top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

11 დღე, 11 ქალაქი - აფრიკაში პაპის სამოციქულო ვიზიტი დასრულდა

  • 18 hours ago
  • 2 min read

23 აპრილს, წმინდა მამამ დაასრულა ხანგრძლივი სამოციქულო მოგზაურობა, რომლის ფარგლებშიც ეწვია ალჟირს, კამერუნს, ანგოლასა და ეკვატორულ გვინეას.



თერთმეტი დღის განმავლობაში პაპმა ნახა თერთმეტი ქალაქი, ჰქონდა დაახლოებით ოცი ფრენა თვითმფრინავითა თუ ვერტმფრენით, დიდსა და პატარა დასახლებებში, სადაც სიღარიბე და ძალადობა სუფევს. ყველა ღონისძიებაზე პაპი ხვდებოდა მრავალფეროვან ადამიანებს, რომელიც მის მიმართ დიდ სიყვარულსა და მადლიერებას გამოხატავდნენ.


„წვიმა ღვთის კურთხევაა“, - თქვა პაპმა, როდესაც ბატას ციხეში თავსხმა წვიმა წამოვიდა. მართლაც, ღმერთმა ბოლომდე აკურთხა ლეონ XIV-ის აფრიკული სამოციქულო მოგზაურობა, რომელიც 23 აპრილს დასრულდა. თერთმეტი დღის განმავლობაში, პაპმა მოინახულა ალჟირი, კამერუნი, ანგოლა და ეკვატორული გვინეა.


მალაბოში, სტადიონზე გამართულ წმიდა წირვას 30 ათასი მორწმუნე დაესწრო, რომლებიც იქ თავსხმა წვიმის მიუხედავად, გამთენიისას შეიკრიბნენ.


პაპის ვიზიტი ისტორიაში უკვე შევიდა, როგორც რობერტ ფრანცისკ პრევოსტის პონტიფიკატის პირველი წლის ყველაზე ხანგრძლივი და ინტენსიური მოგზაურობა.



თერთმეტი დღე თერთმეტი ქალაქი

პაპის ბოლო ჟესტი, ItaAirways Airbus-ის ტრაპიდან, იყო შეკრული ხელებით კურთხევა და გაშლილი ხელებით დამშვიდობება. ისეთივე გაშლილი მკლავებით, როგორითაც ამ კონტინენტმა მიიღო და დაელოდა პაპს „მშვიდობის, იმედისა და შერიგების მომლოცველს“. ის იმყოფებოდა დიდ მეტროპოლიებსა და პატარა დასახლებებში, რომლებიც გაჟღენთილია ნავთობით, გაძარცულია რესურსებისგან, დაკონკილია სიღარიბითა თუ შიდა ომებით, თუმცა მაინც სავსეა იმ სიცოცხლის ხალისით, რომლის ასე მშვენივრად გამოხატვა მხოლოდ ამ ხალხებს შეუძლიათ.


სიმღერები, ცეკვები, შეძახილები, დროშები, ტრანსპარანტები, ქუდები და ქოლგები - ეს ყველაფერი მრავლად იყო ამ თერთმეტი დღის განმავლობაში, ოთხ ქვეყანასა და თერთმეტ ქალაქში, სადაც პაპმა თვრამეტი ფრენით 18 000 კილომეტრზე მეტი დაფარა. მოგზაურობის კადრები სამუდამოდ დარჩება მეხსიერებაში და სმარტფონების გალერეებში, ისევე როგორც წმინდა მამის სიტყვები და მოწოდებები.



