პაპმა და მსოფლიო პატრიარქმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ქრისტიანებს ერთობისკენ მოუწოდებს
- catholic.ge

- 19 minutes ago
- 3 min read
პაპმა და კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქმა სტამბოლის წმიდა გიორგის საპატრიარქო რეზიდენციაში ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომლითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს ქრისტიანული ერთიანობისა და აღდგომის საერთო თარიღის საკითხებისადმი ერთგულება. ასევე გაავრცელეს ომის ტრაგედიის „დაუყოვნებლივ“ დასრულების მოწოდება.

პაპმა ლეონ XIV–მ და პატრიარქმა ბართლომეოსმა, წმ. პეტრესა და წმ. ანდრიას მემკვიდრეებმა, 29 ნოემბერს, იზნიქის ტბის სანაპიროზე ნიკესი კრების 1700 წლისთავი აღნიშნეს; 30 ნოემბრის დილას ისინი კვლავ შეიკრიბნენ მრგვალი მაგიდის გარშემო ეკლესიებისა და საკრებულოების წინამძღოლებთან ერთად, მორ ეფრემის (წმიდა ეფრემი) ასირიულ ეკლესიაში; ხოლო შუადღისას, ერთად ილოცეს წმიდა გიორგის საპატრიარქო ეკლესიაში, რომელსაც თან ახლდა სხვადასხვა ენაზე შესრულებული ჰიმნები და ლიტანიები, გაჟღენთილი საკმევლისა და სანთლების სურნელით.
ბოლოს, კი ფანარი – კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს რეზიდენცია, რომელიც თურქეთში პაპის მოგზაურობის ერთ-ერთ მთავარ ცენტრს წარმოადგენდა, ერთობლივი დეკლარაციას ხელისმოწერის ადგილად იქცა.
პაპი და კონსტანტინოპოლის პატრიარქი დოკუმენტში კიდევ ერთხელ ადასტურებენ აღდგომის საერთო თარიღით აღნიშვნის სურვილს; ასევე ყველა ქრისტიანს შორის სრული თანაზიარების აღდგენის სურვილს, როგორც ეს იზნიქში, ისტორიულ ნიკეაში, ერთობლივი ლოცვით გამოხატეს. მათ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ყველას, ვისაც სამოქალაქო და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აკისრია უარი თქვან „რელიგიისა და ღვთის სახელით ძალადობის გამართლებაზე“, გააკეთონ ყველაფერი, რაც შესაძლებელია, რათა ომის ტრაგედია დაუყოვნებლივ დასრულდეს.

ძმობის გზაზე
იერარქებმა დეკლარაციას ხელი მოაწერეს მსოფლიო საპატრიარქოს მფარველი წმიდანის, წმიდა ანდრიას დღესასწაულის წინა დღეს, რეზიდენციის დარბაზში. ღონისძიებას ესწრებოდნენ კარდინალები და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც ტექსტის ხელმოწერას აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
პატრიარქმა ბართლომეოსმა პაპ ლეონ XIV -ს საჩუქრად გადასცა საპაპო ჯვარი და სტოლა, ხოლო პაპმა პატრიარქს ქრისტე პანტოკრატორის (ცისა და მიწის მეფის) ხატი უსახსოვრა, იმ გამოსახულების ასლი, რომელიც რომში, სანტა პრაქსედის ბაზილიკას ამშვენებს.
ეს ქმედება გამოხატავს „ძმობის გზას“, რომელიც ჯერ კიდევ შექმნის პროცესშია და რომელიც სამოცი წლის წინ, პატრიარქმა ათენაგორამ და პაპმა პავლე VI-მ დაიწყეს, ხოლო ფრანცისკემ და ბართლომეოსმა აღადგინეს, როდესაც თითოეულმა ერთმანეთს „ძმა“ უწოდა. ძმობა, რომელიც ქმედებით გამოიხატა, პირველად ყოველგვარი პროტოკოლისა და რიტუალური ფორმალობის გარეშე, ზუსტად ათი წლის წინ, ამავე დარბაზში გამოიხატა.
ამჯერად, ლეონ XIV–მ გააგრძელა წინამორბედების მიერ გაკვალული გზა და საბოლოო მიზნისკენ სვლა, რომელსაც ერთიანობისკენ სწრაფვა ჰქვია. ქრისტიანებს შორის სრული ერთიანობისკენ, რომლის მიზანიც - როგორც პაპმა ქრისტიანული ეკლესიების, თემების ლიდერებსა და წარმომადგენლებს უთხა - 2033 წლის გამოსყიდვის იუბილეზე „სულიერი მოგზაურობისა“ და იერუსალიმში, სენაკში, ქრისტეს საიდუმლო ვახშმისა და სულთმოფენობის ადგილას „დაბრუნება“ იყო.

