top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ოთხი მარინული დოგმის განმარტება

ქრისტიანული ეკლესია მარიამს ოდითგანვე მიიჩნევდა, არა მხოლოდ როგორც ღვთის დედას, არამედ ასევე როგორც ღვთის ცოცხალი მადლის შედევრს. ის არის ახალი ევა, ახალი აღთქმის კიდობანი და პირველი მოციქული, რომელმაც უშიშრად თქვა "დიახ!“


ree

სულიწმინდით შთაგონებული ეკლესია, საუკუნეების გამავლობაში, ღვთისმშობლის შესახებ ზოგიერთი ჭეშმარიტების აღიარებამდე მივიდა. ეს არის ღრმა რეალობა, რომელი პირდაპირ მიგვითითებს იესოსკენ.


ოთხი მარიანული დოგმატი, დედაბოძია იმისა, თუ ვინ არის სინამდვილეში მარიამი და რატომ არის იგი მნიშვნელოვანი ხსნის ისტორიაში.


1. ღვთისმშობლის ზეცად აღყვანება

„მიწიერი ცხოვრების დასასრულს, მარიამი, სულითა და სხეულით ზეცად იქნა აყვანილი“.


ree

ეკლესია გვასწავლის, რომ მარიამის სხეულს არ უგემია ხრწნა, არამედ ზეცად იქნა აყვანილი სულითა და ხორცით. ეს არ არის ზღაპარი, არამედ ეს არის უმანკო ღვთისმშობლის როლის ლოგიკური გაგრძელება. ამის შესახებ საუბრობს წმიდა წერილი: “გასახრწნელად არ გაიმეტებ შენს წმიდას" (ფს.15:10).


მიუხედავად იმისა, რომ ეს ციტატა პირდაპირ იესოზე მიუთითებს, მარიამმა, როგორც ახალი აღთქმის კიდობანმა, საკუთარი ძის სიკვდილზე გამარჯვებაში სრული მონაწილეობა მიიღო.


გასააზრებლად, ძველ აღთქმაში კიდობანს, ღვთის თანდასწრებით შენახულ წმიდა სკივრს, მოწიწებით ეპყრობოდნენ და არასდროს ტოვებდნენ მიწაში დასალპობად. მარიამი, რომელიც მუცლით თავად ღმერთს ატარებდა, როგორც ახალი აღთქმის კიდობანს, მიატოვებდა ღმერთი გასახრწნელად?


ეკლესია ამბობს, რომ – არა. ისტორიაში არ არსებობს არცერთი ეკლესია, რომელსაც ამტკიცებდა, რომ მის სხეულს ფლობდა. 1950 წელს, პაპმა პიუს XII წიგნში "Munificentissimus Deus", ეს ჭეშმარიტება დოგმად გამოგვიცხადა.


თუმცა ქრისტიანებს, დოგმის გამოცხადებამდე რამდენიმე საუკუნით ადრეც სწამდათ ამ ჭეშმარიტებისა. მიძინება, იგივე ზეცად აღყვანება, არ ნიშნავს იმას, რომ მარიამი არ იტანჯა, არამედ მიძინება არის ღვთის დანაპირები მისი მორწმუნეების მიმართ და ეს დაპირება იწყება ღვთისმშობლისგან.


2. მარიამის უმანკოდ ჩასახება


ree

„მარიამი, ჩასახვის პირველივე წამიდანვე, გათავისუფლებული იყო პირველქმნილი ცოდვის ყოველგვარი ლაქისგან“.


ეს დოგმა მარიანულ დოგმებში ყველაზე რთულად გასაგები დოგმაა. ბევრი ფიქრობს, რომ საუბარია იესოს ჩასახვაზე. თუმცა აქ საუბარია მარიამზე.


იგი წმიდა ანას მუცელში ჩასახვისთანავე დაიცვა ღმერთმა პირველქმნილი ცოდვისაგან, ქრისტეს ჯვარზე სიკვდილის ღვაწლის მოლოდინით.


რატომ? იმიტომ, რომ თუ იესო ღვთის წმინდა, უმანკო კრავია, მაშინ ჭურჭელი, რომლიდანაც ის იშვა, უმწიკვლო უნდა ყოფილიყო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მარიამი გამოსყიდვას არ საჭიროებდა, არამედ იგი იქნა გამოსყიდული ყველაზე სრულყოფილი გზით. იგი პირველქმნილი ცოდვის გარეშე ჩაისახა.


ლუკას სახარებაში ანგელოზი მარიამს ეუბნება: "გიხაროდეს მიმადლებულო" ბერძნულად Kecharitomene (მადლით აღსავსე) - იმას ნიშნავს, რომ მარიამი იქამდე იყო მადლით აღვსილი, სანამ ანგელოზი დაელაპარაკებოდა. წმიდა წერილში მის მსგავსად არავის ესალმებიან.


ეს დოგმა, 1854 წელს, ოფიციალურად ფორმულირდა პაპ პიუს IX-ის მიერ, თუმცა საეკლესიო ლოცვებში და ლიტურგიულ ტექსტებში, ის გაცილებით ადრე მოიხსენიებოდა.


