რატომ განკვეთა ვატიკანმა ეკლესიიდან 6 ეპისკოპოსი – ქრონოლოგია
- 2 days ago
- 5 min read
შვეიცარიაში, „წმინდა პიუს X-ის სამღვდელო საძმოს“ რეზიდენციაში, ორი ეპისკოპოსის: დე გალარეტასა და ფელეს წინამძღოლობით გაიმართა ეპისკოპოსთა კურთხევის ცერემონია, რომელზეც მათ პაპის ნებართვა არ ჰქონდათ. ეს ორი ეპისკოპოსი და ასევე მათ მიერ ნაკურთხი 4 ახალი ეპისკოპოსი კათოლიკე ეკლესიამ განკვეთა.

„ეს ისტორიული დღეა - ამ აქტისთვის შესაძლო სასჯელებს ან სანქციებს ჩვენთვის არანაირი ფასი არ აქვს“, – ასე განაცხადა საძმოს წინამძღოლმა, პალიარანიმ 1–ელ ივლისს, შვეიცარიის ქალაქ ეკონში მაშინ, როცა „წმინდა პიუს X-ის სამღვდელო საძმოს“ მთავარ რეზიდენციაში, ლეფევრელებმა (იგივე წმინდა პიუს X-ის სამღვდელო საძმო, არქიეპისკოპოს მარსელ ლეფევრის მემკვიდრეები) ოთხი ახალი ეპისკოპოსი აკურთხეს. მათ ეს პაპის მანდატის გარეშე განახორციელეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საეპისკოპოსო ხელდასხმა შესრულდა პაპის წინასწარი ნებართვისა და ოფიციალური დანიშვნის გარეშე.
მიუხედავად ამისა, ახლადნაკურთხმა ეპისკოპოსებმა ლიტურგიით გათვალისწინებულ კითხვაზე: Habetis mandatum apostolicum? ( „გაქვთ თუ არა სამოციქულო მანდატი?“) დადებითი პასუხი გასცეს.
ეპისკოპოსებმა კურთხევის გადაწყვეტილება საზოგადოების უწყვეტობისა და თვით გადარჩენის აუცილებლობით გაამართლეს და შეასრულეს მიუხედავად წმიდა საყდრის მიერ დიალოგის მცდელობებისა და განხეთქილების საფრთხის შესახებ გაფრთხილებებისა. ორი დღით ადრე, პაპმა ლეონ XIV-მ და სარწმუნოების დოქტრინის დიკასტერიამ, ეპისკოპოსები წინასწარ გააფრთხილეს, რომ ასეთი ქმედება ჩაითვლებოდა სქიზმატურ აქტად და კანონიკური სასჯელი მოჰყვებოდა.

ცერემონია ეკონში
ცერემონია 1–ელ ივლისს, დილით 9:00 საათზე დაიწყო „წმიდა პიუს X-ის სამღვდელო საძმოს“ სემინარიის გვერდით გაშლილ დიდ თეთრ კარავში. მას ათასზე მეტი მღვდელი, ბერი და მონაზონი, ასევე დაახლოებით 15 ათასი საერო პირი ესწრებოდა. მოვლენის პირდაპირი ტრანსლაცია ექვს ენაზე გადაიცემოდა საძმოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში ცერემონიამდე დარჩენილ დროსაც ითვლიდნენ, სამახსოვრო სუვენირებს ავრცელებდნენ და თანმდევი ღონისძიებების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას აწვდიდნენ.
ცერემონიაზე იკურთხა ოთხი ეპისკოპოსი:
– პასკალ შრაიბერი, 53 წლის შვეიცარიელი, რომელიც მღვდელი გახდა 1998 წელს, ეკონში;
– მაიკლ გოლდეიდი, წარმოშობით ჩრდილოეთ დაკოტადან, რომელიც კანზასში (აშშ) გაიზარდა;
– ორი ფრანგი: 42 წლის მიშელ პუანსინე დე სივრი და 36 წლის მარკ ჰაპიე.

