top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კონდაკის ახალი გამოცემა იტალიურ ენაზე


კონდაკის (ლიტურგიული წიგნი, რომელშიც წარმოდგენილია წირვის წესი) იტალიურ გამოცემაში ცვლილებები შევიდა. განახლებული კონდაკი იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციამ გამოსცა, წმინდა საყდარმა დაამტკიცა და 2021 წლის 4 აპრილიდან მისი გამოყენება სავალდებულო იქნება.


მამა პაატა ქომოშვილი გვთავაზობს ლიტურგიული წიგნების ისტორიის მოკლე მიმოხილვასა და კონდაკის იტალიურ გამოცემაში შესული ცვლილებების ნაწილს, რომელიც უშუალოდ მრევლის პასუხებს შეეხება.



ლიტურგია, როგორც მეცნიერება, სულ რაღაც ორ საუკუნეს მოითვლის, მანამდე კი შეთავსებული იყო თეოლოგიისა თუ სხვა დისციპლინების მიერ. მაგრამ თავად ლიტურგიაშიც კი მრავალი დისციპლინაა, სახელდობრ: ლიტურგიული წიგნები, რაც ჩვენი საუბრის საგანია.


ლიტურგიული წიგნების ისტორია მრავალ ასეულ წელს მოიცავს. პირველი ლიტურგიული წიგნები სათავეს VI საუკუნიდან იღებს. თავიდან პატარა მოცულობის წიგნებად ანუ „ლიბელი“-ებად (libello - იტალიურად რვეულს, მცირე მოცულობის, მცირეგვერდიან წიგნს ნიშნავს) ყალიბდება, ხოლო შემდგომ უფრო სერიოზულ სახეს იღებს და გვევლინება - საკრამენტალებად (გელაზიანური, გრეგორიანული). სწორედ ერთ-ერთი ყველაზე ანტიკური და მნიშვნელოვანი წიგნია „ვერონეზე“ (Veronense (600-625 წწ.), რომელიც ლიბელების ნაკრებს წარმოადგენს. თითო ლიბელი კონკრეტული წირვის აღსავლენად იყო განკუთვნილი, ანუ ყოველ წირვას თავისი ლიბელი ჰქონდა. ეს წიგნი, რომელიც მთელი „რომაული ლიტურგიული წლისთვის“ იყო განკუთვნილი, მოიცავდა სხვადასხვა ტიპის სამღვდელო ლოცვებსა (აღმვლენელის ლოცვა) და ლოცვებს სხვადასხვა შემთხვევისათვის; დაწვრილებით რომ არ განვიხილოთ ყველა ეს ლიტურგიული წიგნი თუ ეპოქა, რაც თავისთავად ძალზედ საინტერესოა, მაგრამ ფართო თემაა, შეგვიძლია, უბრალოდ, რეტროსპექტული სახით, თვალი გადავავლოთ ლიტურგიული წიგნის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებსა და გამოცემებს.


პირველიდან V საუკუნემდე გვაქვს „იმპროვიზაციის“ პერიოდი, სადაც აღმვლენელი ზეპირად, მაგრამ მომზადებული უძღვება ლიტურგიას და წარმოთქვამს ლოცვებს. შემდგომი ეტაპი V-VI სს., როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არის ლიბელების პერიოდი (პატარა ლიტურგიული „რვეულები“ კონკრეტულად ერთი წირვისთვის). მას შემდეგ კი დგება საკრამენტალების ეპოქა, დაწყებული ვერონენსიდან - XIII საუკუნემდე (რაც ლიტურგიული წიგნების ოქროს ხანას წარმოადგენს). ამ გრძელი პერიოდისას არსებობს მრავალი ლიტურგიული წიგნი და, ასევე, სხვადასხვა ლიტურგიული წესები (rito): გალიაში, ესპანეთში, გერმანიასა და იტალიაში...


