top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

რაბათის ტაძრის ეზოში ორ საფლავზე ქვები დაიდგა

რაბათში, სავარდის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ეზოში არსებულ ორ საფლავზე წარწერიანი ქვები დაიდგა.

ამ ტაძრის ერთ–ერთი მოძღვრის, კათოლიკე მღვდლისა და პუბლიცისტის მამა ივანე გვარამაძის, ასევე მეფე ერეკლე II -ის მრჩევლის, სოლომონ ლიონიძის საფლავებზე ქვები ამავე პიროვნებების გამოსახულებითა და აღწერილობით, მესხეთში მცხოვრებმა კათოლიკემ, ზაზა ვარდიძემ დადგა.


საფლავები და ქვები 2023 წლის 23 ნოემბერს კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ აკურთხა.


კურთხევის დროს იმყოფებოდნენ თავად ზაზა ვარდიძე, ეპისკოპოსის გენერალური ვიკარიუსი მამა ზურაბ კაკაჩიშვილი, რაბათის ტაძრის წინამძღვარი მამა მარეკ პჟეჩევსკი და დედათა მონასტრის მონაზონი, და მარია–მეტილდე დანიელი.


მამა ივანე გვარამაძე ახალციხის ქალაქ ვალეში დაიბადა. დაწყებითი სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლობდა კონსტანტინოპოლის სასულიერო სასწავლებელში, სადაც ქართველ განმანათლებელ და კათოლიკე ბერს პეტრე ხარისჭირაშვილს 1850 წელს დაარსებული ჰქონდა სამონასტრო სასწავლებელი "ფერიქოა";


სწავლა განაგრძო ვატიკანის, იტალიისა და საფრანგეთის სასულიერო-კათოლიკურ ცენტრებში. 1860-იანი წლების დამლევს მღდვლად ეკურთხა; ეწეოდა პედაგოგიურ და პუბლიცისტურ მოღვაწეობას;


იგი "ვინმე მესხის" ფსევდონიმით რეგულარულად აქვეყნებდა წერილებს "ივერიაში," "დროებასა" და "სახალხო ფურცელში".


იგი თავისი პუბლიცისტური, პედაგოგიური და ეთნოგრაფიული ინტერესების გამო დაუახლოვდა ილია ჭავჭავაძეს; 1870-ანი წლებიდან მისი პედაგოგიური მოღვაწეობიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1882 წელს გამოცემული "ქართლის ცხოვრება" – "სასწავლებელში მყოფ მოწაფეთა და ყოველთა ქართველთა საკითხავად" და 1885 წელს გამოცემული "ქართული ენის საუნჯე". მან აღმოაჩინა და მომავალი სასულიერო და სამეცნიერო გზა გაუკვალა მიხეილ თამარაშვილს. მისი თაოსნობით მიმდინარეობდა განმანათლებლური მოღვაწეობა და მისიონერული ქადაგება გათურქებულ მესხებს შორის. კოტე გვარამაძის (მესხი) მამა.

რაც შეეხება სოლომონ ლიონიძეს, იგი დაიბადა 1754 წელს, თელავის რაიონში. იყო ერეკლე მეორეს კარზე დაწინაურებული პირი, მეფის მრჩეველი. იგი აქტიურად მონაწილეობდა იმ დელეგაციაში, რომელმაც გეორგიევსკში, 1783 წელს გააფორმა ტრაქტატი ქართლ–კახეთის სამეფოსა და რუსეთს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე მას უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა, მაინც შეასრულა ერეკლე II–ის ბრძანება. [...] სოლომონ ლიონიძე არ იზიარებდა მეფის გეგმას – რუსეთთან დაახლოებას, რამაც გავლენა იქონია მათ ურთიერთობაზე. ალექსანდრე ორბელიანის ცნობით, ამ მიზეზითა და ფეოდალთა ინტრიგებით, ერეკლე მეფესა და სოლომონს შორის ურთიერთობა საბოლოოდ 1796 წელს დაიძაბა. იგი შერისხა მეფემ, რის შემდეგაც იმერეთს შეაფარა თავი. ეს გათიშვა არ აღმოჩნდა ხანგრძლივი – მეფემ შეიცნო კარისკაცის სიმართლე, მისი უანგარო ერთგულება და შეირიგა.


ერეკლე მეორის გარდაცვალების შემდეგ (1798) შემდეგ სოლომონ ლიონიძე ერთხანს ისევ აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართლ-კახეთის სახელმწიფო საქმეებში.


1802 წლიდან იგი კვლავ იმერეთში გადავიდა, სადაც სოლომონ II-ის სამეფო კარზე დიდი პატივით მიიღეს... 1803 წელს სოლომონ ლიონიძე, როგორც იმერეთის მეფის ელჩი, დიპლომატიური მისიით მივლენილ იქნა რუსეთში, ალექსანდრე პირველის კარზე, მაგრამ მ ისმა ელჩობამ უქმად ჩაიარა, რადგან ხელმწიფე–იმპერატორამდე არ მიუშვეს. რუსეთის სამეფო კარს იმ დროს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა იმერეთის სამეფოს ბედი.

1804 წელს სოლომონ ლიონიძე პეტერბურგიდან დაბრუნდა იმერეთში და ერთხანს სამეფო საქმეებს ასრულებდა. 1810 წელს რუსეთმა მიიჩნია, რომ შეიქმნა ხელსაყრელი დრო იმერეთის სამეფოს გაუქმებისთვის: "1810 წლის 1 აპრილს, მეფე სოლომონ II მოტყუებით დაატყვევეს.მისი უახლოესი და უერთგულესი კანცლერი სოლომონ ლიონიძე და მეფის სიძე მალხაზ ანდრონიკაშვილი თავად აბაშიძესთან და პატრ ნიკოლასთან ერთად ახალციხეში გადავიდნენ". [...] 1811 წელს, ქვეყანაში გავრცელებულმა სენმა – "შავმა ჭირმა" იმსხვერპლა საქართველოს უკანასკნელი კანცლერი სოლომონ ლიონიძე.


ამგვარად, იგი გარდაიცვალა 1811 წელს ახალციხეში და იქვე დაკრძალეს.


თაკო ფეიქრიშვილი




bottom of page