top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

რას გვეუბნება ლოცვა “გიხაროდენ ” – პაპის განმარტებანი

ალბათ იშვიათია მორწმუნე კათოლიკე, რომელმაც ზეპირად არ იცის, ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ლოცვა „გიხაროდენ“. თუმცა რამდენ ჩვენგანს ესმის მისი ღრმა შინაარსი, საკითხავია. წიგნში, “Maria Mamma di Tutti” (Edizioni San Paolo), ამ ულამაზესი ლოცვის არსზე თავად პაპი ფრანცისკე საუბრობს.


გიხაროდენ, მიმადლებულო


გაბრიელ მთავარანგელოზი მარიამს უწოდებს “მიმადლებულს” (ლუკ, 1,28). როგორც წმინდა მამა აღნიშნავს, მასში არა აქვს ადგილი ცოდვას. ღმერთმა ის იესოს დედად დასაწყისიდანვე აირჩია და ცოდვისგან დაიცვა. სიტყვა ხორცად იქცა მის წიაღში, ჩვენც უნდა ვუსმინოთ ღმერთს, რომელიც გვესაუბრება და უნდა მივიღოთ მისი ნება.


უფალი შენთან არს


„ის, რაც ქალწულ მარიამში განსაკუთრებული გზით მოხდა, სულიერი თვალსაზრისით ჩვენშიც აღწევს, მაშინ, როცა კეთილი და სუფთა გულით ვიღებთ ღვთის სიტყვას და ვახორციელებთ ჩვენს ცხოვრებაში“, - ამბობსპაპი.


უფალი მოდის, რათა ჩვენში დასახლდეს და პოულობს ადგილს იმ ადამიანებში, რომლებსაც იგი უყვართ. ამის გაგება არ არის მარტივი, თუმცა მისი შეგრძნება მარტივია.


ჩვენ გვგონია, რომ იესოს განკაცება მხოლოდ წარსულში მომხდარი ფაქტია, რომელიც პირადად ჩვენ სულაც არ გვეხება. თუმცა იესოს რწმენა, ნიშნავს ჩვენი სხეულის მისდამი მიძღვნას, ისეთივე თავმდაბლობითა და გამბედაობით, როგორც ეს მარიამმა გააკეთა.


კურთხეული ხარ დედათა შორის


როგორ განიცადა მარიამმა თავისი რწმენა? ჩვეულებრივად, დედისთვისჩვეული ყოველდღიური საზრუნავით. საჭმლის მომზადებით, სახლის დალაგებით... ღვთისმშობლის უბრალო ცხოვრების სტილი იყო ნიადაგი ღმერთსა და მას შორის, თავის ძესა და მას შორის არსებული განსაკუთრებული დიალოგისა და ურთიერთობისა.


კურთხეული არს ნაყოფი მუცლისაშენისა - იესო


მარიამი ფიზიკურად იღებს სულიწმინდის ძალას და შემდგომში გვაძლევს თავისი ძის სისხლსა და სხეულს, რომელიც მასში ფორმირდება, ასევე სულიერ დონეზე იღებს მადლს და მასზე პასუხობს რწმენით. წმინდა ავგუსტინე ამბობს, რომ სანამ მარიამის წიაღში ძე ჩაისახებოდა, მანამდე ის მის გულში ჩაისახა. თავდაპირველად, მარიამს რწმენა ჩაესახა და შემდეგ ქრისტე.


წმინდაო მარიამ,დედაო ღვთისაო


მაცხოვრის დედა გამუდმებით მიგვიძღვის წინ და განგვამტკიცებს რწმენაში, მოწოდებასა და მისიაში. ღვთის ნებაზე თავისი ღიაობითა და თავმდაბლობის მაგალითით გვეხმარება წარვმართოთ ჩვენი რწმენა სასიხარულო გზებზე, რომელიც კვეთს ყველა საზღვარს და აუწყებს სახარებას.


მეოხ მეყავნ ჩვენ ცოდვილთა


იმისათვის, რომ ლოცვის ეს მონაკვეთი უკეთ გავიზიაროთ, პაპი ფრანცისკე გვიყვება ერთ ისტორიას:


“მახსოვს, ერთ დღეს ლუიანაში, სანკტუარიუმში სააღმსარებლოში ვიჯექი, სადაც დიდი რიგი იდგა. ამ რიგში იდგა ერთი თანამედროვე, საყურეებიანი და ტატუებიანი ბიჭი. მოვიდა, რათა მოეყოლა ჩემთვის საკმაოდ რთული პრობლემის შესახებ, რომელიც შეხვდა. მითხრა, რომ დედას ესაუბრა, ხოლო მან გადაამისამართა ღვთისმშობელთან და უთხრა, რომ ის ეტყოდა თუ რაში იყო გამოსავალი. აი,ამ ქალს ნამდვილი მადლი ჰქონდა რჩევების მიცემისა. ამ უბრალო ქალმა თავის შვილს ყველაზე კარგი რჩევა მისცა. ამ ბიჭმა მითხრა, რომ როგორც კი მზერა ღვთისმშობელს მიაპყრო, მაშინვე იგრძნო თუ როგორ უნდა მოქცეულიყო. თქვენ, დედებო, რომლებსაც გაქვთ რჩევის მადლი, ღმერთს გამოსთხოვეთ იგივე მადლი თქვენი შვილებისათვის. შვილებისათვის მიცემული რჩევები ღვთის მადლია”.


აწ და ჟამსა სიკვდილისა ჩვენისასა

მივანდოთ ჩვენდამი ზრუნვა მარიამს, რადგან როგორციესოს დედამ, გვასწავლოს დედობრივი ზრუნვის გამოხატვა ჩვენი ძმებისადმი... რათა სუფთა გულით ვისწავლოთ მიღება, მიტევება, ძალის გაცემა, ნდობა და იმედი. სწორედ ასე იქცევა ყოველი დედა.

მარიამის გზა სასუფევლისკენ დაიწყო ნაზარეთში წარმოთქმული სიტყვით “დიახ“, რომლითაც მან ღვთის ანგელოზს უპასუხა. ჩვენშიც ასეა. ჩვენ მიერ წარმოთქმული “დიახ”, ნაბიჯია ზეცისკენ, ნაბიჯი მარადიული ცხოვრებისკენ“, წერს წმინდა მამა.


შოთა გიქოშვილი















bottom of page