ხელდამსხმელები იყვნენ ეპისკოპოსი ალფონსო დე გალარეტა, როგორც მთავარი და ეპისკოპოსი ბერნარ ფელე, როგორც თანახელდამსხმელი. მათ მიერ განხორციელებული კურთხევის აქტი, ქმედების ჩადენის ფაქტიდან გამომდინარე, იწვევს ექსკომუნიკაციას (კათოლიკურ ეკლესიაში უმძიმესი კანონიკური სასჯელი). თავად ეს ორი ეპისკოპოსი, 1988 წლის 30 ივნისს, არქიეპისკოპოსმა ლეფევრმა, ასევე პაპის ნებართვის გარეშე აკურთხა სხვა ორ ეპისკოპოსთან ერთად. ამ კურთხევამაც მძიმე კანონიკური კრიზისი გამოიწვია.

პალიარანის სიტყვა
ლიტურგიის დასაწყისში, „წმინდა პიუს X-ის საძმოს“ წინამძღოლმა დავიდე პალიარანიმ წაიკითხა მოკლე მიმართვა, რომელშიც განაცხადა: „ჩვენ მზად ვართ გადავიხადოთ ნებისმიერი ფასი ეკლესიის გადასარჩენად. ვატიკანის მეორე კრებიდან მოყოლებული დღემდე, ეკლესიის ხელისუფლება რწმენის საწინააღმდეგო პოზიციას ავლენს და წმინდა ტრადიციის წინააღმდეგ მოქმედებს“.
მისივე თქმით, ამ მღვდლებისთვის ეპისკოპოსის ტიტულის მინიჭება უაღრესად სერიოზული მოვალეობა იყო: „ამ აქტისთვის დაკისრებულ შესაძლო სასჯელებს ან სანქციებს ჩვენთვის არანაირი ფასი არ აქვს“.
დასასრულს, ლეფევრელთა წინამძღოლმა აღნიშნა, რომ მისი საზოგადოებისთვის დღევანდელი დღე „ისტორიული დღე“ და დღესასწაულია.
თუმცა, საყოველთაო ეკლესიისთვის ეს არის დღე, როდესაც ძველი, განხეთქილების ჭრილობა ხელახლა განახლდა.

