ლიბანში ისრაელის ძალების ჯარისკაცმა ჯვარცმა დაამსხვრია
- 18 hours ago
- 2 min read
ბოლო დღეებში, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ისრაელის ჯარების ერთ-ერთმა ჯარისკაცმა, სამხრეთ ლიბანში, ქრისტიანულ სოფელში ჯვარცმაზე არსებული ქრისტეს ქანდაკება უროთი გაანადგურა. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ურტყამს იგი ქანდაკებას უროს თავის არეში და მას შეგნებულად აზიანებს.

მომხდარს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 20 აპრილს, ებრაულმა მხარემ ვიდეოს ნამდვილობა აღიარა და გამოძიება დაიწყო. ჯარისკაცი დააკავეს და წინასწარ პატიმრობა მიესაჯა. ფაქტს კი, არაერთი პოლიტიკოსი, სასულიერო და საერო პირი გამოეხმაურა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა და ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჯარისკაცის მიერ სამხრეთ ლიბანის ქრისტიანებით დასახლებულ სოფელში იესოს ქანდაკების დამსხვრევის ფაქტი დაგმეს:
"გავოგნდი და ძალიან დავმწუხრდი, როდესაც შევიტყვე, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცმა, სამხრეთ ლიბანში, კათოლიკური რელიგიური სიმბოლო დააზიანა. უმკაცრესად ვგმობ ამ ქმედებას. სამხედრო ხელისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით სისხლის სამართლის გამოძიებას აწარმოებს და დამნაშავის მიმართ შესაბამის მკაცრ დისციპლინურ ზომებს მიიღებს. გამოვთქვამთ მწუხარებას ამ ინციდენტის და იმ ტკივილის გამო, რაც მან ლიბანსა და მთელს მსოფლიოში მორწმუნეებს მიაყენა“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა ნეთანიაჰუმ.
განცხადება გაავრცელა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმაც, რომელმაც ჯარისკაცის ქმედებას სამარცხვინო უწოდა.
"ბოდიშს ვიხდით ამ ინციდენტისთვის და ბოდიშს ვუხდით ყველა ქრისტიანს, ვისი გრძნობებიც შეურაცხყვეს“, - განაცხადა საარმა.
იერუსალიმის ლათინური წესის პატრიარქმა, კარდინალმა პირებატისტა პიცაბალამ კი განაცხადა:
„ეს ქმედება წარმოადგენს ქრისტიანული რწმენის მძიმე შეურაცხყოფას და ემატება აქამდე დაფიქსირებულ სხვა შემთხვევებს, რომლებიც სამხრეთ ლიბანში ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ჯარისკაცების მიერ ქრისტიანული სიმბოლოების შეურაცხყოფას ეხება. გარდა ამისა, იგი ასევე ავლენს შემაშფოთებელ ხარვეზს მორალურ და ჰუმანურ აღზრდაში, რის გამოც სერიოზულად შეილახა თუნდაც ყველაზე ელემენტარული მოკრძალება სიწმინდეებისა და სხვათა ღირსების მიმართ. შესაბამისად, ეპისკოპოსთა ასამბლეა მოითხოვს დაუყოვნებელ და გადამწყვეტ დისციპლინურ ზომებს, პასუხისმგებლობის დაკისრების სარწმუნო პროცესს და მკაფიო გარანტიებს იმისა, რომ მსგავსი ქცევა არ იქნება არც დაშვებული და არც განმეორებული“, - ნათქვამია პატრიარქის ტექსტში.
21 აპრილს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ იესოს დაზიანებული ქანდაკება აღადგინეს:
„ცოტა ხნის წინ, სამხრეთ ლიბანში, დებელის დასახლების ადგილობრივ თემთან კოორდინაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დაზიანებული ქანდაკება აღადგინეს. ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, ჩრდილოეთის სარდლობა მუშაობდა ქანდაკების აღდგენაზე.
ისრაელის თავდაცვის ძალები ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ინციდენტის გამო და მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მსგავსი ფაქტი მომავალში აღარ განმეორდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
მათივე თქმით, მაშინ, როცა ისრაელელი ჯარისკაცი იესოს ქანდაკებას აზიანებდა, ადგილზე იყო კიდევ სხვა 6 სამხედრო, რომლემაც ამ ფაქტს ხელი არ შეუშალეს და ამის ნაცვალად, ფოფოები გადაიღეს:
„შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ჯარისკაცი, რომელმაც დააზიანა ქრისტიანული სიმბოლო და ის ჯარისკაცი, რომელმაც ეს ქმედება გადაიღო, მოიხსნებიან საბრძოლო მოვალეობიდან და დაეკისრებათ 30 დღიანი პატიმრობა. დანარჩენი სამხედროები, რომლებიც უმოქმედოდ იდგნენ, დაბარებულები არიან განმარტებით გასაუბრებაზე, რომლებიც მოგვიანებით გაიმართება“, – წერია განცახდებაში.
შოთა გიქოშვილი




Comments