top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მიხეილ თარხნიშვილის, ქართველი კათოლიკე მღვდლის არქივი იპოვნეს

Updated: Jan 12


ქართველი კათოლიკე სასულიერო პირის, თეოლოგის, საქართველოს ეკლესიის ისტორიისა და საეკლესიო ლიტერატურის მკვლევარის მიხეილ თარხნიშვილის არქივი ნაპოვნია. ამის შესახებ ინფორმაციას ისტორიკოსი გიორგი კალანდია ავრცელებს:


„მიხეილ თარხნიშვილის არქივი ნაპოვნია, მიხეილ თარხნიშვილის არქივი საქართველოშია!


დღეს ჩემთვის, როგორც ქართველი მეცნიერისათვის ერთ-ერთი უბედნიერესი მომენტია, საქართველოს ეკლესიის ისტორიისა და საეკლესიო ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი მკვლევარის მიხეილ თარხნიშვილის არქივი საქართველოში აღმოჩნდა და მისი მიკვლევის პატივი მე მერგო!


საქმე იმაშია, რომ სულ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში ჩემს მეგობრებთან ერთად გადმოვიატანე ქართული ისტორიოგრაფიის გამორჩეული წარმომადგენლის, სახელგანთქმული ქართველი ისტორიკოსის ჯუანშერ ვათეიშვილის არქივი.


ვერ მოვითმინე და ამ უქმეებზე არქივის პირველადი დამუშავება უკვე დავიწყე და ჰოი, საოცრებავ!...


დღეს ამ კოლექციაში აღმოჩნდა სამი დიდი საქაღალდე წარწერით „მ. თარხნიშვილი“. თვალებს არ ვუჯერებდი, როდესაც ამ საქაღალდეებში პირველი ხარისხოვანი დოკუმენტები ვიპოვნე, მათ შორისაა მიხეილ თარხნიშვილის პასპორტი, გაცემული 1919 წელს, დემოკრატიული მთავრობის მიერ, მიმოწერა ვატიკანთან, დიპლომები და სიგელები, სტამბოლის ქართულ ეკლესიასთან დაკავშირებული უნიკალური მასალები, თარხნიშვილის ჩანაწერები, სამეცნიერო სტატიები და ასე შემდეგ...


როგორც ჩანს, ღვაწლმოსილმა ქართველმა მეცნიერმა ჯუანშერ ვათეიშვილმა ეს ძვირფასი არქივი საბჭოთა პერიოდში იტალიაში იპოვნა, გადაარჩინა და სამშობლოში მაშინ ჩამოიტანა, როცა მიხეილ თარხნიშვილის სახელი ჯერ კიდევ აკრძალული და ტაბუირებული იყო... ალბათ, მეცნიერი მის შესწავლასა და გამოცემასაც გეგმავდა...


დღეს ეს უნიკალური საგანძური უკვე ჩვენს მუზეუმშია. ამ ფაქტით უზომოდ გახარებული და ბედნიერი ვარ, ეს ამბავი კიდევ ერთი დასტურია იმისა რომ ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უძლიერესი სამეცნიერო, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი ხდება...


დღეს, აღდგომის მეორე დღეს დიდი პატივისცემით მინდა გავიხსენო მიხეილ თარხნიშვილი და ჯუანშერ ვათეიშვილი, დიდი ქართველები რომელთა ხსოვნა სამარიდისოა, ნათელი დაადგეს მათ სახელებს. ასევე მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ლაშა ჯაფარიძეს, ირინა მოისწრაფიშვილს, გიორგი ჩაფრავას, ირაკლი ჭითანავას და ჯუანშერ ვათეიშვილის ძვირფას ოჯახს, რომლებმაც მანდეს, გადმომცეს და დამეხმარნენ არქივის მუზეუმში გადმოტანაში“, – წელს სოციალურ ქსელში გიორგი კალანდია (2021 წლის 3 მაისი).


