top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპი: ქრისტიანული ერთიანობის აღდგენა გადაუდებელი პრიორიტეტია

30 ნოემბერს, წმინდა ანდრია მოციქულის დღესასწაულის მისალოცად, ვატიკანის დელეგაცია სტამბოლში, მსოფლიო საპატრიარქოში გაემგზავრა. დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს საზეიმო საღმრთო ლიტურგიაში, რომელსაც პატრიარქი ბართლომე უძღვებოდა. აქვე ხმამაღლა წაიკითხეს მსოფლიო პატრიარქისადმი მიწერილი პაპის წერილი.



კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქ ბართლომე I-ისადმი მიწერილ წერილში პაპმა მადლიერება გამოხატა, რომ კათოლიკე და მართლმადიდებელი ქრისტიანები ცდილობენ „მიაღწიონ სრულ თანაზიარებას, რაც მოგვცემს საშუალებას ერთ დღეს, ერთად შევიკრიბოთ ევქარისტიულ სუფრაზე“.


„მორწმუნეებს შორის ზიარების სრული აღდგენა შეუქცევადი ვალდებულებაა ყოველი ქრისტიანისთვის, რადგან „ყოველთა ერთობა“ არა მხოლოდ ღვთის ნებაა, არამედ გადაუდებელი პრიორიტეტია დღევანდელ მსოფლიოში“, – განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.

30 ნოემბერს პაპი ფრანცისკე ყოველწლიურად უგზავნის წერილს მსოფლიო პატრიარქს, რომელიც წმ. ანდრია მოციქულის, „პირველი თანასწორთა შორის“ აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მემკვიდრედ ითვლება.


პაპი წერილში წერს, რომ ქრისტიანები მოწოდებულნი არიან ერთიანობის აღდგენისკენ „არა მხოლოდ ხელმოწერილი შეთანხმებებით, არამედ მამის ნების ერთგულებითა და სულის მოწოდებით“.


„სამართლიანად დაეთმო დიდი ყურადღება ჩვენი დაყოფის ისტორიულ და თეოლოგიურ მიზეზებს. ეს საერთო კვლევა უნდა გაგრძელდეს და განვითარდეს იმ სულისკვეთებით, რომელიც არ არის არც პოლემიკური და არც ბოდიშის მომგვრელი, არამედ გამოირჩევა ავთენტური დიალოგითა და ურთიერთგაგებით“, - განაცხადაპაპმა ფრანცისკემ.


თავის მხრივ, პატრიარქმა ბართლომემ ნოემბრის დასაწყისში გამოხატა სურვილი, რომ მოინახოს აღდგომის აღნიშვნის საერთო თარიღი, რათა კათოლიკეებმა და მართლმადიდებლებმა იესო ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს ერთდროულად იზეიმონ.


პატრიარქის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ეკლესიის წარმომადგენლებს შორის შეთანხმების მისაღწევად. Vatican News-ის თანახმად, პატრიარქი მიიჩნევს, რომ კარგი იქნება ასეთი საერთო თარიღი დაინიშნოს 2025 წელს, როცა იქნება ნიკეის პირველი მსოფლიო კრების 1700 წლის იუბილე.


წყარო: www.catholicnewsagency.com


თაკო ფეიქრიშვილი


bottom of page