უფალი ყოველ ჩვენგანს მოუწოდებს, რომ მისი სახარება ჟღერდეს ყოველი ადამიანის გულში, კატეხიზატორებმა კი უნდა იპოვონ ახალი ფორმები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში სახარების დამოწმებისათვის”.


წმინდა მამამ მოუწოდა სტუმრებს: “კატეხიზატორად ყოფნა ნუ დაგღლით, რადგან კატეხიზაცია არ უნდა ჰგავდეს სკოლის გაკვეთილს. იგი რწმენის ცოცხალი გამოცდილებაა და ამავდროულად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირად შეხვედრაში, რომელიც აღებს მსმენელთა გულებს”.


კატეხეზა არის ევანგელიზაციის პრივილეგირებული საფეხური, მისი მიზანია „შევხვდეთ იესო ქრისტეს და ჩვენში გაიზარდოს იგი“, - ხაზგასმით აღნიშნა პაპმა ფრანცისკემ და მოიყვანა ციტატები კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმოდან, რომელიც საუბრობს ახალი ცხოვრების მოწმობაზე: “როდესაც ჩვენ გვწამს იესო ქრისტეს, ვეზიარებით მის საიდუმლოებებს და ვიცავთ მის მცნებებს, თავად მაცხოვარი მოდის ჩვენთან, რათა უყვარდეს თავისი მამა და ძმები ჩვენში - ჩვენი მამა და ჩვენი ძმები. სულიწმიდის წყალობით მისი პიროვნება ჩვენთვის ხდება ჩვენი ქცევის ცოცხალი და შინაგანი წესი“ (No 2074).



ჩვენ გვესმის, რატომ მოგვცა იესომ მცნება: „გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ“ (იოანე 15:12). ჭეშმარიტი სიყვარული ღვთისგან მოდის; უფალმა იესომ ეს გაგვიმხილა ჩვენ შორის ყოფნით, ქადაგებით, სასწაულებით და განსაკუთრებით მისი სიკვდილითა და აღდგომით. ქრისტეს სიყვარული რჩება „ახალი ცხოვრების ჭეშმარიტ და ერთადერთ მცნებად“. მაშასადამე, კატეხიზატორები მოწოდებულნი არიან გახდნენ ხილული და ხელშესახები იესო ქრისტეს პიროვნება, რომელსაც უყვარს ყოველი ადამიანი და ამიტომ ხდება ჩვენი ცხოვრების წესი და ჩვენი ქმედებების მორალური შეფასების კრიტერიუმი. ეს ახალი, ხალისიანი ცხოვრება, რომელიც ნათლობის დღეს დაიბადა, ყველას უნდა გავუზიაროთ, რათა ყველაში გაიზარდოს და უხვად გამოიღოს ნაყოფი“, – აღნიშნა პაპმა ფრანცისკემ მიმართვის დასასრულს.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი
bottom of page