სამი პაპის პირადი დამხმარე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა
- catholic.ge

- 2 days ago
- 3 min read
ანჯელო გუგელი, რომელიც პაპის პირადი ასისტენტის თანამდებობაზე ემსახურებოდა პაპებს: იოანე პავლე I-ს, იოანე პავლე II-სა და ბენედიქტე XVI-ს, რომში 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან ათწლეულები გაატარა პაპების სამსახურში, მათ შორის, პაპ იოანე პავლე II-ის გვერდით იდგა 1981 წლის 13 მაისს, წმიდა პეტრეს მოედანზე, პაპის მკვლელობის მცდელობის დროს.

ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ანჯელო გუგელი სამ პაპს ემსახურებოდა მოკრძალებითა და დელიკატურობით. იგი 15 იანვარს, ღამით, რომში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.
მისი სამსახური დაიწყო პაპ იოანე პავლე I-ის მოკლე პონტიფიკატის დროს. მაშინ პაპმა თავის თანამემამულე ვენეციელს სთხოვა, შეერთებოდა მის საერო თანამშრომელთა რიცხვს. ამის შემდეგ კი, იგი თითქმის 27 წლის განმავლობაში იყო იოანე პავლე II-ის ჩუმი მოწმე და მსახური, ხოლო მოგვიანებით, უკვე სიბერეში, პაპ ბენედიქტე XVI-ის პონტიფიკატის დასაწყისში მსახურება დაასრულა.
ანჯელო გუგელი 1935 წლის 27 აპრილს, იტალიის ტრევიზოს რეგიონში, ქალაქ მიანეში დაიბადა. 1964 წელს დაქორწინდა მარია ლუიზა დალ არკეზე. მათ ოთხი შვილი ჰყავდათ: რაფაელა, ფლავიანა, გუიდო და კარლა ლუჩიანა მარია.

ანჯელო ერთ-ერთი მათგანი იყო, ვისაც ახლოდან ჰქონდა ნანახი პაპ იოანე პავლე I-ის ხანმოკლე ცხოვრება, რადგან პაპის პალატის ასისტენტები პაპის ოჯახური გარემოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ. მოგვიანებით, ანჯელომ ჩვენება, რომელმაც ხელი შეუწყო პაპის ბეატიფიკაციის პროცესს.
ასეთივე ერთგულებით მსახურობდა ანჯელო პაპ იოანე პავლე II-სთან და მის გვერდით იდგა 1981 წლის 13 მაისს, წმინდა პეტრეს მოედანზე განხორციელებული თავდასხმის დროსაც.
იგი იყო ასევე პირადი ასისტენტი პაპ ბენედიქტე XVI-ის პონტიფიკატის საწყის ეტაპზე.

გუგელის ოჯახი მიწათმოქმედებას მისდევდა. თავად იგი ორი წელი სემინარიაში სწავლობდა, შემდეგ კი, 1955 წელს, ვატიკანის ჟანდარმერიაში მიიღეს.
ტუბერკულოზით დაავადებისა და ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ იგი ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს გუბერნატორატში გადაიყვანეს.
სწორედ იქ სთხოვა მას იოანე პავლე I-მა მასთან ახლოს ყოფილიყო.
ვატიკანის მეორე კრების დროს, გუგელს პაპი უკვე არაერთხელ ჰყავდა რომში მანქანით გადაყვანილი და მისი ოჯახთანაც კი ჰქონდა ვახშამი.
იყო ყოველთვის უნაკლოდ ჩაცმული, თავშეკავებული, ელეგანტური, რომელიც ყურადღების მიპყრობას არასდროს ცდილობდა. ამ თვისებებს იგი პენსიაზე გასვლის შემდეგაც ინარჩუნებდა და არ ავიწყდებოდა თავისი დელიკატური როლი. ინტერვიუებს იშვიათად იძლეოდა.
წმიდა იოანე პავლე II-ის დაბადებიდან 100 წლისთავზე, მან რამდენიმე მოგონება გაუზიარა „ლ’ოსერვატორე რომანოს“ სპეციალურ გამოცემას.
„იოანე პავლე I-ის გარდაცვალების შემდეგ, როცა ისევ დამიბარეს აპარტამენტში, ფეხები მიკანკალებდა,“ — ამბობდა იგი და აღწერდა, როგორ გამოიძახეს სამოციქულო სასახლეში პაპთან, „რომელიც ძალიან შორიდან იყო მოსული, მაგრამ უწმინდესის მიერ შექმნილმა ნდობის ატმოსფერომ, მომცა შინ ყოფნის შეგრძნება“.