დიდი მოზაიკის ბოლო ნაწილი

ბოლოს, პაპმა მალაბოს სტადიონზე აკურთხა შეკრებილები. ხოლო წმინდა წირვის აღვლენა იქცა იმ დიდი მოზაიკის კიდევ ერთ ფრაგმენტად, რომელიც ამ სამოციქულო მოგზაურობის განმავლობაში იკვრებოდა. სპორტული მოედნის ცენტრში შეკრებილ მორწმუნეთა ამ უკანასკნელ ნაკადს ტალახში მდგარი შიშველი ფეხებითა და შუბლზე ოფლის წვეთებით ლეონ XIV აშკარა მღელვარებით შესცქეროდა. ეს ემოცია იგრძნობოდა, როგორც პაპამობილით გადაადგილებისას, ისე საზეიმოდ მოწყობილ პოდიუმზე ასვლისას. თეთრი კარავი, წითელი ხალიჩა, ყვითელი ყვავილები, ხოლო მის ზურგსუკან ხის პანელი ბაობაბებისა და გვინეის სხვა ტიპური მცენარეების რელიეფური გამოსახულებებით. იქვე აღმართული იყო ჯვარცმა, რომლის გვერდებზეც სხვადასხვა ენაზე ეწერა: „ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი. ნეტარ არიან მშვიდობის ხელოვანნი. ნეტარ არიან ისინი, ვინც მშვიდობისთვის იღწვიან“.


ამ ყველაფერს სცენაზე აღმართული ადგილობრივი ნაკვთების მქონე ბიზილას წმიდა მარიამის ქანდაკება დაჰყურებდა. ეს არის ქალწული, რომლის კულტიც იმ საუკუნეებს უკავშირდება, როდესაც აფრიკის ტერიტორიაზე ქრისტიანი მისიონერები ჯერ კიდევ არ იყვნენ; მან მთელი ხალხი იხსნა შავი ჭირის ეპიდემიისგან, რომელიც განსაკუთრებით ბავშვებს აავადებდა სასიკვდილოდ. თავდაპირველად, მას ადგილობრივი ტრადიციის მითოლოგიურ ფიგურად აღიქვამდნენ და თაყვანს სცემდნენ. მოგვიანებით კი, კათოლიკე ეკლესიამ აღიარა და კუნძულ ბიოკოს (სადაც მალაბო მდებარეობს) მფარველად გამოაცხადა. სწორედ მას მიაგო პატივი პაპმა მდუმარე ლოცვით ლიტურგიის დასასრულს.



ლიტურგია გამორჩეული იყო თავისი მრავალფეროვნებით:


საკითხავები შესრულდა ესპანურ ენაზე;


საგალობლები — ბუბის ენაზე;


მორწმუნეთა ლოცვები სხვადასხვა დიალექტზე, მათ შორის ანობონურზე, ფრანგულზე, ინგლისურსა და პორტუგალიურზე.


გამორჩეული იყო მგალობელთა გუნდი, რომელიც ძირითადად თეთრსა და ყვითელ მოსასხამებში გამოწყობილი ქალებისგან შედგებოდა, მოხატული, ტატუირებული სხეულებითა და რაფიის ქვედაბოლოებით.



„ნახვამდის ლეონ!“

სცენიდან და ტრიბუნებიდან დაწყებული, ტალახიანი მოედნის ცენტრამდე დამთავრებული, ყველა ერთ დიდ, საერთო ოვაციაში გაერთიანდა წმინდა წირვის დასასრულს, როდესაც პაპმა მრევლი აკურთხა. წარმოთქმული ფრაზები ხშირად გაუგებარი იყო, მაგრამ მათი შინაარსი ერთადერთ სათქმელამდე დადიოდა: „ჩაო, ლეონ, აფრიკას უყვარხარ“ (t’aime, loves you, te gusta, te quiere).


ჯერჯერობით ეს იყო „დამშვიდობება“, თუმცა პაპისთვის, რომელმაც ჯერ კიდევ გამგზავრებისას, თვითმფრინავში აღნიშნა, რომ არჩევისთანავე ჰქონდა სურვილი, მისი პირველი საერთაშორისო ვიზიტი სწორედ აფრიკაში შემდგარიყო, ეს ალბათ უფრო „კვლავ შეხვედრამდეა“.


შოთა გიქოშვილი



Comments


bottom of page