top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მიქელ თარხნიშვილი - კათოლიკე მღვდელი და მეცნიერი


(1897–1958 წწ.)


მამა მიხეილ თამარაშვილი და მამა მიქელ თარხნიშვილი


სოფელ ხიზაბავრაში დაიბადა და აღიზარდა ცნობილი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე მიქელ თარხნიშვილი. მან მთელი თავისი სიცოცხლე გაატარა საზღვარგარეთ. პროფესორმა გურამ შარაძემ სხვა ქართველ ემიგრანტებთან ერთად შეისწავლა მისი ცხოვრება და მოღვაწეობა, რომელიც მოათავსა წიგნში „უცხოეთის ცის ქვეშ“.

 

მიქელ თარხნიშვილი დაიბადა 1897 წლის 12 იანვარს, მისი მშობლები სტეფანე თარხნიშვილი და სალომე სეფიძე დასახლდნენ – დომინიკე მუღაშაშვილის მიერ შეძენილ მამულში ხიზაბავრიდან გადასულ რამდენიმე ოჯახთან ერთად.

 

1913 წელს მიქელი კონსტანტინოპოლს გაემგზავრა და სწავლა განაგრძო ქართულ მონასტერთან არსებულ სასწავლებელში. 1917 წელს ქ. ეტალში სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა. იქ იგი განსაკუთრებული წარმატებით დაეუფლა გერმანულ ენას. მიქელი სამშობლოში ბოლოს 1919 წელს დაბრუნდა, საიდანაც კვლავ კონსტანტინეპოლს გაემგზავრა. იგი სწავლობდა ფილოსოფიას მამა პეტრე ტატალაშვილთან. მან ვენაში შეისწავლა სიღრმისეულად ფილოსოფია, შემდეგ თეოლოგია, 1930–1933 წლებში სწავლობდა რომის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში. 1933 წელს მიენიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.


1931 წელს იგი მღვდლად ეკურთხა. პრაქტიკულ მოღვაწეობას ეწეოდა საფრანგეთში, ბელგიასა და გერმანიაში – ქართველ კათოლიკეებთან. ამასთანავე, მან შეისწავლა სომხური და სირიული ენები, საერთოდ ფლობდა ფრანგულ, იტალიურ, რუსულ, ლათინურ და ბერძნულ ენებს.


სიცოცხლის ბოლო წლებში იგი რომში იმყოფებოდა (1943 – 1958 წწ.), გარდაიცვალა 1958 წლის 15 ოქტომბერს.


მ. თარხნიშვილის მეცნიერული მოღვაწეობის ასპარეზი იყო ქართველოლოგია, ქრისტიანული აღმოსავლეთი და ბიზანტისტიკა.


მ. თარხნიშვილის მეცნიერულ მოღვაწეობას მაღალი შეფასება მისცეს ცნობილმა მეცნიერებმა. ბულგარელი აკადემიკოსი ჟერარ გარიტი 1958 წელს, გამოსათხოვარ წერილში წერდა, რომ მისი გარდაცვალება აუნაზღაურებელი დანაკლისი იყო ქართული ისტორიისა და ლიტერატურის დარგში მთელი დასავლეთისთვის შეუდარებელი მასწავლებელი. მან პირველმა დაანახა დასავლელ მკვლევარებს ქართული ლიტერატურის ნაკლებად ცნობილი საგანძური.


ინგლისელი პროფესორი დევიდ ლანგი მიქელ თარხნიშვილის წვლილს ადარებდა მიხეილ თამარაშვილის ამაგს და დაასკვნიდა, რომ სწორედ ამ ორი მეცნიერის დაუღალავმა მოღვაწეობამ შექმნა პირობა ევროპაში ქართული კულტურის კვლევის და გააადვილა საქართველოს წარსულის შესწავლა...


მიქელ თარხნიშვილი მრავალი ფუნდამენტური გამოკვლევის ავტორია. მათ შორის: „გრიგოლ ბაკურიანის ტიპიკონი“, „ქართული ხელოვნების ძეგლები ანტიოქიის სანახებში“, „ქართული ხელოვნების ნეშტი ეგვიპტეში“, „ქართული ხელნაწერები და ძველი წიგნები რომის წიგნთსაცავებში“ და ა.შ.


მიქელმა ამოიკითხა და გაშიფრა 1953 წელს პალესტინაში, ბეთლემის მახლობლად წმ. თეოდორეს სახელობის ქართული მონასტრის ოთხი წარწერა. მოგვიანებით, აკადემიკოსი გიორგი წერეთელი წერდა: „ჩვენი აზრით, მიქელ თარხნიშვილის მიერ წარწერები წაკითხულია აბსოლუტურად სწორად და ზუსტად, და თითქმის არ არის არცერთი ასო, რომლის წაკითხვა შესწორებას საჭიროებდეს...“. საერთოდ, მისი მოღვაწეობიდან გამომდინარე საზღვარგარეთ წერდნენ: „მიქელ თარხნიშვილი გამგრძელებელია მიხეილ თამარაშვილის ტრადიციის და მეტად ღირსეული გამგრძელებელი“.


მიქელ თარხნიშვილის პორტრეტს ხატავს მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად გაკეთებული ლათინური წარწერა: „კაცი რელიგიური ერთგულებით სახელგანთქმული, მორჩილებითა და ღვთისმოსაობით შემკული, მუშაობაში მუყაითი და სანიმუშო, მახვილი გონებისა და ღრმა ცოდნის პატრონი... სამშობლოსგან ხანგრძლივი განშორების შემდეგ ბოლოსდაბოლოს ბედნიერად ბრუნდება ჭეშმარიტ სამშობლოში“.


ამრიგად, მისი სახით ხიზაბავრამ საქართველოს მისცა კიდევ ერთი ღირსეული მამულიშვილი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე.


ნატო ყრუაშვილი – „ხიზაბავრა“, 2009


bottom of page