top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

საზღვარგარეთ მყოფი ქართველი თეოლოგების მეექვსე შეხვედრა და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავსადმი მიძღვნილი სიმპოზიუმი

  • 1 day ago
  • 3 min read

ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტების ქართველი სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და პედაგოგების წლევანდელი შეხვედრა შედგა გერმანიის ქალაქ აიხშტეტში, 23-26 აპრილს. მისი ხელმძღვანელი იყო თეოლოგიის ჰაბილიტირებული დოქტორი, იღუმენი ეფრემ ლომიძე, ხოლო მასპინძელი გერმანიისა და ავსტრიის ეპარქია, ასევე აიხშტეტ/ინგოლშტადტის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის ქრისტიანული აღმოსავლეთის თეოლოგიის კათედრა.



შეხვედრის პირველი დღე დაეთმო ღია სიმპოზიუმს. იგი ეძღვნებოდა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს. ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოს დოსითეოს ბოგვერაძის მისასალმებელი სიტყვის შემდგომ, კონფერენცია საქართველოს განსვენებული კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შეჯამებითი გამოსვლით გაიხსნა.


სიმპოზიუმი გაგრძელდა თეოლოგიის ჰაბილიტირებული დოქტორის, იღუმენ ეფრემ ლომიძის მოხსენებით: „საქართველოში ქრისტიანობისა და ეკლესიის დასაწყისი. ისტორიულ-თეოლოგიური ანალიზი“. წმ. ეფრემ მცირის სწავლებასა და რუფინუსის „საეკლესიო ისტორიაზე“ დაყრდნობით, ლომიძე ასაბუთებს, რომ წმ. ანდრიას ქადაგების შემდეგ საქართველო კვლავ წარმართობას დაუბრუნდა და სამოციქულო უწყვეტი ჯაჭვი გაწყდა. 30-ზე მეტი მრავალენოვანი წყაროს ანალიზის საფუძველზე მკვლევარი მიდის დასკვნამდე, რომ საქართველოს ეკლესია იერარქიულად უკავშირდება ანტიოქიის კათედრას, საიდანაც მე-4 საუკუნეში გამოიგზავნა პირველი ეპისკოპოსი ქართლში. ამ თვალსაზრისით, საქართველოს ეპისკოპატის სათავედ შეიძლება მოვიაზროთ მოციქულთა თავი პეტრე და სხვა მოციქულები, რომლებმაც ანტიოქიაში დააფუძნეს სამოციქულო კათედრა. სწორედ ამ კათედრიდან გამოიგზავნა ეპისკოპოსი საქართველოში, რამაც ქართულ საეკლესიო იერარქიას საფუძველი ჩაუყარა. ამდენად, თუმცა საქართველო პირდაპირ მოციქულის მიერ არ დაფუძნებულა, ის ანტიოქიის გზით ირიბად მაინც სამოციქულო „სუქსესიის“ მემკვიდრე გახდა.


თეოლოგიის დოქტორმა შოთა კინწურაშვილმა წაიკითხა მოხსენება: „საქართველოს ოკუპაცია ბოლშევიკური რუსეთის მიერ (1921) და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია: რეაქცია და შედეგები“. 1921 წელს საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ახლად აღდგენილი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია მძიმე გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. მოხსენება შეეხებოდა ეკლესიის რეაქციას სახელმწიფოებრიობის დაკარგვისა და ბოლშევიკური ძალაუფლების დამყარების პირობებში. ეკლესიის წიაღში ორი დაპირისპირებული ხედვა ჩამოყალიბდა. პირველს სათავეში ედგა კათალიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია, რომელმაც გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე საპროტესტო წერილი გაგზავნა და ღია კონფრონტაციის გზა აირჩია, რაც მისი და საკათალიკოსო საბჭოს წევრების დაპატიმრებით დასრულდა. მეორე ხაზს მიტროპოლიტი ქრისტეფორე ციცქიშვილი წარმოადგენდა, რომელიც რეჟიმთან თანამშრომლობას ეძებდა, რათა საეკლესიო დევნა შეჩერებულიყო. ეს დაპირისპირება 1927 წლის მეოთხე საეკლესიო კრებაზე დასრულდა, როდესაც ეკლესიამ საჯაროდ გამოაცხადა ლოიალობა ბოლშევიკური რეჟიმის მიმართ.