შემდეგი პერიოდი მოიცავს XIII-XVI სს. - SECUNDUM CONSUETUDINEM ROMANAE CURIAE - რაც ნიშნავს, რომ ლიტურგიული წიგნების გამოცემა-გავრცელებაზე უკვე უფლებამოსილება და ავტორიტეტი პაპებსა და რომის კურიას აქვს. მოკლედ რომ ვთქვათ, პაპობას ეძლევა ისეთი გავლენა ამ სფეროში მთელი ევროპის მაშტაბით, რაც მანამდე არ გააჩნდა. პირველი წიგნი იბეჭდება 1474 წელს (Messale Romano), შემდგომ კი, ტრიდენტის ეპოქაში - ტრიდენტული ლიტურგიული წიგნები. 1570 წ. იბეჭდება ახალი კონდაკი (პიუს V-ის კონდაკი-MR), შემდეგ უკვე წიგნებს გამოსცემს რომის კურია და მას ეწოდება Editio typica, რომელსაც ყველამ უნდა მიმართოს, როგორც ნორმატიულ პროტოტიპს.


XX საუკუნეში კი ადგილი აქვს ვატიკანის II კრების ლიტურგიულ რეფორმას, რაც მოიცავს ასევე წიგნებსაც. მათი გამოცემა წმიდა საყდრის მიერ ასე გამოიყურება: 1970 (Editio typica prima), 1975 (altera), 2002 (tertia).


აღსანიშნავია ისიც, რომ პიუს V-ის კონდაკი შეიცავდა ყველა საჭირო ლიტურგიულ ტექსტს: საკითხავებს, გალობებს და ა. შ. ხოლო შემდგომ დაიწყო კონდაკის გარკვეული ნაწილების ე.წ. „ბრევიარებად“ გამოცემა, რათა მღვდელს (აღმვლენელს) ხელთ ჰქონოდა ტექსტები/წესები. აქედან ნელ-ნელა ყალიბდება სხვა ლიტურგიული წიგნები, როგორიცაა: ლექციონარი, რიტუალი (სხვადასხვა საიდუმლოებების წიგნი), გრადუალი, პონტეფიკალი, ჟამთა ლიტურგიის წიგნი და ა.შ.


ხოლო რაც შეეხება კონკრეტულად იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციის მიერ გამოცემულ კონდაკს იტალიურ ენაზე (რაც დამტკიცებულია წმ. საყდრის მიერ), ის ამჟამად ძალაში შევიდა და 2021 წლის 4 აპრილიდან სავალდებულო იქნება მისი გამოყენება. აქვე აღვნიშნავ, რომ ცვლილებები ეხება მხოლოდ იტალიურ გამოცემას, რაც, შესაბამისად, მხოლოდ ამ ენაზე აღვლენილ წირვას ითვალისწინებს. ცვლილებები ეხება ეუკოლოგიას, მღვდლის მიერ წარმოსათქმელ ლოცვებსა და ხელოვნებას (კონდაკში წარმოდგენილ ხატებს). ასევე, შეთავაზებულია (სასურველია) წირვის გალობის ტრადიციის აღდგენა.


რომაული კონდაკის შესავალში, რომელსაც ადგენს იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენცია, მოცემულია ცვლილების მოტივები და დახასიათება (შდრ. MR, presentazione CEI). მოტივად სახელდება ლათინური მესამე გამოცემის კონდაკისადმი მეტი შესაბამისობა თარგმანში და, ასევე, ეუკოლოგიური მრავალფეროვნებით გამდიდრება (pres. CEI, 1). არსობრივად, წმ. წირვის წესი უცვლელი რჩება. ანუ როცა ვსაუბრობთ კონდაკის ცვლილებაზე, ეს გახლავთ პაპ პავლე VI-ის იგივე კონდაკი, ცვლილება კი ეხება ახალ გამოცემასა და თარგმანს. ცვლილებები მოიცავს ზოგიერთი ფრაზისა თუ სიტყვის ჩანაცვლებას, რაც ასახავს ვატიკანის ლიტურგიული რეფორმის ხორცშესხმას. წიგნი, ასევე, ითვალისწინებს თანამედროვე ენას, კულტურას, ხელოვნებას და ა.შ., რათა მორწმუნეთათვის მეტად გასაგები იყოს და ეს გაუძღვეს მათ აღვლენის ‘აქტიურ მონაწილეობასა’ და ჩართულობაში (SC 14).


