კომუნიკაციის დიკასტერიის პრეფექტად პაპმა საერო პირი ქალი დანიშნა
- 1 day ago
- 2 min read
მარია მონსერატ ალვარადო, რომელიც ამჟამად საინფორმაციო სააგენტო EWTN News-ის პრეზიდენტი და საოპერაციო დირექტორია, 2026 წლის ნოემბერში პაოლო რუფინის ჩაანაცვლებს და გააგრძელებს რეფორმებისა და განახლების იმ გზას, რომელსაც პაპმა ფრანცისკემ ჩაუყარა საფუძველი.
Maria Montserrat Alvarado,

ალვარადო პირველი საერო ქალია, რომელიც წმიდა საყდრის დიკასტერიის პრეფექტად დაინიშნა. მეხიკოში დაბადებულმა ალვარადომ აკადემიური ხარისხი ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში მოიპოვა.
2009 წლიდან 2023 წლამდე მას ხელმძღვანელის თანამდებობები ეკავა „ბეკეტის რელიგიური თავისუფლების ფონდში“ (Becket Fund for Religious Liberty), სადაც აქტიურად იყო ჩართული რელიგიური თავისუფლების დაცვისა და ადამიანის ღირსების პოპულარიზაციისკენ მიმართულ ინიციატივებში.
2023 წლიდან მას უკავია EWTN News-ის ჟურნალისტური განყოფილების პრეზიდენტისა და საოპერაციო დირექტორის თანამდებობა, სადაც ზედამხედველობას უწევს საერთაშორისო მედიაპლატფორმებს, რომლებიც კონტენტს შვიდ ენაზე აწარმოებენ ტელევიზიის, რადიოს, პრესის, ციფრული და სოციალური მედიის საშუალებით.
ალვარადოს დანიშვნით, პაპი ლეონ XIV აგრძელებს რომის კურიის რეფორმირებისა და განახლების იმ კურსს, რომელსაც საფუძველი პაპმა ფრანცისკემ ჩაუყარა და რომლის ფარგლებშიც საერო მორწმუნეებს, კაცებსა და ქალებს საყოველთაო ეკლესიის სამსახურში ლიდერული და საპასუხისმგებლო პოზიციები მიენდოთ.
კომუნიკაციის დიკასტერია, რომელიც პაპმა ფრანცისკემ 2015 წლის 27 ივნისს რომის კურიის რეფორმის ფარგლებში დააფუძნა, წმინდა საყდრის საინფორმაციო საშუალებებს ზედამხედველობს, მათ შორის - Vatican News-ს, ვატიკანის რადიოს, L’Osservatore Romano-ს, Vatican Media-ს, წმინდა საყდრის პრესსამსახურს, ვატიკანის გამომცემლობას (Libreria Editrice Vaticana), ვატიკანის სტამბასა და ფილმოთეკას.
მათთვის დაკისრებული ოპერაციული და ტექნოლოგიური ფუნქციების გარდა, დიკასტერია ასევე სიღრმისეულად შეისწავლის და ავითარებს ეკლესიის საქმიანობის საკუთრივ თეოლოგიურ და სამწყსო ასპექტებს კომუნიკაციის სფეროში. ალვარადო ჩაანაცვლებს პაოლო რუფინის, რომელიც პაპმა ფრანცისკემ 2018 წელს რომის კურიის დიკასტერიის პირველ საერო პრეფექტად დანიშნა და რომელსაც მიმდინრე წლის ოქტომბერში 70 წელი უსრულდება.
განცხადებაში, რომელიც გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გავრცელდა, ალვარადომ აღნიშნა: „მიუხედავად იმისა, რომ ეს დანიშვნა მოულოდნელი იყო, მას ვიღებ წმინდა მამის სამსახურის გულწრფელი სურვილით, მისი პონტიფიკატის დასაწყისშივე. მადლობელი ვარ პაოლო რუფინის გასული წლების განმავლობაში გაწეული ხელმძღვანელობისთვის და მოუთმენლად ველი, რომ მეგობრობითა და იმედით გავაგრძელო დიკასტერიის გაძლიერების მნიშვნელოვანი საქმე, რათა იგი კვლავაც ემსახუროს ეკლესიას რომშიც და ყველგან, რათა მსოფლიოს აუწყოს ქრისტე“.
რუფინიმ წერილი გაუგზავნა კომუნიკაციის დიკასტერიის თანამშრომლებს, სადაც აცხადებს: „დიკასტერიას საკუთარ დნმ-ში აქვს ჩაბეჭდილი ვალდებულება, მუდმივად ფეხი აუწყოს კომუნიკაციის სწრაფად განვითარებად სამყაროს. ჩვენი, როგორც ინსტიტუტის, დაარსების დღიდან, ჩვენ გზამკვლევ ვარსკვლავად იყო და რჩება შემდეგი. არასდროს გავჩერდეთ, გადავცეთ ესტაფეტა სირბილის გაგრძელებით, ვიყოთ აქ და ახლა, ამ კონკრეტულ მომენტში, როგორც საზომი იმ კომუნიკაციისა, რომელიც არის ინსტრუმენტი დროთა განმავლობაში მზარდი ერთობისა. მე შევედი სარბიელის ბოლო მონაკვეთში იმ მომენტამდე, როდესაც ჩვენს ხანგრძლივ შრომით გზაზე 70 წლის მიღწევისას, რაც საპენსიო ასაკს წარმოადგენს, ესტაფეტას გადავცემ მონსერატ ალვარადოს, როგორც მომავალ პრეფექტს. ჩვენ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და მომავალ თვეებში მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ერთობის იმ სულისკვეთებით, რაც ეკლესიაში გვაერთიანებს“.
„მადლობელი ვარ დიკასტერიის დიდი ოჯახის იმ გზისთვის, რომელიც ერთად გავიარეთ ამ რვა წლის განმავლობაში. ახლა, უახლოეს თვეებში, ვიწყებთ პროცესს შეუფერხებელი გადასვლისთვის, რათა დავეხმაროთ დიკასტერიას, განაგრძოს ზრდა წმიდა მამის სამსახურში და შეასრულოს თავისი მისია ერთობისა და ღიაობის სულისკვეთებით“.
მაიკლ ვარსავამ, EWTN-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, აღნიშნა, რომ ალვარადომ მოიპოვა ყველა იმ ადამიანის ნდობა და პატივისცემა, ვისაც პატივი ჰქონდა მასთან ერთად ემუშავა ტელეკომპანიაში ყოფნის წლებში. ჩვენ მას ვუძღვნით ჩვენს ლოცვებს, ვამხნევებთ და EWTN-ის ოჯახის სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ, როდესაც იგი დაიწყებს ამ მნიშვნელოვან მისიას პაპი ლეონ XIV-ისა და მისი პონტიფიკატის სამსახურში“.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი





Comments