თეოლოგიის მაგისტრმა ნინო საძაგლიშვილმა წარმოადგინა სიმპოზიუმის ბოლო მოხსენება: „საქართველოს ეკლესიის ისტორიული თვითაღქმისა და ეკლესიის, როგორც ეროვნული შთაგონების წყაროს, საკითხი“. მოხსენება შეეხებოდა ქართული ეკლესიის ისტორიულ თვითშეგნებასა და მის როლს ეროვნული იდენტობის ფორმირებაში. ავტორი აჩვენებს, რომ ეკლესია ისტორიულად არა მხოლოდ რელიგიური ინსტიტუტი, არამედ ეროვნული მეხსიერებისა და კულტურული გადარჩენის მთავარი საყრდენი იყო. მოხსენების ცენტრალური თეზისია, რომ ეკლესიისა და ეროვნული იდენტობის ეს მჭიდრო კავშირი, რომელიც ისტორიულად გადარჩენის ინსტრუმენტად ფუნქციონირებდა, თანამედროვე პირობებში სათანადო ფილტრის გარეშე შეიცავს რისკს - ეკლესიის თეოლოგიური თვითგაგება შეიძლება ჩანაცვლდეს ეროვნული ნარატივით. ამ კონტექსტში განხილულია ეთნოფილეტიზმის საფრთხე და ბალანსის შენარჩუნების აუცილებლობა სარწმუნოებასა და ეროვნულ იდენტობას შორის. მომხსენებელი ასევე შეეხო ქალთა როლის საკითხს ეკლესიის ისტორიულ ნარატივში და აღნიშნა, რომ მათი ნაკლები ხილვადობა არ ნიშნავს ნაკლებ გავლენას - ხშირად მათი ფუნქცია სიმბოლურ-სოტირიოლოგიურ სივრცეში გადადის და სწორედ ამ დონეზე ახდენს გავლენას ეროვნულ ცნობიერებაზე.



პირველი დღის სამეცნიერო სხდომის დასრულების შემდეგ Collegium Orientale-ის დამაარსებელ და მოქმედ რექტორებთან გაიმართა შეხვედრები, რომლის თემასაც წარმოადგენდა ახალგაზრდა თეოლოგების განათლება და სულიერი ფორმაცია ინტერნაციონალურ და ინტერკონფესიურ კონტექსტში. საღამოს მონაწილეებმა ქალაქი დაათვალიერეს და დისკუსია არაფორმალურ გარემოში გაგრძელდა. 25 აპრილს სამეცნიერო მუშაობა ქართულ ენაზე გაგრძელდა. მომხსენებლებმა კოლეგებს თავიანთი კვლევითი პროექტების ცენტრალური ასპექტები გააცნეს. სხდომის ფარგლებში წარმოდგენილ იქნა ვიდეო და ფოტომასალა, რომელიც ქართველ თეოლოგთა შეხვედრების ისტორიას ასახავდა. სესიის დასასრულს განიხილეს სამომავლო გეგმები, რის შემდეგაც მონაწილეები ინგოლშტატის ქართულ სამრევლოში გაემგზავრნენ, სადაც მათ მღვდელმა გრიგოლ ჭეჟიამ უმასპინძლა. სამრევლოში გადაიხადეს უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და მრევლს შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას, ტრადიციულად, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელი ქართველი სტუდენტები ესწრებოდნენ. 26 აპრილს შეხვედრა საღმრთო ლიტურგიით დასრულდა.



ქართველ თეოლოგთა კავშირი უცხოეთში აერთიანებს საქართველოს საზღვრებს გარეთ მოღვაწე ქართველ თეოლოგებსა და სტუდენტებს. 2016 წელს წარმოშობილმა იდეამ საფუძველი ჩაუყარა ყოველწლიურ შეხვედრებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. პირველი შეხვედრა 2018 წელს დიუსელდორფში გაიმართა და მას შემდეგ სულ ექვსი ასეთი შეკრება მოეწყო. შეხვედრები წარმოადგენს პლატფორმას სამეცნიერო თანამშრომლობის, საღვთისმეტყველო დისკუსიისა და გამოცდილების გაზიარებისათვის.


სოფიო გოზალიშვილი

ჟურნალი "საბა", 2026 ივნისი

Comments


bottom of page