ამ წიგნით წარმოდგენილია, ასევე, რიტუალური ფორმის ერთობა და თანაზიარება, რასაც უნდა მიბაძოს ლიტურგიული აღვლენის ყოველმა ფორმამ, იმისათვის რომ ცალკე აღებულმა თითოეულმა ევქარისტიულმა კრებულმა გამოხატოს მლოცველი ეკლესიის ერთობა (შდრ. pres. CEI, 7).


ახლა კი გთავაზობთ წირვის წესის ზოგიერთი ცვლილების მოკლე მიმოხილვას:

პირველ რიგში, განვიხილოთ ის ცვლილებები, რომელიც მორწმუნის წარმოსათქმელია. პირველი ცვლილება ანუ სიახლე ეხება წირვის შესავალ ნაწილს - მონანიების აქტის I ფორმას, სადაც ,,ძმანო“-ს (Confesso a Dio... fratelli e sorelle...) დაემატა ,,დანო“-ც. მონანიების აქტის III ფორმაშიც აღმვლენელის შეძახილზე (Signore, mandato dal Padre a salvare i contriti di cuore, Kýrie, eléison) გვხვდება უალტერნატივო ფორმა - ,,კირიე ელეისონ“ (ანუ ადგილი არ აქვს - Signore, pietà-ს, რადგანაც ბერძნული შეძახილი არ განისაზღვრება მხოლოდ მოტევების თხოვნით, არამედ ასევე შეძახილით და შეიძლება ითქვას, ეს ფორმა, სრულყოფილად გადმოცემის მიზნით, უთარგმნელია (მაგ. ისე, როგორც ,,ალელუია“).


შემდეგი მცირე ცვლილება ეხება - ,,დიდება“-ს (Gloria) – (Gloria... amati dal Signore), მანამდე კი იყო agli uomini di buona volontà - ეს ფორმა აღებულია ბიბლიის იტალიურ ენაზე ახალი თარგმანიდან (CEI 2008), რომელიც არ ემთხვევა ლუკა 2,14-ის ძველ ვერსიას.

მორიგი ცვლილება ,,მამაო ჩვენო“-ს ეხება: (...come anche noi li rimettiamo ai nostri debitori, e non abbandonarci alla tentazione...) - აქ (მათე 6,12-13) anche noi-ის ქართული შესატყვისია ჩვენც (ც თანდებულის დამატებით), ,,ნუ შეგვიყვან“-ის ნაცვლად კი გვხვდება ,,ნუ მიგვატოვებ“ non abbandonarci. ესეც აღებულია ბიბლიის ახალი თარგმანიდან (CEI 2008).

ცვლილება ეხება, ასევე, აღმვლენელს, რომელიც მოუხმობს მორწმუნეთ მშვიდობის ნიშნის გადაცემისაკენ: (Scambiatevi il dono della pace) აქ კი ჩანაცვლებულია სიტყვა segno ანუ ქართულად მშვიდობის ნიშნის მაგივრად გამოიყენება მშვიდობის ძღვენი (საჩუქარი).

და ბოლო ცვლილება კი ,,კრავო ღვთისაო“-ში გვხვდება: (Ecco l’Agnello di Dio, ecco colui che toglie i peccati del mondo. Beati gli invitati alla cena dell’Agnello), ხოლო ძველი ასე გამოიყურებოდა - (Beati gli invitati alla cena del Signore. Ecco l’Agnello di Dio, che toglie i peccati del mondo). როგორც ვხედავთ, ცვლილება გადაადგილებასა და ერთ სიტყვაში მდგომარეობს, უფლის მაგივრად უკვე გამოიყენება კრავი.


/მამა პაატა ქომოშვილი/

bottom of page