top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპი: ლიტურგია, ტრადიცია და პროგრესი ერთმანეთს ერწყმის და ქრისტიანულ ცხოვრებას ზრდის

  • 3 hours ago
  • 2 min read

საჯარო აუდიენციაზე, რომელიც ეძღვნებოდა საეკლესიო კრების კონსტიტუციას „Sacrosanctum Concilium“, ლეონ XIV-მ განმარტა, რომ ეკლესიის ღვთისმსახურება „ხორცშესხმულ იქნა“ ყოველი ეპოქის კულტურულ ფორმებში და ამით ევანგელიზაციის მამოძრავებელ ძალად იქცა. დღეს კი, „საჭიროა ამ ენერგიის განახლება“, ლიტურგიკული ნორმების დაცვით. „რაიმეს თვითნებური დამატებით, ამოღებით ან შეცვლით არ უნდა დაიბნენ მორწმუნეები; სიახლეები ეკლესიის ერთობას კი არ აზიანებს, არამედ ადასტურებს და განამტკიცებს მას.



„ჯანსაღი ტრადიციის შენარჩუნება და გზის გახსნა კანონიერი პროგრესისთვის”, - ეს არის „Sacrosanctum Concilium“-ის, ვატიკანის მეორე კრების მიერ გამოცემული პირველი დოკუმენტის მიზანი. ეს კრება მოიწვიეს იმისთვის, რომ „მორწმუნეებში კიდევ უფრო მეტად განვითარებულიყო ქრისტიანული ცხოვრება“, რომელიც ცვლილებებს ექვემდებარება; ასევე დროის მოთხოვნებს მორგებოდა ინსტიტუტები; ხელი შესწყობოდა ყველაფერს, რაც წვლილს შეიტანდა ქრისტესმიერ ყველა მორწმუნის გაერთიანებაში და გაძლიერებულიყო ის, რაც ემსახურება ყველას მოხმობას ეკლესიის წიაღში“.



მუდამ ესწრაფვოდეთ საეკლესიო ერთობას

წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი 25 ათასი მორწმუნისა და მომლოცველის წინაშე, პაპი ხაზგასმით აღნიშნავს: „Sacrosanctum Concilium“-ის მიერ მოხმობილი პროგრესი სრულებითაც არ აზიანებს საეკლესიო ერთობას, პირიქით, მისი მიზანია ამ ერთობის განმტკიცება და ხელშეწყობა. აქედან გამომდინარეობს მოწოდებაც, რომ დაცულ იქნას ლიტურგიკული განკარგულებები და ნორმები“.


“მოვუწოდებ ყველას, ვისაც ევალება მომზადება ღვთაებრივი საიდუმლოებების აღსასრულებლად, განსაკუთრებით კი მღვდლებს, რომლებიც ლიტურგიულ მსახურებას უძღვებიან – მუდამ გაუფრთხილდნენ და დაიცვან პატივიცემა ლიტურგიული ტექსტებისა და ტრადიციების მიმართ, რომლებიც იბადება შინაგანი მზაობიდან, ღვთისადმი მინდობიდან, მისი დიდებულების წინაშე თავმდაბლობიდან და საეკლესიო ერთობისადმი გულწრფელი ერთგულებიდან“.



ტრადიცია და პროგრესი

თემაზე - „ლიტურგიის რეფორმა, ტრადიცია და განვითარება“ მსჯელობისას, წმინდა მამა თავიდანვე აღნიშნავს, რომ გასული საუკუნის სამოციან წლებში, როდესაც ვატიკანის მეორე კრება მიმდინარეობდა, მძაფრად იგრძნობოდა რიტუალური ფორმების განახლების აუცილებლობა და რომ ლიტურგიკული მოძრაობის წყალობით, მომწიფდა რწმენა ლიტურგიის განახლებასა და ეკლესიის მთელი ცხოვრების განახლებას შორის არსებული მჭიდრო კავშირის შესახებ.


