top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

რამდენიმე ცნობა კათოლიკურ ჟურნალ „ჯვარი ვაზისას“ შესახებ

  • 4 hours ago
  • 3 min read

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს ჩატარდა მე-9 საერთაშორისო სიმპოზიუმი ,,კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში“. სიმპოზიუმის ლოგოდ შეირჩა კონკრეტული გამოსახულება, რომლის ისტორიას ეხმიანება ქვემოთ მოცემული წერილი.



1906 წლის 26 მარტს, თბილისში, ცნობილი კათოლიკე მოღვაწის დომინიკე მუღაშაშვილი-პაწაძის რედაქტორობით, გამოიცა სურათებიანი ყოველკვირეული კათოლიკური საეკლესიო ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“. სულ გამოიცა 18 ნომერი, ბოლო ნომერი გამოიცა 24 სექტემბერს. ქართველ კათოლიკეთა ჟურნალი მხარს უჭერდა ქართველ სასულიერო და საერო პირებს ავტოკეფალიისათვის ბრძოლაში.


ჟურნალის სახელწოდება აღებულია წმინდა ნინოს ვაზის ჯვრისგან. მისისახელწოდებას ამართლებს ჟურნალის პირველ გვერდზე მოთავსებული ნახატი, რომლის მარცხენა მხარეს გამოსახულია კათოლიკე ეკლესიის იერარქი, პაპი ჯვრითა და კვერთხით კათოლიკური კათედრალის ფონზე; მარჯვენა მხარეს წარმოდგენილია საქართველოს ლანდშაფტი, სვეტიცხოვლის ფონზე, მართლმადიდებელ იერარქთან ერთად.


ჩვენ მიერ განხილული სურათის ფრაგმენტების შუა ნაწილში წარმოდგენილია ღვთისმშობლის წინაშე დამხობილი წმინდა ნინო ვაზის ჯვრით. ღვთისმშობლის მარცხენა ხელი მიმართულია საქართველოსაკენ, რაც გულისხმობს წმინდა ნინოს მისიონერულ მოღვაწეობას საქართველოში. სურათის ზემო ნაწილს ამშვენებს წარწერა „ჯვარი ვაზისა“. სურათის ქვემოთ, შუა ნაწილში, ოთხკუთხედში მოთავსებულია საქართველოს გერბი ორი ფაფარაყრილი ლომისა და უფლის კვართის გამოსახულებით.

აქვე წარმოდგენილია სამეფო გვირგვინი, მარცხნივ და მარჯვნივ ანგელოზთა გამოსახულებით, დავით მეფსალმუნე ქნართან, შურდულთან და სასწორთან ერთად.


ეს სურათი, რომელსაც აღვწერთ, ჟურნალის ყველა ნომრის პირველ გვერდზე, ზემო ნაწილშია განთავსებული და დღევანდელი გაგებით იგი ჟურნალის ლოგოს წარმოადგენს. სურათის ქვედა ნაწილში განთავსებული საქართველოს გერბი, ჩვენი აზრით, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ეკლესიის თავისუფლებასთან ერთად ჟურნალი ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის მომხრე იყო. თუმცა მასში სახელმწიფოებრიობის აღდგენასთან დაკავშირებით არაფერია ნათქვამი, როგორც ჩანს, ცენზურის გამო.


ჟურნალში „საქართველოს სიძველეთა“ რუბრიკის ფორმატში დაბეჭდილია საქართველოს გერბის ფოტოსურათები და მოცემულია მათი აღწერა.


1906 წელს თბილისში გამოცემულმა კათოლიკურმა ჟურნალმა „ჯვარი ვაზისა“ საინტერესო მოგონებები შემოგვინახა გაბრიელ ეპისკოპოსის დაკრძალვასთან დაკავშირებით. ცნობილია, რომ ეპისკოპოსი 1896 წლის 26 იანვარს გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, დიდთოვლობის გამო, იგი 44 დღის შემდეგ, 10 მარტს დაკრძალეს. დიდთოვლობა დიდხანს არ გაგრძელებულა.


