როგორი იქნება ახალი პაპის აღსაყდრების საზეიმო ლიტურგია
- catholic.ge
- 5 hours ago
- 2 min read
18 მაისს, კვირას, თბილისის დროით 12:00 საათზე, საზეიმო ლიტურგიით, ლეონ XIV (რობერტ ფრენსის პრევო) ოფიციალურად დაიწყებს მსახურებას პეტრე მოციქულის მემკვიდრისა და კათოლიკე ეკლესიის მწყემსის ტიტულით.

რიტუალი ხაზს უსვამს კავშირს მოციქულ პეტრესთან და მის მოწამებრივ სიკვდილთან, რომელზეც დაფუძნებულია რომის კათოლიკე ეკლესია. ამავდროულად, ამ რიტუალის დროს პაპს გადაეცემა „პეტრესეული“ ეპისკოპოსური ნიშნები — პალიუმი და „მეთევზის ბეჭედი“.
პალიუმი
პალიუმი ლიტურგიული სამოსის ნაწილია, რომელიც ცხვრის მატყლისგან მზადდება. იგი ნიშანია კეთილი მწყემსისა, რომელიც დაკარგულ ცხვარს მხრებზე შეისვამს. ასევე ეს სამოსი გვახსენებს პეტრეს სამგზის პასუხს აღმდგარ იესოს თხოვნაზე: “დამწყემსე ჩემი ცხვრები”.
პალიუმი ვიწრო ქამარია, რომელიც მხრებზე, კაზულაზე, ლიტურგიკულ სამოსზე კეთდება. მას წინ და უკან ჩამოკიდებული აქვს ორი შავი დაბოლოება, რომლებიც მორთულია აბრეშუმის ექვსი, შავი ფერის ჯვრით - თითო დაბოლოებებზე, რომლებიც მკერდსა და ზურგზე ეშვებიან, ხოლო ოთხი - მხრებზე. წინ და უკან მორთულია სამი ქინძისთავით (acicula), რომლებიც ქრისტეს ჯვრის სამ ლურსმანს განასახიერებს.
მებადურის ბეჭედი
მებადურის ბეჭედს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომელიც ადასტურებს რწმენის ნამდვილობას. ამოცანას, რომელიც პეტრეს დაევალა თავისი ძმების განსამტკიცებლად. მას „მებადურის ბეჭედს“ უწოდებენ, რადგან პეტრე ენდო იესოს სიტყვას, ისროლა ბადეები და უამრავი თევზი დაიჭირა.
წმიდა პეტრეს სამარხთან
ლიტურგია იწყება ვატიკანის შიდა ბაზილიკაში, ახლადაღსაყდრებული პაპი აღმოსავლეთის ეკლესიების პატრიარქებთან ერთად, გაემართება პეტრე მოციქულის სამარხთან ლოცვისათვის, რის შემდეგაც აკმევს მას. ეს რიტუალი ხაზს უსვამს ახლადაღსაყდრებული პაპის მჭიდრო კავშირს წმიდა პეტრესთან და მის მოწამეობრივ სიკვდილთან სწორედ იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს ვიკარიუსმა სხვა ქრისტიანებთან ერთად სისხლით დაამოწმა თავისი რწმენა.
შემდეგ, ორი დიაკვანი აიღებს პალიუმს, მებადურის ბეჭედს, სახარებას და პროცესიით გაემართება საკურთხევლისკენ, რომელიც განთავსებული იქნება წმიდა პეტრეს მოედანზე.
