top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ლეონ XIV-მ კონსისტორიუმი შეაჯამა და დახურა

  • 3 minutes ago
  • 4 min read

პაპმა ლეონმა ვატიკანში კარდინალთა კრების მუშაობა შეაჯამა. წმინდა მამამ აღნიშნა, რომ მოსმენილი გამოცდილებებით დაიმედებულია: „ხედვა, რომელიც თვალს არ ხუჭავს სამყაროს იარებზე“.



მან კვლავ წინ წამოსწია დარბაზში გაჟღერებული თემები: ძალადობა, სიღარიბე, მრავალმხრივობა, ახალგაზრდები, ოჯახი, საერთო სიკეთე და ომი, რომელიც არ არის მხოლოდ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტი, არამედ სათავეს იღებს ძალაუფლების კულტურიდან, რომელიც იყენებს ეკონომიკას, ტექნოლოგიებსა და რელიგიას. პაპმა განაცხადა, რომ მომდევნო კონსისტორიუმი მომავალ წელს გაიმართება.


ამავე კონსისტორიუმზე ისაუბრეს ვენესუელას შესახებაც, რომელიც ძლიერმა მიწისძვრამ დააზიანა.


კარდინალების კრება დასრულდა მშვიდობის წინასწარმეტყველური მოწოდებით: „ძალადობა არ იქნება საბოლოო სიტყვა“.


ასე დახურა სინოდის დარბაზში პაპმა ლეონ XIV-მ მის მიერვე 26 და 27 ივნისს მოწვეული რიგგარეშე კონსისტორიუმი. კრებაში მონაწილეობდა 178 კარდინალი მთელი მსოფლიოდან, რომლებიც ოთხი სესიის განმავლობაში მსჯელობდნენ, ლოცულობდნენ, ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებდნენ და კამათობდნენ. ბოლო სესია, პაპთან თავისუფალი დიალოგის ფორმატში წარიმართა.


აზრთა გაცვლის შემდეგ, რომელიც დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა, ლეონ XIV სიტყვით გამოვიდა და შეაჯამა ვატიკანში გატარებული ორი დღე: „ეს არის იმ გზის მეორე ეტაპი, რომელიც მომავალ წელსაც გაგრძელდება: თარიღი ჯერ არ დამიდგენია, წლის ბოლოსკენ ვგეგმავ მის განსაზღვრას. ეს კონსისტორიუმი ძვირფასი მომენტი იყო, თუმცა ის არ უნდა დარჩეს იზოლირებულ შეხვედრად“, – განაცხადა პაპმა.


ეკლესიის ამ მნიშვნელოვანი მომენტით სარგებლობისას, რომლის უნივერსალურობასაც თავად მონაწილეები წარმოადგენენ, პაპი ყველას სთხოვს გაერთიანდნენ საერთო ლოცვაში ვენესუელასთვის, რომელიც მუხლებზე დააჩოქა მიწისძვრამ. ამ დროისთვის, სტიქიამ 920-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და დაახლოებით 50 ათასი დაკარგულად ითვლება.


“ჩვენს ლოცვას აღვავლენთ მსხვერპლების, მათი ოჯახებისა და ყველასთვის, ვინც ამ ტრაგედიის შედეგებს განიცდის. უფალმა გააძლიეროს ისინი, ვინც ჩართულია სამაშველო სამუშაოებში და ვთხოვთ, რომ არ შეწყდეს საერთაშორისო თანამეგობრობის სოლიდარობა ამ ძვირფასი ერის მიმართ.



ღმერთს მშვიდობა სურს

პაპმა სათითაოდ მიმოიხილა ოთხი სესიის განმავლობაში წამოჭრილ თემები: კვლავ დაუბრუნდა გამოთქმულ მოსაზრებებს, მიიღო წარდგენილი წინადადებები, გამოთქვა რწმენა, რომ გარკვეულ საკითხებზე მსჯელობა მომავალშიც გაგრძელდება და ახალი ძალით გააჟღერა „ერთსულოვანი მოწოდება, რომელიც ამ კონსისტორიუმიდან აღმოცენდა“, რათა ის გავრცელდეს ეპისკოპოსებზე, ეკლესიებსა და დედამიწის ყველა ხალხზე:


„ღმერთს მშვიდობა სურს ყოველი ერისა და ყოველი ხალხისთვის. ამიტომ, ჩვენ არ უნდა შევეგუოთ ძალადობას. ძალადობა არ იქნება საბოლოო სიტყვა. ღმერთი კვლავაც ხსნის შერიგებისა და მშვიდობის გზებს. ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა, რომ ამ გზებს მამაცურად გავყვეთ და დავეხმაროთ სამყაროს მათ დანახვაში“, – აღნიშნა პაპმა.