ირკვევა, რომ აღნიშნული განპირობებული იყო სულ სხვა ფაქტორებით, რომელიც კარგად არის ახსნილი გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში. მისი ავტორი აღნიშნავს, რომ ამ ხნის განმავლობაში ეპისკოპოს გაბრიელის ნეშტი არ გახრწნილა და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენლები მათ შორის ქართველი კათოლიკეებიც პატივს მიაგებდნენ გარდაცვლილს. გაზეთები აღნიშნავდნენ, რომ ავადმყოფები გაბრიელის სხეულთან მიახლოებისას ინკურნებოდნენ. კათოლიკური ჟურნალის „ჯვარი ვაზისას“ კორესპოდენტი აღნიშნავს, რომ „...ხალხი ნამდვილის რელიგიური მოწიწებით უყურებდა ეპისკოპოზ გაბრიელს და მის ნაშთს. ხალხმა თავის უბრალო, უგვირგვინო მოწმობა გრძნობაში წმიდად მიიღო წმიდა დაწყებითა რიცხვში ჩარიცხა. დააკანონებდნენ ამას თუ არა, ხალხისთვის სულ ერთი იყო.“ პუბლიკაციის ავტორი აღნიშნავს გაბრიელის დაკრძალვის დღეს მონაწილე სხვადასხვა კონფენსიის წარმომადგენელთა საერთო აზრს, რომ გაბრიელ ეპისკოპოსი „ნამდვილად ღვთაებრივი კაცი იყო.“ იგი გადმოგვცემს ებრაელთა რაბინის მონათხრობს, რომელიც თურმე დაკრძალვის დღეს ითხოვდა განსვენებულის ცხედართან სიტყვის წარმოთქმას და გამოხატავდა სხვადასხვა კონფესიათა განწყობას: „ეგ იყო ყველა, ჩვენი რჯულის განურჩევლად, მამა და მოძღვარი და პიროვნულად ჩემი აღმზრდელი და განმასწავლებელი.“



XX საუკუნის დასაწყისში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხებს აქტიურად აშუქებდა. „ჯვარი ვაზისას“ მეორე ნომერში გამოქვეყნებულია ჟურნალ „მწყემსიდან“ და გაზეთ „ცნობის ფურცლიდან“ გადმობეჭდილი წერილი, რომელიც ეხება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს. მასში შეფასებულია რუსეთის უწმინდეს სინოდში ამ საკითხზე 1906 წლის იანვარში გამართული დებატები, რომელშიც დაფიქსირებულია რუსეთის ოფიციალური წრეების შეხედულება, რომ თითქოს საქართველოს ეკლესიას არასოდეს ჰქონია ავტოკეფალია. წერილში ხაზგასმულია, რომ საქართველოს წარმომადგენლებმა ეპისკოპოსებმა კირიონმა და ლეონიდემ ისტორიული წყაროების მოშველიებით დაადასტურეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის სიძველე. ამავე ნომერში უარყოფილია ის აზრი, რომ თითქოს ავტოკეფალიის მოთხოვნა მხოლოდ რამდენიმე ქართველი სასულიერო პირის სურვილი იყო და არა მთელი ერის მოთხოვნა.


საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერასთან ერთად, ჟურნალი დიდ ადგილს უთმობდა ისტორიულ წარსულში საქართველოს ეკლესიის როლს ქართული კულტურის, სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული ფასეულობების ჩამოყალიბებაში. უცნობი ავტორი მაღალ შეფასებას აძლევს სასულიერო მწერლობას, ქართულ მრავალხმიან გალობას, სამონასტრო ცხოვრების განვითარებას და სხვა. წარსულის გაიდიალების ფონზე, პუბლიკაციაში გაკვრით მინიშნებულია აწყმოში არსებული მძიმე მდგომარეობა და გამოთქმულია იმედი, რომ მალე სასიკეთოდ შეიცვლება ვითარება.


ჟურნალში გამოქვეყნებულია ეპისკოპოს ლეონიდე ორქოპირიძის ორი სტატია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ. აღნიშნულ წერილებში გაკრიტიკებულია ცარიზმის ხელისუფლების ანტისაეკლესიო პოლიტიკა და აღნიშნულია, რომ ავტოკეფალიის მოთხოვნა მრავალრიცხოვანი ქართველი საერო და სასულიერო პირთა მოთხოვნაა, რომ ამით აღდგეს ისტორიული სამართლიანობა.


გარდა ავტოკეფალიის საკითხებისა ჟურნალში დიდი ადგილი დაეთმო საქართველოს ეკლესიის წარსულის ჩვენებას. გამოქვეყნდა წმინდა ნინოს შესახებ ცნობები, დაიბეჭდა წმ. ნინოს ხატები, მათ შორის წმ. ნინოს ხატი რომაული მხატვრობით. აქვე დაბეჭდილია აკაკი წერეთლის პოემა „წმიდა ნინო“ და სხვა.


ჟურნალში მიხეილ თამარაშვილის ნაშრომიდან გადმობეჭდილია 596 წლით დათარიღებული პაპ გრიგოლ პირველის წერილი იბერიის კათოლიკოს კირიონს; მიხეილ თამარაშვილის ნაშრომიდან აგრეთვე გამოქვეყნდა საქართველოში კათოლიკობის გავრცელების მოკლე ისტორია და სხვა.

ელდარ ბუბულაშვილი

ჟურნალი "საბა", 2026, აგვისტო                                                               


Comments


bottom of page