ვატიკანის რეაქცია
ლეფევრისტების საეპისკოპოსო კურთხევის შემდეგ, ვატიკანმა ექსკომუნიკაცია (უმძიმესი კანონიკური სასჯელი – ეკლესიიდან განკვეთა) გამოცხადდა. გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერს რწმენის მოძღვრების დიკასტერიის პრეფექტი, კარდინალი ვიქტორ მანუელ ფერნანდესი და 1–ელ ივლისს აღსრულებულ რიტუალს „სქიზმატური ხასიათის ქმედებად“ აფასებს.
დიკასტერიის დეკრეტი ადასტურებს, რომ როგორც კურთხევის გამცემმა, ისე მისმა მიმღებმა ეპისკოპოსებმა დაიმსახურეს ეკლესიიდან მოკვეთა. ეს არის მოვლენების მტკივნეული ფინალი, რაც მოჰყვა ლეფევრისტების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, პაპ ლეონ XIV-ის მრავალგზის გამოხატული ნების საწინააღმდეგოდ. ექსკომუნიკაციის მიხედვით, რომის ეკლესიას უნდა ჩამოშორდნენ, როგორც ეპისკოპოსები, ასევე წმინდა პიუს X-ის საძმოს წევრი მღვდლები. რაც შეეხება საერო მორწმუნეებს, ექსკომუნიკაციაში მყოფად მიიჩნევიან ისინი, ვინც ოფიციალურად შეუერთდა საძმოს.
დეტალები მოცემულია განმარტებით ბარათში, რომელიც დიკასტერიამ ექსკომუნიკაციის დეკრეტთან ერთად გამოაქვეყნა და რომლის სრულ ტექსტსაც ქვემოთ გთავაზობთ.
დიკასტერიის ჩანაწერი (ნოტა)
წმინდა პავლე VI-ის დროიდან მოყოლებული, ამ დიკასტერიაში ახლახან გამართულ უკანასკნელ მოლაპარაკებებამდე, მრავალი მცდელობა, რომ მთავარეპისკოპოს მარსელ ლეფევრის მიერ წამოწყებული მოძრაობის წევრები კათოლიკურ ეკლესიასთან სრულ ერთობაში დაბრუნებულიყვნენ, ამაო აღმოჩნდა.
დეკრეტი ექსკომუნიკაციის შესახებ
ეს სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა ბოლო საეპისკოპოსო კურთხევების შედეგად, რომლებიც აღესრულა პაპის მანდატის გარეშე, წმინდა მამის ნების საწინააღმდეგოდ და კანონიკური სამართლის აშკარა დარღვევით. აქედან გამომდინარე, დიკასტერია, რომელიც ერთგულად ასრულებს მისთვის მინდობილ მოვალეობებს, აუცილებლად მიიჩნევს იმის დადასტურებას, რომ ეს ქმედება წარმოადგენს განხეთქილების შემოტანის დანაშაულს, რასაც კანონიკური სამართლით გათვალისწინებული შედეგები მოჰყვება სასულიერო პირებისა და მასში ჩართული საერო მორწმუნეებისთვის
როგორც ჯერ კიდევ 1988 წელს აღინიშნა, ამგვარი დაუმორჩილებლობა, რაც თავის თავში გულისხმობს რომის პრიმატის აღიარებაზე პრაქტიკულ უარს, წარმოადგენს სქიზმატურ აქტს“ (იხ. იოანე პავლე II, სამოციქულო ეპისტოლე Ecclesia Dei, № 3).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ მომენტიდან:
„წმინდა პიუს X-ის სამღვდელო საძმოს“ წევრი სასულიერო პირები იმყოფებიან განხეთქილებაში, ამიტომ ისინი სქიზმატებად უნდა მიიჩნეოდნენ. შესაბამისად, მათზე ვრცელდება კანონიკური სამართლით გათვალისწინებული ექსკომუნიკაცია (კანონიკური სამართლის კოდექსი, კანონი 1364, § 1).
საერო მორწმუნეებთან მიმართებით, სქიზმატებად და ექსკომუნიკაციაში მყოფებად უნდა მიიჩნეოდნენ ისინი, ვინც ოფიციალურად უერთდება „წმინდა პიუს X-ის სამღვდელო საძმოს“ პაპის სამართლებრივი ტექსტების საბჭოს 1996 წლის განმარტებით ბარათში მითითებული პირობებით (იხ. იქვე, № 7), რომელიც კვლავინდებურად ინარჩუნებს იურიდიულ ძალას და რომელსაც ეს დიკასტერია საკუთარ დოკუმენტად იღებს.
განმარტებითი ბარათი
დასასრულს, ღვთის წმინდა ერს ეცნობება, რომ „წმინდა პიუს X-ის სამღვდელო საძმოს“ სასულიერო პირები საიდუმლოებებს აღასრულებენ უკანონოდ, ხოლო მათ მიერ აღსრულებული აღსარების საიდუმლო და ქორწინების საიდუმლო, რომელთაც ისინი ხელმძღვანელობენ, ბათილია.
ეკლესია, როგორც მზრუნველი დედა, გულწრფელი სიყვარულითა და ცოცხალი მზრუნველობით მიიღებს ყველას, ვისაც სურს სრულ ერთობაში დაბრუნება. სამოციქულო ნუნციუსები განსაზღვრავენ იმ პროცედურებს, რომლებითაც ადგილობრივი ეპისკოპოსები თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში შეძლებენ სარგებლობას.
დასასრულს, დოკუმენტი ყველა მორწმუნეს მოუწოდებსდ, ურყევად დარჩნენ რომის ეპისკოპოსთან, მასთან ერთობაში მყოფ ეპისკოპოსებთან და მთელს ეკლესიასთან ერთობაში და ასევე თავი შეიკავონ ხსენებული „წმინდა პიუს X-ის სამღვდელო საძმოს“ მიერ ორგანიზებულ ლიტურგიულ მსახურებებში და საქმიანობაში მონაწილეობისგან.