მზერა სამყაროზე

რომის ეპისკოპოსი აღნიშნავს, რომ მისთვის „ნუგეშისა და იმედის საფუძველი“ იყო იმის დანახვა, თუ როგორ შეძლეს ასეთი განსხვავებული ეკლესიებიდან, კულტურებიდან და გარემოებებიდან წამოსულმა კარდინალებმა ერთმანეთის მოსმენა და ერთობლივი გზების ძიება. კერძოდ, იგი ამბობს, რომ თან მიაქვს ის მზერა, რომლითაც კარდინალებმა შეხედეს სამყაროს, როდესაც ჰყვებოდნენ იმ ტანჯვაზე, რომელიც გამოწვეულია ომებით, ძალადობით, სიღარიბითა და იმ მრავალი უსამართლობით, რაც ხალხთა ცხოვრებას აჩნევს კვალს.


“ამ დრამების მიღმა, თქვენ ამოიცანით კიდევ უფრო ღრმა ტანჯვა, მარტოობა, ურთიერთობების კრიზისი, იმედის დაკარგვა და ერთმანეთის და-ძმებად აღქმის სირთულე. ეს არის მზერა, რომელიც თვალს არ არიდებს სამყაროს იარებს, არამედ ეძიებს მათ ფესვებს და ამ იარებში, ხშირად მათში დაფარულს ხედავს აზრის, ავთენტურობის, სულიერებისა და ერთობის განახლებულ მოთხოვნილებას. დღეს ბევრი ეძებს იმედსა და ჭეშმარიტ ურთიერთობებს.


კაცობრიობის ოჯახის სიკეთე

პაპმა კმაყოფილება გამოხატა, რომ მკაფიოდ იქნა აღქმული ენციკლიკა „Magnifica humanitas“-ის ერთ-ერთი მთავარი იდეა. კერძოდ ის, რომ ომი „არ არის მხოლოდ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტი“, არამედ იგი გაცილებით ადრე იბადება ძალაუფლების კულტურიდან, რომელიც მსჭვალავს ჩვენს აზროვნებას, ურთიერთობებს, ძალაუფლების გამოვლენას, ეკონომიკის, ტექნოლოგიებისა და თვით რელიგიის გამოყენებასაც კი. პასუხი კი არის თანამშრომლობისა და დიალოგის კულტურის აღდგენა, რომელსაც ძალუძს ახალი ძალა შესძინოს მრავალმხრივობას“.


“ერებმა ხელახლა უნდა ისწავლონ მთელი კაცობრიობის ოჯახის საერთო სიკეთის ერთობლივი ძიება”.



არა ძალადობას, რომელიც ამსხვრევს სიძულვილსა და შურისძიებას

წმიდა მამის აზრით, ამ გზაზე „არსებითია“ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული საერო პირების წვლილი, რომელთაც მხარს უჭერს საეკლესიო საზოგადოება პოლიტიკური ქველმოქმედებით ცხოვრებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ეკუმენური და რელიგიათაშორისი დიალოგი, რომელიც კი არ ასუსტებს ჩვენს ქრისტიანულ იდენტობას, არამედ გვაძლევს უნარს, ერთად ვემსახუროთ საერთო სიკეთესა და მშვიდობას. ლეონ XIV-სთვის განსაკუთრებით ძვირფასია არაძალადობრივი პასუხის თემა ძალადობის მრავალგვარი ფორმის წინაშე. ძალადობის უარყოფა „არ მდგომარეობს კონფლიქტზე უარის თქმაში ან პასიურ პოზიციაში, არამედ იმაში, რომ აირჩიო კონფლიქტთან პირისპირ დადგომა მისივე ლოგიკის გამეორების გარეშე“.


