მოზაიკა პაპ ლეონ XIV-ის გამოსახულებით
- catholic.ge

- 5 hours ago
- 1 min read
მოზაიკური წრე, „კლიპეუსი“ (Clipeus), რომელიც პაპ ლეონ XIV-ს წარუდგინეს თავისივე გამოსახულებით, წმიდა პავლეს ბაზილიკაში განთავსდება.

14 იანვარს, პაპ ლეონ XIV-ს წარუდგინეს მრგვალი მოზაიკა, რომელიც წმიდა პეტრეს საამქროში შეიქმნა და რომელიც ტრადიციისამებრ, ყველა პაპის არჩევის შემდეგ მზადდება.
მრგვალი მოზაიკა, რომელიც “კლიპეოს” სახელითაა ცნობილი, წმიდა პავლეს ბაზილიკაში, მარჯვენა ნავში, დაახლოებით 13 მეტრის სიმაღლეზე, პაპ ფრანცისკეს პორტრეტის გვერდით განთავსდება.

წმიდა საყდრის პრესსამსახურის თანახმად, მრგვალი მოზაიკა, რომლის დიამეტრი 137 სანტიმეტრია, დამზადებულია მინის მინანქრისა და ოქროსგან, ლითონის ბაზაზე. დაახლოებით 15 000 მოზაიკური ფილა, მოზაიკის ჭრის უძველესი ტექნიკის გამოყენებით შეიქმნა და ვატიკანის ტრადიციის შესაბამისად, დამაგრებულია ზეთოვანი თაბაშირით.
ნამუშევარზე გამოსახულია ოსტატ როდოლფო პაპას (გვარი) ნახატის ესკიზი, რომელიც შესრულებულია ტილოზე ზეთით, იგივე ზომებით, როგორც მრგვალი მოზაიკაა. ეს ნახატი შეინახება პაპის პორტრეტების მთელს სერიასთან ერთად, ვატიკანში, წმიდა პეტრეს სამქროში.

წმიდა მამისთვის ნამუშევრის წარდგენისას, მოწვეულნი იყვნენ წმიდა პეტრეს ბაზილიკის არქიპრესვიტერი – კარდინალი მაურო გამბეტი; წმიდა პავლეს ბაზილიკის მთავარეპისკოპოსი – კარდინალი ჯეიმს მაიკლ ჰარვი და წმიდა პავლეს მონასტრის აბატი – მამა დონატო ოლიარი. მათ თან ახლდნენ ოსტატი როდოლფო პაპა და ვატიკანის მოზაიკის საამქროს დირექტორი, პაოლო დი ბუონო.
შეხვედრის დასასრულს პაპმა დამსწრეებთან ერთად ილოცა.
შოთა გიქოშვილი









Comments