რწმენა, რომელიც აერთიანებს
„ჩვენ მტკიცე გადაწყვეტილებით ვაგრძელებთ დიალოგის გზას, სიყვარულითა და ჭეშმარიტებით, ჩვენს და-ძმურ ეკლესიებს შორის სრული ერთობის სასურველი აღდგენისკენ“, - ნათქვამია ერთობლივი განცხადების შესავალში.
პაპი და პატრიარქი მოუწოდებენ ეკლესიების ყველა წევრს სასულიერო პირებს, ბერ-მონაზვნებსა და საერო პირებს გულმოდგინედ ისწრაფონ იესო ქრისტეს მიერ მამისადმი აღვლენილი ლოცვის გასამეორებლად: „რათა ყველანი ერთნი იყვნენ”.... „არსებობს დაბრკოლებები, რომლებიც ხელს უშლის ქრისტიანებს შორის სრული ერთობის აღდგენას და რომ ისტორიულად განხეთქილების წყაროდ მიჩნეული საკითხები კვლავ განიხილება კათოლიკე და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის, თეოლოგიური დიალოგის საერთაშორისო ერთობლივი კომისიის მიერ, რომელსაც იერარქები კვლავ უცხადებენ სრულ მხარდაჭერას. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია იმის აღიარება, რაც გვაერთიანებს. კერძოდ კი ნიკეის სარწმუნოების სიმბოლო – ”მრწამსი”.
აღდგომის დღესასწაულობის საერთო თარიღი
„ამ საერთო „აღიარების საფუძველზე“, შეგვიძლია ერთად მიღვაღწოთ გულწრფელი იმედით კონკრეტულ გადაწყვეტილებების მისაღებად“, - ხაზგასმით აღნიშნავენ ლეონ XIV და ბართლომეოსი. ისინი იმედოვნებენ, რომ კრების 1700 წლისთავი გახდება „შთაგონება ახალი ნაბიჯებისაკენ“, ერთ-ერთი მათგანი კი აღდგომის საერთო თარიღის დადგინებაა, ყველა ქრისტიანისთვის. ერთი მხრივ, ეს საკითხი ასახავს მადლიერებას იმ დამთხვევისთვის, რომ გასულ წელს აღდგომა ერთსა და იმავე დღეს აღინიშნა მთელს ქრისტიანულ სამყაროში; მეორე მხრივ, არსებობს „საერთო“ სურვილი,“ გავაგრძელოთ შესაძლო გადაწყვეტის ძიების პროცესი, რათა ყოველწლიურად ერთად აღვნიშნოთ დღესასწაულთა დღესასწაული. ვიმედოვნებთ და ვლოცულობთ, რომ ყველა ქრისტიანი სიბრძნითა და სულიერი გამჭრიახობით, შეუერთდება პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიდებული აღდგომის საერთო თარიღით აღნიშვნის მიღწევას. მოვუწოდებთ მათ, ვინც ჯერ კიდევ ყოყმანობს დიალოგში ჩასართავად, მოუსმინონ იმას, რასაც სულიწმიდა ეკლესიებს ეუბნება, რომელიც მოგვიწოდებს ისტორიულ კონტექსტში, მსოფლიოს წარვუდგინოთ მშვიდობის, შერიგებისა და ერთიანობის ახალი მოწმობა“, - ნათქვამია დეკლარაციაში.

არა ომს
„მშვიდობა“ - ამ სიტყვას რამდენჯერმე იმეორებენ პაპი და პატრიარქი დოკუმენტში და ღვთაებრივ მადლს გამოსთხოვენ უფალს მთელი მსოფლიოსთვის: „სამწუხაროდ, ბევრ რეგიონში კონფლიქტი და ძალადობა კვლავაც ანგრევს მრავალი ადამიანის ცხოვრებას. მოვუწოდებთ მათ, ვისაც სამოქალაქო და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აკისრია, გააკეთონ ყველაფერი, რათა დაუყოვნებლივ დასრულდეს ომის ტრაგედია“.
ერთობლივი განცხადება კიდევ ერთხელ უარყოფს „რელიგიისა და ღვთის სახელით ნებისმიერი ძალადობის გამართლებას: „ჩვენ გვჯერა, რომ ნამდვილი ინტერრელიგიური დიალოგი, რომელიც სინკრეტიზმისა და დაბნეულობის მიზეზი არ იქნება, აუცილებელია სხვადასხვა ტრადიციებისა და კულტურის წარმომადგენლების თანაარსებობისთვის. “Nostra Aetate”-ის (ვატიკანის მეორე კრების დეკლარაცია) 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, იერარქები მოუწოდებენ ყველა კეთილი ნების ადამიანს, ერთად იღვაწონ უფრო სამართლიანი და ერთიანი სამყაროს ასაშენებლად და იზრუნონ ქმინლებებზე, რომელიც ღმერთმა მოგვანდო. „მხოლოდ ამ გზით შეუძლია კაცობრიობას დაძლიოს გულგრილობა, ბატონობის სურვილი, მოგების წყურვილი და ქსენოფობია“.
არსებული საერთაშორისო ვითარების გამო, შეშფოთება საკმადოა ღრმაა, თუმცა ლეონ XIV-ისა და ბართლომეოსისათვის იმედი უფრო ძლიერია: „ღმერთი კაცობრიობას არ მიატოვებს“.
შოთა გიქოშვილი









![‘უფალო, სად მიდიხარ?' – ადგილი, სადაც იესო და პეტრე ერთამანეთს შეხვდნენ [ფოტო]](https://static.wixstatic.com/media/3230ff_0e5b0379f978479ab6d154610f4dc77a~mv2.jpg/v1/fill/w_800,h_534,al_c,q_85,enc_avif,quality_auto/3230ff_0e5b0379f978479ab6d154610f4dc77a~mv2.jpg)
Comments