„მშვიდობა არ ამბობს უარს სიმართლეზე და არ დუმს ბოროტებაზე, თუმცა უარს აცხადებს სიმართლის ძალადობით დაცვასა და მეორე ადამიანის მტრად გადაქცევაზე. ის იწყება საკუთარი თავის განიარაღებით. ამგვარად, ის ააშკარავებს აღდგომის ლოგიკას, რომელშიც სიყვარული სიძულვილზე ძლიერი აღმოჩნდება, ხოლო პატიება ამსხვრევს შურისძიების სპირალს. ეს არის ჯვარცმული და აღმდგარი ქრისტეს ძალა. ძალა, რომელიც კი არ ანადგურებს მტერს, არამედ შესაძლებელს ხდის მასში ძმის ხელახლა პოვნას“.


ამ პერსპექტივიდან გამომდინარე, პაპი მხარს უჭერს სხვადასხვა ჯგუფის მიერ წამოყენებულ მოთხოვნას, რათა გაგრძელდეს თავდაცვის ლეგიტიმურობის თემის სიღრმისეული შესწავლა, თანამედროვე კონფლიქტების ბუნებაში მომხდარი ღრმა ტრანსფორმაციების გათვალისწინებით – „ეს მსჯელობა იმსახურებს შემდგომ განვითარებას აუცილებელი თეოლოგიური და სამწყსო სიმკაცრით“, - აღნიშნავს ლეონ XIV.



სინოდის აღსრულება - არა შეხვედრების ერთობლიობა, არამედ სულიერი სტილი

ბოლოს, პაპმა კიდევ ერთხელ მიანდო კარდინალებს სინოდის განხორციელების გზა და სთხოვა მათ დარწმუნებით გაჰყნენ ამ გზას იმ ეკლესიებში, რომლებსაც ემსახურებიან, ხელი შეუწყონ მის ავთენტურ გაგებას და წაახალისონ ყველა მასში მონაწილეობის მისაღებად, იმის გაცნობიერებით, რომ სინოდალობა არ არის შეხვედრების ერთობლიობა ან მუშაობის მეთოდი. „ეს არის სულიერი სტილი. ის იბადება შეხვედრიდან, იზრდება მოსმენაში და მწიფდება გარჩევის პროცესში“.


“ჭეშმარიტი კითხვა ის კი არ არის, თუ რამდენ საუბარს შევძლებთ, არამედ ის, თუ რაოდენ სახარებისეული იქნება ჩვენს შეხვედრები”.


ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია მოწმობა, სიახლოვე, ცნობიერების ჩამოყალიბება, ძმური და სანდო თემების შენება. ეს მოწმობა იბადება ქრისტესთან შეხვედრიდან, მისი სიტყვიდან და საიდუმლოებებიდან. სწორედ ამ საძირკველზე შეუძლია ნაყოფი გამოიღოს სტრუქტურების, ინსტიტუტებისა და პროცესების აუცილებელმა რეფორმებმა.


კონსისტორიუმი - ერთობის გამოცდილება მისიის სამსახურში

ბოლო შენიშვნა ლეონ XIV-ის მხრიდან ეხება სწორედ თავად კონსისტორიუმს, რომლის ყველაზე ავთენტურ მნიშვნელობასაც მონაწილეები თანდათან ხელახლა აღმოაჩენენ: „ეს არ არის პარლამენტი, არც კონგრესი, სადაც აზრები ან ინტერესები ჭარბობს, არამედ ეს არის ერთობის გამოცდილება მისიის სამსახურში. ის, რაც ამ დღეებში ვისწავლეთ, არ ეხება მხოლოდ კარდინალთა კოლეგიას. ეს არის სტილი, რომლის პოპულარიზაციაც ჩვენ მთელ ეკლესიაში გვევალება, რათა ყოველმა მონათლულმა, საკუთარი მოწოდებისა და პასუხისმგებლობის შესაბამისად, მონაწილეობა მიიღოს სიყვარულის ცივილიზაციის შენებასა და საერთო სიკეთის მსახურებაში“, – განაცხადა პაპმა.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი


Comments


bottom of page