ეს არის საკითხი, რომელიც მანამდე პიუს XII-მ კიდევ უფრო გამოკვეთა თავის ენციკლიკაში „Mediator Dei“, სადაც ვკითხულობთ, რომ „ეკლესია არის ცოცხალი ორგანიზმი“, ამიტომ, რაც შეეხება წმინდა ლიტურგიას მისი მოძღვრების ხელშეუხებლობის შენარჩუნებით, იგი იზრდება და ვითარდება, ერგება და ესადაგება ეპოქის გარემოებებსა და მოთხოვნებს.


როგორც ბენედიქტე XVI განმარტავდა, მიუხედავად იმისა, რომ ტრადიცია და პროგრესი ხშირად ერთმანეთს უპირისპირდება, სინამდვილეში, ეს ორი ცნება ერთმანეთს ავსებს. მართლაც, კრების მამებმა კონსტიტუციაში „Sacrosanctum Concilium“ დააზუსტეს, რომ პროგრესი „ფესვგადგმულია ავთენტურ ტრადიციაში“ – გაიხსენა პაპმა ლეონ XIV, თუმცა იქვე დასძინა, რომ ლიტურგიაში ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ „უცვლელი ნაწილი, ვინაიდან იგი ღვთივ დადგენილია“ და ის ნაწილები, რომლებიც „ცვლილებას ექვემდებარება“, თუკი მათში გაიპარება ისეთი ელემენტები, რომლებიც ნაკლებად შეესაბამება თავად ლიტურგიის შინაგან ბუნებას, ან თუკი ისინი ნაკლებად აქტუალური გახდება.



ხორცშესხმული ღვთისმსახურება

იმისათვის, რომ მორწმუნეებს მიეცეთ საშუალება, რიტუალური ქმედებების მეშვეობით, ნაყოფიერად ეზიარონ ქრისტეს აღდგომის საიდუმლოს, რომელიც ქრისტიანული სარწმუნოების საფუძველია, საუკუნეების მანძილზე ლიტურგიაში ცვლილებები ხორციელდებოდა.


ამგვარად, ეკლესიის ღვთისმსახურებამ ხორცი შეისხა თითოეული ეპოქის კულტურულ ფორმებში და შეძლო მათზე გავლენის მოხდენა, ზოგჯერ სრულიად გარდასახვაც კი. ამრიგად, ლიტურგია საუკუნეების განმავლობაში ევანგელიზაციის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა. დღეს საჭიროა ამ ენერგიის განახლება ავთენტურ და ცოცხალ კათოლიკურ ტრადიციასთან უწყვეტობით, ანუ ისეთი დინამიკით, რომელიც მიზნად ისახავს მორწმუნეთა თანაზიარებას ჭეშმარიტების სისრულეში.


მორწმუნეთა დაბნეულობის თავიდან აცილება

ლიტურგიულ ტრადიციასა და პროგრესს შორის მჭიდრო კავშირი ჩანს ასევე კრების მამების რეკომენდაციაში, რომ რიტუალები გადაიხედოს იქ, სადაც არსებობს „ეკლესიის ნამდვილი და დადასტურებული საჭიროება“ და ეს ისე განხორციელდეს, რომ „ახალი ფორმები ორგანულად აღმოცენდეს უკვე არსებული ფორმებიდან“, — განმარტავს პონტიფიკოსი, რომელიც მოუწოდებს გააზრებული და საფუძვლიანად შესწავლილი რეფორმებისკენ ტრადიციის პატივისცემით.


მთელი ეკლესიის საკეთილდღეოდ, ყოველ რეფორმას მუდამ წინ უნდა უსწრებდეს „საფუძვლიანი თეოლოგიური, ისტორიული და სამწყსო კვლევა“. ამგვარად, კრების საეკლესიო სწავლება მოუწოდებს მორწმუნეთა დაბნეულობის თავიდან აცილებისკენ და ყველას უკრძალავს, რომ ლიტურგიკულ საკითხებში საკუთარი ინიციატივით რამე დაამატოს, მოაკლოს ან შეცვალოს.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი



Comments


bottom of page