top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘მებადურის ბეჭედი’  — პეტრესეული მსახურების სიმბოლო

18 მაისს, პაპის აღსაყდრების საზეიმო ლიტურგიაზე, პაპ ლეონ XIV–ს  ოფიციალურად გადაეცა „მებადურის ბეჭედი“. იგი პეტრესეული მსახურების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უძველესი სიმბოლოა.


"მებადურის ბეჭედი“, რომელიც საფუძველს ახალი აღთქმიდან იღებს, გამოსახავს წმიდა პეტრეს, რომელიც ნავიდან ბადეს ისვრის — ისევე, როგორც ქრისტემ მას მოწოდებისას მიმართ: „გამომყევი და კაცთა მებადურად გაქცევ“.


ბეჭედი მჭიდროდ უკავშირდება ეკლესიაში პაპის, როგორც მაცხოვრის მიერ არჩეული პირველი მოციქულის მემკვიდრის როლს. ის გამოხატავს პაპის სულიერ, სამწყსო და სამოციქულო მისიას.


ტრადიციის თანახმად, „მებადურის ბეჭედს“ არა მხოლოდ სიმბოლური, არამედ ადმინისტრაციული ფუნქციაც ჰქონდა — მას ოფიციალურ დოკუმენტებზე ბეჭდის დასასმელად იყენებდნენ. ყოველი პაპის გარდაცვალების შემდეგ, ბეჭედი ნადგურდება, რათა კონკრეტული პონტიფექსის ეპოქა დაიხუროს.


ვატიკანის ლიტურგიული ცერემონიების ოფისმა იმ ბეჭდის დიზაინის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც პაპ ლეონ XIV-ს 18 მაისს, მისი პონტიფიკატის გახსნის ლიტურგიის დროს გადაეცა.


ბეჭედზე გამოსახულია წმიდა პეტრე, რომელსაც ახალ აღთქმაში ღრმა მნიშვნელობა აქვს. როგორც აღნიშნულია მათეს სახარებაში (16:19), იესო პეტრეს გადასცემს ცათა სასუფევლის გასაღებებს, ხოლო ლუკას სახარებაში (22:32) მოუწოდებს, განამტკიცოს თავისი ძმები რწმენასა და მისიაში.


ამგვარად, „მებადურის ბეჭედი“ წარმოადგენს რწმენის დამოწმების სიმბოლოს და მიანიშნებს იმ მოწოდებაზე, რომელიც პირველ პაპს, წმიდა პეტრეს დაეკისრა: ემართა ეკლესია და ყოფილიყო მწყემსი ქრისტეს სახარებით.


XIII საუკუნიდან მოყოლებული, „მებადურის ბეჭედი“ პაპობის სიმბოლოს ნაწილია. 1842 წლამდე, მას იყენებდნენ, როგორც ბეჭედს — ოფიციალურ დოკუმენტებზე პაპის ხელმოწერის დასამოწმებლად. დღეს ბეჭედს უკვე სიმბოლური დატვირთვა აქვს, თუმცა ყოველ პაპს კვლავ ინდივიდუალური ბეჭედი გადაეცემა.


პაპის გარდაცვალების შემდეგ, მისი „მებადურის ბეჭედი“, ტყვიის ბეჭედთან ერთად, სპეციალური რკინის მჭრელით ნადგურდება, რათა გამოირიცხოს ბეჭდის გაყალბება. სწორედ ამიტომ, თითოეული ბეჭედი უნიკალურია და მხოლოდ კონკრეტულ პაპს ეკუთვნის.


2013 წელს, პონტიფიკატის გახსნის ცერემონიისას, პაპმა ფრანცისკემ ვერცხლის „მებადურის ბეჭედი“ მიიღო, რომელიც დაფარული იყო ოქროს ფენით. ბეჭედი ადრე პაპ პავლე VI-ის პირად მდივანს ეკუთვნოდა და მისი დიზაინი სიმარტივით გამოირჩეოდა.


მისი წინამორბედი, პაპი ბენედიქტე XVI, ატარებდა მთლიანად ოქროს ბეჭედს, რომელზეც ამოკვეთილი იყო ნავში წმიდა პეტრეს ბარელიეფური გამოსახულება, რომელიც ბადეს ისვრის — იმ სცენის სიმბოლოდ, რომელიც აღნიშნავს პეტრეს მოწოდებას „ადამიანთა მებადურად“.


პაპმა ლეონ XIV–მ „მებადურის ბეჭდის“ მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია გააგრძელა. მისთვის დამზადებულ ბეჭედზე გამოსახულია წმიდა პეტრე გასაღებებითა და ბადით — სიმბოლოები, რომლებიც მიუთითებს მისიას, რომელიც ქრისტემ პეტრეს ორი ათასი წლის წინ ანდო.


წმიდა პეტრეს 266-ე მემკვიდრე ახლა ოფიციალურად იწყებს იმ სამწყსო მსახურებას, რომელიც საფუძვლად კათოლიკე ეკლესიას უდევს.


თაკო ფეიქრიშვილი

 

 

 

 

Comentarios


bottom of page