ბიოგრაფია


ნაწყვეტი – მიხეილ თარხნიშვილი და მისი "საქართველოს ეკლესიის ისტორია“
მოამზადა ნუგზარ პაპუაშვილმა

მიხეილ თარხნიშვილი დაიბადა 1897 წლის 12 იანვარს ქალაქ ახალციხეში, მაგრამ მისი მშობლები - სტაფანე და სალომე (ქალიშვილობაში სეფიძე) _ მალე სოფელ ხიზაბავრაში დასახლდნენ, 1911 წელს კი სოფელ სკრაში გადასახლდნენ, სადაც მამამისს მამული ჰქონდა. იქ მიხეილმა სამ წელიწადს სახალხო სკოლაში ისწავლა და დაწყებით განათლებას ეზიარა.

1913 წელს კონსტანტინოპოლიდან საქართველოში ქართველი კათოლიკე სასულიერო პირები ჩამოვიდნენ, რათა იქაური ქართული მონასტრისათვის სემინარისტები მოეძებნათ. მიხეილს რეკომენდაცია ცნობილმა ისტორიკოსმა და პუბლიცისტმა, მღვდელმა ივანე გვარამაძემ (,,ვინმე მესხმა“) გაუწია და იმავე წლის სექტემბერს რამდენიმე მეგობართან ერთად იგი ეწვია კონსტანტინოპოლს, სადაც დაიწყო სწავლა გიმნაზიაში, რომელიც აღნიშნულ მონასტერთან არსებობდა.

1917 წლის 12 თებერვალს წინამძღვრებმა ის სწავლის გასაგრძელებლად სხვა 7 ახალგაზრდა ქართველთან ერთად ზემო ბავარიაში, ეტალის ბენედიქტიანელთა სააბატოში მიავლინეს. იქ იგი 1917-1919 წლებში სწავლობდა და გაიარა სასულიერო სემინარიის კურსი ,,ძალიან კარგი“ შედეგით. მისი ნიჭი, მონდომება და ყოფაქცევა უმაღლეს შეფასებას იმსახურებდა. ქართველ სტუდენტებზე მზრუნველობა მინდობილი ჰქონდა მღვდელ ჰუგო კაიზერს, რომელიც ადრე რომში ბერძნული სემინარიის (კოლეგიუმის) რექტორად მსახურობდა. იგი გატაცებული იყო აღმოსავლური (ბერძნულ-ბიზანტიური) ლიტურგიით და ეტრფოდა ბერმონაზვნური ცხოვრების აღმოსავლურ წესს; დიდად აფასებდა ქართულ ქრისტიანულ კულტურას და, თვითმხილველთა თქმით, ქართველ სტუდენტებს ,,თავსევლებოდა“.

კონსტანტინოპოლში მ. თარხნიშვილი კაპუცინელთა სემინარიაში შევიდა, რომელიც 1923 წელს დაამთავრა. შემდეგ მან ქართულ მონასტერში ფილოსოფიის ერთწლიანი კურსი გაიარა მ. პეტრე ტატალაშვილის ხელმძღვანელობით, 1924 წლის ოქტომბერში კი სამ სხვა სტუდენტთან ერთად ავსტრიაში გაემგზავრა; ჩავიდა მიოდლინგში (ვენის მახლობლად), სადაც გააგრძელა ფილოსოფიისა და თეოლოგიის შესწავლა წმ. გაბრიელის დიდ სემინარიაში, რომლის კურსი 1928 წელს დაასრულა. ამის შემდეგ წინამძღვრებმა ის რომში გაგზავნეს. მან იქ სამარადისო აღთქმა დადო და 1931 წლის 6 აგვისტოს გროტაფერატას სააბატოში მღვდლად ეკურთხა.