სიტყვის ლიტურგია
ამის შემდეგ, იწყება სიტყვის ლიტურგია. პირველი საკითხავი, რომელიც ესპანურად იკითხება, არის მოციქულთა საქმეებიდან (საქმეები 4:8-12). ამონარიდს, რომელშიც პეტრე ამბობს, რომ ქრისტე არის „ქვა, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს“. საპასუხო ფსალმუნი (ფსალმ. 117 [118]), რომელიც იტალიურად იკითხება, აგრძელებს „ქვის“ თემას - „მშენებლების მიერ დაწუნებული ქვა, ქვაკუთხედად იქცა“ - ხოლო მეორე საკითხავი, რომელიც ინგლისურად იკითხება და აღებულია პეტრეს პირველი ეპისტოლიდან (1 პეტრე 5:1-5, 10-11), ხაზს უსვამს კავშირს: პეტრეს, რომის ეკლესიასა და მისი მემკვიდრის მსახურებას შორის. ბოლოს იკითხება იოანეს სახარება, ლათინურ და ბერძნულ ენებზე (იოანე 21:15-19), რომელშიც საუბარია იესოს თხოვნაზე პეტრესადმი, “დამწყემსე ჩემი ცხვრები”. ეს ერთ-ერთი ტექსტია, რომელიც ტრადიციულად გადმოსცემს პეტრეს განსაკუთრებულ და პირად დავალებას თორმეტ მოციქულს შორის.
საეპისკოპოსო სიმბოლოების გადაცემა
ქადაგების შემდეგ, სხვადასხვა კონტინენტიდან სამი კონგრეგაციის სამი კარდინალი (დიაკვნები, მღვდლები და ეპისკოპოსები) ლეონ XIV-ს მიუახლოვდებიან.
პირველი – მას პალიუმს გადასცემს, მეორე – განსაკუთრებული ლოცვით შესთხოვს უფალს მფარველობასა და კურთხევას პაპისათვის, მესამე კი წარმოთქვამს ლოცვას, რომელშიც მოუხმობს ქრისტეს, „ჩვენი სულების მწყემსსა და ეპისკოპოსს“, რომელმაც ეკლესია კლდეზე ააშენა და რომელიც პეტრემ აღიარა, როგორც „ცოცხალი ღვთის ძე“. სწორედ მესამე კარდინალი გადასცემს პაპს „მებადურის ბეჭედს“. ეს ნაწილი მთავრდება სულიწმიდისადმი ლოცვით, რათა ახალ პაპს მიანიჭოს ძალა და თვინიერება ქრისტეს მოწაფეების საიდუმლოს ერთიანობის დასაცავად. ამის შემდეგ პაპი აკურთხებს შეკრებილებს სახარების წიგნით და ლათინურად შესძახებენ: „Ad Multos Annos!“ (მრავალჟამიერ).
მორჩილების რიტუალი
მორჩილების სიმბოლური აქტის შემდეგ, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის თორმეტი სხვადასხვა კატეგორიის, წარმომადგენელი აღუთქვამს, იწყება პაპის ქადაგება. შემდეგ კი ილოცება რწმენის სიმბოლო “მრწამსი”, რასაც მოჰყვება „მორწმუნეთა ლოცვა“ – ხუთი უმთავრესი თხოვნა: ფრანგულ, პორტუგალიურ, არაბულ, პოლონურ და იაპონურ ენებზე. ილოცება მთელ დედამიწაზე განვრცობილ ეკლესიაზე, რომის ახლადაღსაყდრებულ პონტიფექსზე, მმართველთათვის, ტანჯულთათვის, ღარიბებისა და კრებულისათვის.
ევქარისტიის ლიტურგია
ჰიმნის “Tu Es Pasto Ovium” დროს, იქნება ძღვენის მირთმევა და ლოცვა, რის შემდეგაც პაპი ლეონ XIV წაიკითხავს პირველ ევქარისტიულ ლოცვას ანუ რომაულ კანონს, რასაც მოჰყვება ზიარების ლიტურგია. ბოლოს, პაპი ლოცვაში შესთხოვს ღმერთს ეკლესიის განმტკიცებას ერთობასა და სიყვარულში.
დასკვნითი რიტუალი
საზეიმო წმიდა წირვის დასრულებამდე პაპი წარმოთქვამს მოკლე სიტყვას, შემდეგ ილოცება Regina Caeli, ბოლოს კი პაპი სპეციალური კურთხევით დალოცავს შეკრებილებს და სთხოვს ღმერთს შემწეობასა და მფარველობას ყველასთვის.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Commentaires