პოლონელ პაპთან გატარებულ 27 წელს, გუგელი იხსენებდა, როგორც სავსეს საქმიანობით, შეხვედრებითა და მოგზაურობებით, საერთაშორისო ვიზიტებს ხუთ კონტინენტზე და პირად მომენტებს, როგორებიც იყო მცირეხნიანი დასვენებები კადორეში ან აოსტას ხეობაში.
„ამ დროს იგი, გვერდზე გადადებდა მუქ კოსტიუმსა და ჰალსტუხს, რომლებსაც სულ დაატარებდა და მათ ნაცვლად იცვამდა სვიტერებსა და მთის შარვლებს“, – იხსენებდა პაპზე გუგელი.
„ჩემი საქმიანობის საიდუმლოდ შენახვა ოჯახშიც კი ჩვეულებრივი ამბავი იყო. როცა პაპთან ერთად კერძო გასვლებზე მივდიოდით, ჩემი ოჯახი გაზეთებიდან იგებდა,“ — აღნიშნავდა იგი.
1981 წლის 13 მაისის თავდასხმასთან დაკავშირებით მას ყოველი დეტალი ახსოვდა: ტყვიის ხვრელი, მიწაზე მწოლიარე პაპი ვატიკანის სამედიცინო სამსახურის შენობის შესასვლელთან და სასწრაფო გადაყვანა ჯემელის საავადმყოფოში.


2018 წელს „კორიერე დელა სერასთან“ ინტერვიუში იგი იხსენებდა:
„არჩევნიდან ორი დღის შემდეგ, სახელმწიფო მდივნის შემცვლელმა, ჯუზეპე კაპრიომ, 11:30 საათზე დამირეკა გუბერნატორატში და მითხრა: ‘ბატონო გუგელ, დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეთ პაპის კერძო აპარტამენტში, ისე, როგორც ხართ ჩაცმული.’ ავედი სამოციქულო სასახლის ზედა სართულზე. ფეხები მიკანკალებდა. იქ მხოლოდ პოლონელი პრელატები იყვნენ; ერთადერთი ვიყავი, ვინც იტალიურად ლაპარაკობდა...“
ის ძალიან ეხმარებოდა ახალ პაპს გამოსვლის ტექსტების კორექტირებაში.
„გაოგნებული დავრჩი, როცა 1978 წლის 22 ოქტომბრის დილით, წმიდა პეტრეს მოედანზე პონტიფიკატის საზეიმო დასაწყისამდე, უწმინდესმა თავის კაბინეტში დამიბარა და წამიკითხა ქადაგება, რომელსაც ცოტა ხანში წარმოთქვამდა:
‘ნუ გეშინიათ! გახსენით, მართლაც ფართოდ გააღეთ კარები ქრისტესთვის! ნუ გეშინიათ! ქრისტემ იცის, რა არის ადამიანში. მხოლოდ მან იცის!’
მთხოვა, მეჩვენებინა, სად იყო არასწორი აქცენტები და ფანქრით ინიშნავდა, სად უნდა დაესვა მახვილი. ორი თვის შემდეგ, როცა ჩემს ყოფილ კოლეგებს ჟანდარმერიიდან შეხვდა, თქვა ფრაზა, რომელმაც გამაოცა: ‘თუ რომელიმე სიტყვაზე აქცენტი შემეშლება, 50 პროცენტი ანჯელოს ბრალია,’ — და გამიღიმა.“
იმავე ინტერვიუში მან თავისი ოჯახის ცხოვრებიდან ერთი დრამატული ეპიზოდიც გაიხსენა. როდესაც მისი მეუღლე მარია ლუიზა მეოთხე შვილს ელოდა, რომლისთვისაც კარლა ლუჩიანა მარია უნდა დაერქმიათ – პაპ იოანე პავლე I-ის (ლუჩიანი) და პაპ იოანე პავლე II-ის (ვოიტილა) პატივსაცემად — „ძალიან სერიოზული პრობლემები წარმოიშვა საშვილოსნოში“.
ჯემელის პოლიკლინიკის გინეკოლოგებმა განაცხადეს, რომ ორსულობის გაგრძელება შეუძლებელი იყო. ერთ დღეს კი, როგორც გუგელი იხსენებდა, იოანე პავლე II-მ უთხრა: „დღეს შენი მეუღლისთვის წირვა აღვავლინე“.
9 აპრილს მარია ლუიზა საოპერაციოში შეიყვანეს საკეისრო კვეთისთვის. შემდეგ კი ერთ-ერთმა ექიმმა თქვა: „ვიღაცამ ძალიან ბევრი ილოცა“.
დაბადების მოწმობაში ექიმმა ჩაწერა დრო — „დილის 7:15“, რაც ზუსტად ემთხვეოდა იმ მომენტს, როცა პაპმა დილის წირვა აღავლინა.
საუზმის დროს, მონაზონმა ტობიანა სობოტკამ, სამოციქულო სასახლეში მსახურ მონაზონთა წინამძღოლმა, პაპს აცნობა, რომ კარლა ლუჩიანა მარია დაიბადა.
„Deo gratias,“ — შესძახა პაპმა. და 27 აპრილს თავადვე მონათლა იგი თავის კერძო სამლოცველოში.
ანჯელო გუგელის დაკრძალვა გაიმართება რომში, 17 იანვარს.









Comments