ლეფევრისტების მოკლე ისტორია
მარსელ ლეფევრი (1905–1991) იყო ფრანგი კათოლიკე არქიეპისკოპოსი და XX საუკუნის კათოლიკე ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და წინააღმდეგობრივი ფიგურა. სწორედ მის სახელს უკავშირდება თანამედროვე კათოლიციზმში უდიდესი განხეთქილება.
ლეფევრი მსახურობდა მისიონერად აფრიკაში, გახდა დაკარის (სენეგალი) არქიეპისკოპოსი, მოგვიანებით კი სულიწმინდის მამათა გავლენიანი ორდენის ხელმძღვანელი.
ვატიკანის მეორე კრება (1962–1965) მისი ცხოვრების გარდამტეხი მომენტი გახდა. ეს იყო მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელმაც კათოლიკე ეკლესიაში უამრავი რეფორმა გაატარა მოდერნიზაციისკენ. ლეფევრი ამ რეფორმების ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური ოპონენტი გახდა.
ის განსაკუთრებით ეწინააღმდეგებოდა:
– ლიტურგიკულ რეფორმას – ტრადიციული ლათინური წირვის (ტრიდენტული კრების წირვის) ჩანაცვლებას თანამედროვე ენებზე შესრულებული ახალი წესით;
– სხვა ქრისტიანულ კონფესიებთან და რელიგიებთან დაახლოებას;
– რელიგიური თავისუფლების პრინციპს, რომელიც კრებამ აღიარა;
ლეფევრს მიაჩნდა, რომ ეს ცვლილებები ეკლესიაში ლიბერალიზმისა და მოდერნიზმის შემოტანას ნიშნავდა, რაც მის საფუძვლებს ანგრევდა.
საიდან გაჩნდა „წმინდა პიუს X-ის საძმო“ (FSSPX)?
ვინაიდან ლეფევრს არ სურდა ახალი წესებით მოქმედება, მან გადაწყვიტა შეენარჩუნებინა კათოლიკური ეკლესიის ძველი, ტრადიციული სწავლება და ლიტურგია.
1970 წელს, შვეიცარიაში, ფრიბურის ეპისკოპოსის ოფიციალური ნებართვით, ლეფევრმა დააარსა „წმინდა პიუს X-ის სამღვდელო საძმო“. საძმოს სახელი შეერჩა პაპ წმინდა პიუს X-ის პატივსაცემად, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში ეკლესიაში მოდერნიზმს მკაცრად ებრძოდა.
საძმოს მთავარ ცენტრად იქცა შვეიცარიის სოფელ ეკონში გახსნილი სემინარია, სადაც ახალგაზრდა მღვდლებს ძველი, ტრადიციული წესით ზრდიდნენ.
მალე ვატიკანმა მოითხოვა, რომ საძმოს მიეღო ვატიკანის II კრების რეფორმები. ლეფევრმა უარი თქვა. 1975 წელს ეკლესიამ საძმოს ოფიციალური სტატუსი გაუუქმა, ხოლო 1976 წელს, პაპმა პავლე VI-მ ლეფევრს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა. მიუხედავად ამისა, ლეფევრი მაინც აგრძელებდა მღვდლების კურთხევას.
1988 წლის განხეთქილება
მთავარი კრიზისი 1988 წელს დადგა. ლეფევრი უკვე მოხუცი იყო და იცოდა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ საძმოს ახალი მღვდლების კურთხევის უფლება არ ექნებოდა, რადგან არ ჰყავდა ეპისკოპოსები.
1988 წლის 30 ივნისს, ეკონში, პაპ იოანე პავლე II-ის მკაცრი აკრძალვისა და გაფრთხილების მიუხედავად, მარსელ ლეფევრმა და ბრაზილიელმა ეპისკოპოსმა ანტონიო დე კასტრო მაიერმა, პაპის მანდატის გარეშე, აკურთხეს ოთხი ახალი ეპისკოპოსი. მათ შორის ბერნარ ფელე და ალფონსო დე გალარეტა.
ამ აქტის გამო, ვატიკანმა ლეფევრი და ოთხივე ახლადნაკურთხი ეპისკოპოსი ავტომატურად ეკლესიიდან მოკვეთილად გამოაცხადა. ეს იყო ფორმალური განხეთქილების - სქიზმის დასაწყისი.
მარსელ ლეფევრი 1991 წელს გარდაიცვალა, თუმცა მისმა საძმომ არსებობა განაგრძო.
პაპმა ბენედიქტე XVI-მ, ტრადიციონალისტებთან შერიგების მიზნით, საძმოს ეპისკოპოსებისთვის გააუქმა 1988 წელს დაკისრებული ექსკომუნიკაცია, თუმცა მათი კანონიკური სტატუსი კათოლიკურ ეკლესიაში ბოლომდე მოწესრიგებული მაინც არ დარჩენილა.
პაპმა ფრანცისკემ საძმოს მღვდლებს გარკვეული უფლებამოსილებები მიანიჭა. მაგალითად, აღსარების მიღებისა და ჯვრისწერის უფლება, რათა დიალოგის გზა ღია ყოფილიყო.
შოთა გიქოშვილი




Comments