კონგოში კათოლიკურ ეკლესიაზე თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა
- catholic.ge

- Jul 28
- 1 min read
ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერი მეამბოხეები, აღმოსავლეთ კონგოში მდებარე კათოლიკურ ეკლესიას კვირას, 27 ივლისს, გამთენიას დაესხნენ თავს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლის ინფორმაციით, სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა.

დიოდონე დურანტაბო, სამოქალაქო საზოგადოების კოორდინატორი კომანდაში, რომელიც იტურის პროვინციაში მდებარეობს, Associated Press-თან ამბობს, რომ თავდამსხმელები ეკლესიაში ღამის პირველ საათზე შეიჭრნენ. მანამდე კი მათ რამდენიმე სახლსა და მაღაზიას ცეცხლი გაუჩინეს.
„დაღუპულთა ცხედრები მოხალისეებმა დამარხეს კათოლიკური ეკლესიის ეზოში“, — განაცხადა დურანტაბომ.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს დამწვარი შენობები, ეკლესიის იატაკზე კი – ცხედრები. ზოგიერთი მოქალაქეს იდენტიფიცირება მოხერხდა...
გარდა ამისა, მეორე თავდასხმა მოხდა კომანდასთან მდებარე მაჩონგანის სოფელში, სადაც სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა.
„რამდენიმე ადამიანი ტყეში წაიყვანეს; არ ვიცით, სად წაიყვანეს და რამდენი იყვნენ“ — განუცხადა Associated Press-ს ლოსა დექანამ, იტურის პროვინციის სამოქალაქო საზოგადოების ლიდერმა.
ორივე თავდასხმა, სავარაუდოდ, „დემოკრატიული მოკავშირე ძალების“ (ADF) შეიარაღებულმა წევრებმა განახორციელეს, რომლებსაც აქვთ ცეცხლსასროლი იარაღები და მაჩეტები.
მომხდარის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებს ეკლესიიდან დაახლოებით 12 კილომეტრში, თავშესაფრი აქვთ და უსაფრთხოების ძალების ადგილზე მისვლამდე უკვე გაიქცნენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ თავდასხმა მოხდა „ქალაქში, სადაც ყველა უსაფრთხოების უწყება წარმოდგენილია“.
აღმოსავლეთ კონგო ბოლო წლებში შეიარაღებული ჯგუფების, მათ შორის ADF-ისა და რუანდის მხარდაჭერილი მეამბოხეების, მრავალ სისხლიან თავდასხმას განიცდის. ADF, რომელსაც კავშირი აქვს ისლამურ სახელმწიფოსთან, მოქმედებს უგანდასა და კონგოს საზღვრისპირა რეგიონებში და ხშირად სამიზნედ მშვიდობიან მოსახლეობას ირჩევს.
ამ თვეში ჯგუფმა იტურის პროვინციაში რამდენიმე ათეული ადამიანი მოკლა. გაეროს წარმომადგენელმა ეს ინციდენტი „სისხლის აბანოდ“ შეაფასა.
ADF (დემოკრატიული მოკავშირე ძალები) ჩამოყალიბდა 1990-იანი წლების ბოლოს უგანდაში, სხვადასხვა მცირე ჯგუფების გაერთიანებით, პრეზიდენტ იოვერის მუვსენივით უკმაყოფილების ფონზე.
2002 წელს, მას შემდეგ, რაც უგანდის არმიამ სამხედრო ოპერაციები დაიწყო მათ წინააღმდეგ, ჯგუფმა თავისი საქმიანობა მეზობელ კონგოში გადაიტანა და ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობაზეა პასუხისმგებელი. 2019 წელს ADF-მა ერთგულება დაუდასტურა ისლამურ სახელმწიფოს.










Comments