იტალიელი მოხალისეები საქართველოში
- 2 days ago
- 2 min read
თბილისის საკათედრო ტაძარში, მარიამის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ მშვენიერ წმინდა წირვაზე, შეუძლებელი იყო თვალი არ მოგეკრათ რომიდან ჩამოსული ახალგაზრდების მცირე ჯგუფისთვის, რომელთაც საიუბილეო წლის ოფიციალური მაისურები ეცვათ.

წმინდა საყდრის დესპანის მრჩეველი, მონსენიორ ალექსანდრ რაჰინია მათ მიესალმა და უწოდა „პაპის კეთილი განწყობა საქართველოს მიმართ“, ხოლო წმინდა წირვისას, ოფერტორიუმზე, მათ მიერ ძღვენის მიტანამ, ლიტურგიაზე დამსწრეთა ინტერესი ნამდვილად გამოიწვია და იმედია, გულწრფელი სიხარულიც; ისეთი, როგორიც ყოველთვის მოაქვთ ახალგაზრდებს, როდესაც ისინი საქმეში ებმებიან.
ჩვენ, მცირე ჯგუფი, რომელიც შედგება ორი გოგონას, ოთხი ბიჭისა და ერთი მღვდლისგან, რომის „ვილა ჩიჯის“ სტიგმატელთა, წმინდა სამების სამრევლოდან ვართ. საქართველოში 12 აგვისტოს ჩამოვედით და ქუთაისში, „კარიტასის“ მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდულ ცენტრში ვმსახურობთ. ხოლო მასპინძლობას გვიწევს სტიგმატელთა კონგრეგაცია, რომელიც უკვე მრავალი წელია იღებს იტალიიდან ზაფხულობით ჩამოსულ მოხალისეებს.
ჩვენ საქართველოში დავრჩებით 26 აგვისტომდე, იმისთვის, რომ საქართველო იმ ბავშვების გამოცოცხლებული თვალებით შევიცნოთ, რომლებთანაც ვმსახურობთ; სიამოვნებით ვუდგავართ მათ გვერდით, რათა მშვიდი დღეები ვაჩუქოთ და ჩვენც მათთან ერთად გავიზარდოთ ცოდნითა და გამოცდილებით. გვჯერა, რომ საუკეთესო გზა, რომლითაც ეს ულამაზესი ქვეყანა ჩვენს გულებში დარჩება – ურთიერთგაზიარებაა.
ქართველმა ბავშვებმა, სტიგმატელმა მამებმა და წმ. იოსების მცირე ასულთა კონგრეგაციის დებმა, რომლებიც ყურადღებასა და მზრუნველობას არ გვაკლებენ, დროთა განმავლობაში თანამშრომლობის საოცარი ატმოსფერო შექმნეს, რამაც თავი საკუთარ სახლში გვაგვრძნობინა. ჩვენი დღეები მხიარულებასა და ერთმანეთის გაგების მცდელობაში გადის. არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ პირველ რიგში, გულით.
გასულ უქმეებზე საშუალება გვქონდა თბილისი მოგვენახულებინა, რათა გაგვეცნო ეს ულამაზესი ქალაქი და რაც მთავარია, კათოლიკე მრევლი, რომელიც მეუფე ჯუზეპე პაზოტოს ირგვლივ იყო შეკრებილი. ოფიციალური შეხვედრების დასრულებისთანავე, მეუფემ თავისი დრო მთლიანად ჩვენ დაგვითმო და ქალაქის დათვალიერებაში დაგვეხმარა.
ეს ძვირფასი შეხვედრები მომდევნო უქმეებზე სამხრეთ საქართველოსკენ გაგვიძღვება, რათა შევხვდეთ ზოგიერთ მეგობარს, რომლებიც ჩვენთან ერთად იყვნენ იტალიაში და ასევე მოვინახულოთ ქართული სულიერებისა და ისტორიის ღირსშესანიშნავი ადგილები. სწორედ ასე გამოვიყენებთ იმ ცოტაოდენ თავისუფალ დროს, რომლებიც მრავალი საზაფხულო აქტივობიდან გამოვნახეთ.
ჩვენთვის დიდი პრივილეგიაა ამ გამოცდილების მიღება მიწაზე, რომელიც გვთავაზობს სრულიად განსხვავებული პერსპექტივებით სავსე ისტორიას. ეს ყოველივე გვამდიდრებს და ვიმედოვნებთ, რომ შინ დავბრუნდებით უამრავი პატარა და მშვენიერი ამბით, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, უფრო ფართოდ გახსნილი გულით, თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ მასში დაეტიოს ყველა ის ადამიანი, ვინც დღითიდღე შემოდის თავისი უბრალოებითა და ენერგიით.
მადლობას ვუხდით ქუთაისელ დებსა და მამებს ამ შესაძლებლობისთვის, ასევე იმ მრავალ ადამიანს, ვინც ღიმილითა და თავისი ისტორიით შეგვხვდა და კიდევ უამრავ სხვა ადამიანს, რომელთა გაცნობაც გვსურდა, რათა ყველასთვის მიგვეტანა ის სითბო, რომელიც სინამდვილეში, პირველად სწორედ ჩვენ მივიღეთ მათგან.
მამა რაფაელე, ემანუელა, მარტა, ალესანდრო, სავერიო, დავიდე და ლეონარდო.





Comments