პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში აღმოსავლეთის ქრისტიანებისთვის სამლოცველო იკურთხა
- catholic.ge

- Jun 12
- 2 min read
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში აღმოსავლეთ ქრისტიანებისადმი მიძღვნილი სამლოცველო განთავსდა წმიდა იოანე ნათლისმცემლისა და ახალი აღთქმის ტრანსეპტებს შორის.

2025 წლის 28 მაისს, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ეპისკოპოსმა ოლივიე რიბადო დიუმამ, სამლოცველო „L'Œeuvre d'Orient“-ის ყოფილი დირექტორის, ეპისკოპოს პასკალ გოლნიშისა და აღმოსავლეთ კათოლიკური ეკლესიების წარმომადგენლების თანამონაწილეობით აკურთხა.
სხვა ბევრ ოსტატს შორის, ამ სამლოცველოს შექმნაში დიდი წვლილი შეიტანა „Bois d'Icone“-ის სახელოსნოს უფროსმა, შარლ ემანუელ გიზიმ. მან საგულდაგულოდ და სრული სიზუსტით მოამზადა ხის დაფები, რომლებზეც აღმოსავლურ სტილში დაიწერა ხატები. ხატები შესრულებულია ერთსა და იმავე ხეზე — ეს არის ცაცხვი, რომელიც დაახლოებით 25 წლის წინ მოიჭრა შარანტის რეგიონში. ხატების ერთსა და იმავე სახეობის ხისგან დამზადება, აღმოსავლური ეკლესიების ერთობისთვის, არამხოლოდ სიმბოლურად არის მნიშვნელოვანი, არამედ უზრუნველყოფს ხის თანაბარ და ჰარმონიულ მოქნილობას დროისა და ტენიანობის მიმართ.
რვა ხატიდან თითოეული დამფუძნებელ წმიდანს წარმოადგენს, რომელიც დაკავშირებულია ქრისტიანობის ისტორიულ კულტურებთან: კონსტანტინოპოლი, ალექსანდრია, ანტიოქია, იერუსალიმი, ბაღდადი, ასევე უფრო შორეულ ტერიტორიებთან, როგორიცაა სომხეთი, ეთიოპია და ინდოეთი.
აღმოსავლურ ქრისტიანული ღვთისმსახურებაში ხატს ცენტრალური ადგილი უკავია. ამ ტერმინის მიღმა დგას ხის დაფა ოქროსფერი ფონით, რომელზეც გამოსახულია ქრისტე, ღვთისმშობელი ან სხვა რომელიმე წმინდანი. ხატისადმი პატივის მიგებით მორწმუნეები შედიან ღმერთთან კავშირში.
ხატის ტრადიცია VI საუკუნეში ბიზანტიის იმპერიაში გაჩნდა და შუა საუკუნეებში განვითარდა, რასაც მხარს უჭერდა გამოსახულების ჭეშმარიტი თეოლოგია, რომელიც VIII საუკუნის ხატმებრძოლეობის დავების შემდეგ ჩამოყალიბდა. ბიზანტიის მისიონერულ საქმიანობას ბულგარეთში, სერბეთსა და თვით რუსეთშიც კი, თან ახლდა ხატების გავრცელება მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში. ასეთი ფართო გავრცელების მიუხედავად, ამ წმიდა მხატვრობაში ღრმა ერთიანობაა, ღია ფანჯარა უხილავისაკენ.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარსა და აღმოსავლეთის ეკლესიებს შორის განსაკუთრებული კავშირი 2019 წლის 15 აპრილის ხანძრის შემდეგ გაძლიერდა. ტრაგიკული მოვლენის შემდეგ აღვლენილი პირველი წირვის დროს, „L'Œuvre d'Orient“-ის გენერალურმა დირექტორმა, პასკალ გოლნიშმა, პარიზის მთავარეპისკოპოსს მეგობრობის ნიშნად ალეპოს მარონიტების მთავარეპისკოპოსისგან, ტობჯასგან ჯვარი (მარკ კუტურიეს ჯვრის მინიატიურული ასლი) გადასცა. ეს ჯვარი მუსლიმმა მოქანდაკემ იმ ქვისგან გამოკვეთა, რომელზეც ალეპოს ტაძრის ძველი ნაგებობა იდგა და რომელიც 2012 წლის აგვისტოში დაბომბვის შედეგად ჩამოინგრა. ალეპოს ტაძარი ამჟამად ფრანგი დონორების შემოწირულობების წყალობით აღდგენილია.
რვა ხატმწერს შორის, რომლებიც „ნოტრ–დამის“ აღმოსავლელ ქრისტიანთა სამლოცველოს ხატებზე მუშაობდნენ, ერთ-ერთი სწორედ ალეპოში ცხოვრობს და იქ მუშაობს — ქალაქში, რომელიც კვლავ კონფლიქტის ეპიცენტრშია.
წყარო: www.acistampa.com
შოთა გიქოშვილი










Comments