1933 წელს მ. მიხეილმა სადოქტორო დისერტაცია დაიცვა და შეუდგა როგორც სამოძღვრო პრაქტიკას, ისე სამეცნიერო საქმიანობას. იგი საფრანგეთში, ბელგიასა და გერმანიაში მყოფი ქრთველი კათოლიკეების სულიერ მოძღვრად დაინიშნა, რის გამოც მას დასახელებულ ქვეყნებში მოგზაურობა უხდებოდა. ამავდროულად მუშაობდა მიუნხენში, წმ. ანდრიას აღმოსავლურ კოლეგიუმში. 1935 წელს კი შედის მეტენის ბენედიქტიანელთა მონასტერში (დეგენდორფი, ქვემო ბავარია). 1943 წელს მას გაიწვევენ რომში და ქართულ ლიტურგიკულ ძეგლებზე მუშაობის საშუალებას აძლევენ. ამის შემდეგ ის ძირითადად რომში ცხოვრობს, სადაც აქტიურ პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას ეწევა. ეს პერიოდი მისი შემოქმედებითი ცხოვრებისათვის ყველაზე ნაყოფიერი აღმოჩნდა. ამაზე მეტყველებს მისი შრომების ბიბლიოგრაფია, რომელიც შეადგინა იულიუს ასფალგმა და შეავსო თამარ ჭუმბურიძემ (მ. თარხნიშვილი, წერილები, თბ., 1994, გვ. 539-543). თუ რა დამსახურება მიუძღვის მას ქართული სასულიერო მწერლობის, განსაკუთრებით კი უძველესი ქართულენოვანი ლიტურგიკული ძეგლების გამოვლენისა და შესწავლის საქმეში, კარგადაა ცნობილი როგორც უცხოეთში, ისე საქართველოში. გარდა თ. ჭუმბურიძის საკვალიფიკაციო ნაშრომისა, საკმარისია გავიხსენოთ ლილი ხევსურიანისა და გურამ შარაძის მიმოხილვები (მრავალთავი VII, 1980, გვ. 203-206; გ. შარაძე, უცხოეთის ცის ქვეშ, წ. 2, თბ., 1993, გვ. 338-350), რათა დავრწმუნდეთ იმ წვლილის მნიშვნელობაში, რომელიც მან, სამშობლოსაგან შორს მყოფმა, მეტწილად კათოლიკეთა მონასტრებში განმარტოებულმა და თანამემამულეებს ფიზიკურად განშორებულმა, მშობლიური მეცნიერების სალაროში შეიტანა.

იულიუს ასფალგი მიხეილ თარხნიშვილის შრომისმოყვარეობასა და ცხოვრების აღსასრულს ასე გვისურათებს: ,,მისი შრომა მით უფრო დაიმსახურებს დაფასებას, თუ გავითვალისწინებთ, რომ მას სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა: თირკმელში კენჭების, ღვიძლის პრობლემებისა და სუნთქვის ორგანოთა დასნეულების მიუხედავად ის დაუღალავად მუშაობდა. 1953 წლის აგვისტოში... პირში უკურნებელი წყლულის გაჩენის გამო მას პირველად დასჭირდა დასხივება, მომდევნო თვეში კი მან მარჯვენა გლანდის ოპერაციაც ჩაიტარა. სადღაც 1956 წლის ბოლოს მას ყელის არეში ტკივილები დაეწყო... 1958 წლის იანვარში მ. მიხეილს ყლაპვა გაუჭირდა... რადგან წყლულის სირთულე ოპერაციის საშუალებას აღარ იძლეოდა, თებერვლის შუა რიცხვებში... მას კობალტის დასხივება დაუწყეს. პირველად მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და მ. მიხეილს მუშაობის გაგრძელების სრული იმედი ჩაესახა, მაგრამ ვითარება მალე ისევ გართულდა... კიბო ისე ვრცელდება, რომ სისხლი იწამლება. მ. მიხეილი 1958 წლის 15 ოქტომბერს 14 საათსა და 25 წუთზე წუთისოფელს მშვიდად გამოეთხოვა. სასთუმალთან რამდენიმე მეგობარი იმყოფებოდა...“.


ფოტოები – გიორგი კალანდია

მოამზადა თაკო ფეიქრიშვილმა

bottom of page