დოგმა შეგვახსენებს იმას, რომ ღვთის მადლი მოქმედებს ჩვენი ცხოვრების პირველივე წამებიდან და რომ ღვთის გეგმები ყოველთვის წინასწარ არის გამიზნული.


3. მარიამი ღვთის დედა (ღვთისმშობელი)


ree

„ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი იესო ქრისტეს დედაა“.



ეს არის 431 წელს, ეფესოს კრებაზე ერთსულოვნად მიღებული უძველესი მარიანული დოგმა და ზედწოდება, რომელიც ეკლესიამ გამოაცხადა.



ეკლესიამ მარიამი „ღვთისმშობლად“ გამოაცხადა, რათა დაეცვა ჭეშმარიტება, რომ იესო ერთი პიროვნებაა, სრული ღმერთი და სრული კაცი. თუ მარიამი იესოს დედაა, ხოლო იესო ღმერთი, მაშინ მარიამი ღვთისმშობელია.


არა იმ თვალსაზრისით, რომ მარიამი იესომდე არსებობდა, არამედ იმიტომ, რომ მან შვა ძე ღმერთი. საქმე იესოს ვინაობას უფრო ეხება, ვიდრე მარიამის სტატუსს.


წარმოიდგინეთ, რომ დედა აჩენს არა მხოლოდ სხეულს, არამედ სრულ პიროვნებას. მარიამის, როგორც ღვთის დედის უარყოფა გამოიწვევდა იესოს ორ პიროვნებად დაყოფად, ცალკე ღმერთად და ცალკე ადამიანად, რაც თავისთავად მწვალებლობაა.


როცა წმიდა ელისაბედმა მარიამი დაინახა, შესძახა: "როგორ მოხდა, რომ ჩემი უფლის დედა მოვიდა ჩემთან?" (ლუკა1:43). პირველი ქრისტიანებისთვის პრობლემა არ იყო მარიამისთვის ეწოდებინათ „უფლის დედა“, რადგან „უფალი“ (Kyrios) ღვთაებრივი ტიტული იყო.


4. მარიამი მარად ქალწული


ree

„მარიამი ქალწული იყო იესოს დაბადებამდე, დაბადებისას და მის შემდგომ პერიოდშიც“.


ეს დოგმა გვასწავლის, რომ მარიამში იესო ჩაისახა ფიზიკური კავშირის გარეშე, შვა სასწაულებრივი გზით, ისე, რომ არ დაუკარგავს ქალწულობა და სიცოცხლის ბოლომდეც ქალწულად დარჩა. საქმე ის კი არ არის, რომ ცოლ-ქმრული კავშირი არასწორია, არამედ საქმე ისაა, რომ მარიამისა და იოსების ქორწინება იყო წმიდა, უნიკალური და სრულად მიძღვნილი ღვთის ჩანაფიქრისადმი.


ამის წინასწარმეტყველება ძველ აღთქმაში, ეზეკიელის წიგნში გვხვდება: „ეს კარიბჭე დახშული იქნება, არ გაიღება და კაცი არ შევა მასში, რადგან ისრაელის უფალი ღმერთი შევიდა მასში. და იქნება იგი დახშული“ (ეზეკ. 44:2).


ადრეული ქრისტიანები მარიამს „დაკეტილ კარიბჭედ“ თვლიდნენ, რომელიც წმინდად იყო მიჩნეული, რადგან თავად ღმერთი მოვიდა მისი მეშვეობით.


როდესაც წმინდა წერილი იესოს „ძმებს“ ახსენებს (მარკოზი 6:3), ბერძნული სიტყვა „ადელფო“ ასევე შეიძლება ნიშნავდეს ბიძაშვილებს ან ახლო ნათესავებს. ადრეული ეკლესიის მამები, წმინდა ავგუსტინედან წმინდა იერონიმემდე, იცავდნენ მის მარადიულ ქალწულობას, როგორც უძველეს რწმენას. მისი მარადიული ქალწულობა ცოცხალი ნიშანია იმისა, რომ იესოს დაბადება სრულიად ღვთაებრივი ინიციატივა იყო და რომ მარიამის მთელი არსება მთლიანად ღმერთს ეკუთვნოდა.


შეჯამება: ეს ოთხი დოგმა არ არის შემთხვევითი, „დამატებითი რწმუნებულება“, ისინი ქმნიან ერთ, საერთო სურათს:


უმანკოდ ჩასახება – ღმერთმა მოამზადა მარიამი ღვთის დედობისთვის;


ღვთისმშობლობა – მან თავად შვა უფალი


მუდამ ქალწულობა – ის სრულად ეკუთვნოდა ღმერთს.


ზეცად აღყვანება – ღმერთმა განადიდა იგი, როგორც პირველი, ვინც სრულად გაიზიარა თავისი ძის გამარჯვება.


მარიამის ისტორია არის ყოველი ქრისტიანის ისტორია, რომელიც მოხმობილია, მომზადებულია და განწესებულია მარადიული დიდებისათვის, როგორც წმიდა ლუი დე მონფორიმ თქვა:


„მარიამი არის ყველაზე მოკლე, სრულყოფილი, უსაფრთხო და მარტივი გზა იესომდე მისასვლელად“.


შოთა გიქოშვილი



Comments


bottom of page