top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მარკო გალო - მილანელი ახალგაზრდა, მომავალი ნეტარი

  • 1 day ago
  • 2 min read

გარდაცვალებიდან თითქმის თხუთმეტი წლის შემდეგ, ეკლესიამ ოფიციალურად გახსნა მარკო გალოს ბეატიფიკაციის პროცესის ეპარქიული ფაზა.



17 წლის მოზარდი ღრმა რწმენითა და სიწმინდით გამოირჩეოდა. მისი ისტორია, აღსავსეა უპოვართა მსახურებით, ინტენსიური ლოცვებითა და სახარებისეული ფრაზით, რომელიც მან გარდაცვალების წინა საღამოს დაწერა. მარკო გალოს ამბავი  განსაკუთრებით დიდ გამოხმაურებას აქვს ახალგაზრდებში.


7 მარტს, მილანის საეპისკოპოსო სამლოცველოში, არქიეპისკოპოსმა მარიო დელპინიმ ოფიციალურად გახსნა ცხოვრებისეული სათნოებებისა და გზის შესწავლის ეპარქიული პროცესი.

17 წლის ახალგაზრდა, 2011 წელს სოვიკოში (მონცასა და ბრიანცას პროვინცია) ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ ბიჭის მშობლები, დები და მრავალი მეგობარი, ასევე უამრავი მორწმუნე, რომლებიც ამ წლების განმავლობაში მის გამოცდილებაში იმედის ნიშანს ხედავდნენ.


„მიზეზი, რის გამოც მარკომ ასეთი დიდი სიმპათია და ყურადღება დაიმსახურა, ის არის, რომ იგი ახალგაზრდა გარდაიცვალა“, -  განმარტა არქიეპისკოპოსმა დელპინიმ და  მორწმუნეებს შეახსენა, რომ უფალს შეუძლია სიცოცხლე სიკვდილისგანაც წარმოშვას.


 „სამაგალითო ახალგაზრდის სიკვდილი გვთავაზობს გზას, რომელიც ყველა ახალგაზრდას ეუბნება, რომ სიწმინდის ეს გზა ყველასთვის ხელმისაწვდომია“. — დასძინა მან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქმე მხოლოდ აღმაფრთოვანებელი პიროვნების ხსოვნას კი არ ეხება, არამედ ქრისტიანული ცხოვრების იმ გზას, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია.


ვინ იყო მარკო გალო?

მარკო გალო დაიბადა 1994 წლის 7 მარტს კიავარიში, ლიგურიის რეგიონში. ლეკოში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ, 1999 წელს მისი ოჯახი ლომბარდიაში საცხოვრებლად გადავიდა, სადაც მარკომ განაგრძო რწმენასა და მსახურებაში ზრდა. მოძრაობა „Comunione e Liberazione“-სთან დაკავშირებული ახალგაზრდა ცნობილი იყო ლოცვისადმი განსაკუთრებული ერთგულებითა და შშმ პირებისა და ხანდაზმულთა დახმარებით. ის ხშირად რთავდა საქველმოქმედო ინიციატივებში თავის თანაკლასელებს Don Gnocchi - ის სახელობის ლიცეუმიდან.


2011 წლის 5 ნოემბერს, სკოლისკენ მიმავალ მარკოს სოვიკოში ავტომანქანა დაეჯახა, იგი სულ რაღაც 17 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილის წინა საღამოს მან თავისი ოთახის კედელზე, ჯვარცმის გვერდით, ლუკას სახარების ნაწყვეტი დაწერა: „რას ეძებთ ცოცხალს მკვდართა შორის?“ ეს ფრაზა მრავალი ადამიანისთვის მისი რწმენისა და აღდგომის იმედის სიმბოლოდ იქცა.


სიკვდილის შემდგომ წლებში მარკოს გარშემო არსებულმა რეპუტაციამ უბიძგა კიავარის ეპისკოპოსს, მონსინიორ ჯამპიო ლუიჯი დევაზინის, გამხდარიყო ბეატიფიკაციისა და კანონიზაციის პროცესის ინიციატორი მილანის არქიეპარქიასთან მჭიდრო თანამშრომლობით. 2024 წლის 10 ივნისს არქიეპისკოპოსმა დელპინიმ მიიღო პოსტულატორ მამა ანდრეა მანდონიკოს მიერ წარდგენილი თხოვნის წერილი, რითაც გზა გაეხსნა პროცესის ოფიციალურ დაწყებას.


2012 წლიდან, ყოველი წლის 1-ელ ნოემბერს, ათასობით ადამიანი მონაწილეობს მიმლოცველობაში კიავარის ეპარქიაში მდებარე მონტალეგროს ღვთისმშობლის (Nostra Signora di Montallegro) სამლოცველოში, რათა პატივი მიაგონ მარკოს ხსოვნას და ღვთისმშობელს მიანდონ თავიანთი ცხოვრება.


ახალგაზრდები, ოჯახები და იტალიის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ჯგუფები, ხშირად მღვდლებისა და საეკლესიო გაერთიანებების ხელმძღვანელების თანხლებით, მიდიან სამლოცველოში. ისინი მოწმობენ, რომ მარკოსთან შეხება დაეხმარათ რწმენის ხელახლა აღმოჩენაში ან მის უფრო ღრმად და რადიკალურად გააზრებაში.


მარკოს პიროვნებას ხშირად ადარებენ სხვა ახალგაზრდებს, რომლებიც კანონიზაციის გზაზე დგანან, მაგალითად, ნეტარ კარლო აკუტისს. ეს შედარება განსაკუთრებით ხდება მათი იმ უნარის გამო, რომლითაც ისინი ახალ თაობებს აჩვენებენ, რომ სიწმინდე შესაძლებელია ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებაში.

მილანში ეპარქიალური ფაზის გახსნით, ეკლესია იღებს პასუხისმგებლობას, რომ მოწმეთა ჩვენებებისა და დოკუმენტების შეგროვების გზით შეამოწმოს მარკოს ცხოვრების სახარებისეული სიმტკიცე და მისი სიწმინდის საეკლესიო მნიშვნელობა. ამ პროცესის შესაძლო წარმატებით დასრულებამ მომავალში შეიძლება გზა გაუხსნას მისი შუამდგომლობით მომხდარი სასწაულის აღიარებას, რაც, დადასტურების შემთხვევაში, საფუძველი გახდება მისი ნეტარად შერაცხვისთვის.


სანამ კანონიკური პროცესი გრძელდება, მარკო გალოს ხსოვნა მრავალი ადამიანისთვის რჩება კონკრეტულ დასტურად იმისა, რომ სიწმინდე შესაძლებელია ყოველდღიურ ცხოვრებაში: სკოლაში სპორტში, მეგობრობაში, ყველაზე სუსტთა მსახურებასა და უფლისადმი სრულ ნდობაში, თვით ყველაზე მძიმე განსაცდელების დროსაც.



 შოთა გიქოშვილი

 

 

 

 

 

 

Comments


bottom of page