top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპი ლეონ XIV თურქეთსა და ლიბანში ჩავა – პროგრამა

27 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე პაპი ლეონ XIV, პირველ სამოციქულო მიმლოცველობას გამართავს – თურქეთსა და ლიბანში. ვიზიტების პროგრამა წმიდა საყდრის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.

 

ree

მომლოცველობა, რომელიც ნიკეის კრების 1700 წლისთავს ეძღვნება, 27 ნოემბერს ანკარაში დაიწყება. დედაქალაქში ჩასვლის შემდეგ, წმიდა მამა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება, რის შემდეგაც მიმართავს საზოგადოებას, ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. იმავე საღამოს პაპი სტამბოლში გაემგზავრება.

 

28 ნოემბერს, ლეონ XIV შეხვერდას გამართავს სულიწმინდის სახელობის საკათედრო ტაძარში, ადგილობრივ ეპისკოპოსთან, სასულიერო პირებთან, ბერ-მონაზვნებთან და პირებთან, რომლებიც სამწყსო მსახურებაში არიან ჩართულები. ამის შემდეგ, პაპი ესტუმრება თავშესაფარს, რომელსაც „უპოვართა მცირე დები“ ხელმძღვანელობენ.

 

დღის მეორე ნახევარში, პაპი ვერტმფრენით გაემგზავრება ნიკეაში — დღევანდელ იზნიქში, სადაც წმიდა ნეოფიტეს უძველესი ბაზილიკის ნანგრევებთან ეკუმენურ ლოცვას დაესწრება.

 

საღამოს იგი დაბრუნდება სტამბოლში და სამოციქულო დელეგაციის შენობაში ეპისკოპოსებთან შეხვედრას გამართავს.

 

29 ნოემბერს პაპი ესტუმრება სულთან აჰმედის მეჩეთს, რომელიც ცნობილია როგორც „ლურჯი მეჩეთი“. ამის შემდეგ გაიმართება შეხვედრა მორ ეფრემის სახელობის სირიულ-მართლმადიდებლურ ეკლესიაში ადგილობრივი ეკლესიების ხელმძღვანელებთან და ქრისტიანული თემების ლიდერებთან. 

 

დღის მეორე ნახევარში, ლეონ XIV დაესწრება სამადლობელო ლოცვას წმიდა გიორგის სახელობის საპატრიარქო ტაძარში, შეხვდება პატრიარქ ბართლომე I-ს და პატრიარქის რეზიდენციაში, პატრიარქთან ერთად ხელს მოაწერს ერთობლივ დეკლარაციას.  

 

დღე დასრულდება სადღესასწაულო წმიდა წირვით სტამბოლში Volkswagen Arena-ზე.

 

30 ნოემბერს, კვირას, წმიდა მოციქულ ანდრიას ხსენების დღეს, პაპი ესტუმრება სომხური სამციქლო ეკლესიის საკათედრო ტაძარს, რის შემდეგაც გაემგზავრება ფანარში და დაესწრება ღვთისმსახურებას წმიდა გიორგის სახელობის საპატრიარქო ტაძარში. საერთო ეკუმენური კურთხევის შემდეგ, წმინდა მამა ისადილებს პატრიარქ ბართლომეოსთან ერთად.

 

დღის მეორე ნახევარში, პაპი სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტიდან გაფრინდება ლიბანში, სადაც დაიწყებს სამოციქულო ვიზიტის მეორე ნაწილს.

 

ბეირუთში ჩასვლის შემდეგ, ლეონ XIV გამართავს შეხვედრებს ქვეყნის პრეზიდენტთან და რესპუბლიკის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან, რის შემდეგაც, სიტყვით მიმართავს ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.


1–ელი დეკემბერი დაიწყება წმიდა შარბელ მახლუფის საფლავის მოლოცვით ანნაში, წმიდა მარონის მონასტერში. იქიდან ლეონ XIV გაემგზავრება ჰარიშში, ლიბანის ყოვლადწმინდა ქალწულის სანქტუარიუმში, სადაც შეხვდება ეპისკოპოსებს, სასულიერო პირებს, ბერ-მონაზვნებსა და თანამშრომლებს.


სამოციქულო ნუნციატურაში გაიმართება პაპის პირადი აუდიენცია აღმოსავლეთის კათოლიკური ეკლესიების პატრიარქებთან. სადილის შემდეგ, დაგეგმილია ეკუმენური და ინტერრელიგიური შეხვედრა ბეირუთში, „მოწამეების მოედანზე“. დღე დასრულდება ბქერქში ლიბანელ ახალგაზრდებთან შეხვედრით.


2 დეკემბრის დილას, წმიდა მამა ესტუმრება De La Croix-ის საავადმყოფოს ჯალ-ედ-დიბში, შეხვდება პაციენტებსა და სამედიცინო პერსონალს.


 9:30 საათზე, იგი მდუმარებაში აღასრულებს ლოცვას ბეირუთის პორტში, 2020 წელს მომხდარ აფეთქების ადგილზე.


სამოციქულო ვიზიტის ბოლოს, პაპი აღავლენს სადღესასწაულო წმიდა წირვას ბეირუთის სანაპიროზე. რის შემდეგაც, წმიდა მამა გაემგზავრება რომში და იტალიის დროით 16:00 საათზე თვითმფრინავი ფიუმიჩინოს აეროპორტში დაეშვება.

 

 შოთა გიქოშვილი

 

 

Comments


bottom of page