top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'ვერონიკას მანდილი' – იშვიათი წმინდა რელიკვია საჯაროდ გამოიტანეს

  • 2 days ago
  • 3 min read

დიდმარხვის მეხუთე კვირას, ტრადიციულად, წმიდა პეტრეს ტაძარში, საჯაროდ გამოაქვთ „ვერონიკას მანდილი“. ეს არის წმინდა რელიკვია, რომლითაც გოლგოთის გზაზე ქალმა იესოს სახე მოსწმინდა. გადმოცემის მიხედვით, იესოს სახე სასწაულებრივად აღიბეჭდა ქსოვილზე, რისგანაც წარმოიშვა მისი სახელიც — vera icona, ანუ „ნამდვილი ხატი“ (ხელთუქმნელი ხატი).



ეკლესიაში არსებობს სულ მცირე სამი გამოსახულება, რომელთაც ტრადიცია „ხელთუქმნელად“ მიიჩნევს. მათგან ერთ–ერთია სწორედ „ვერონიკას მანდილი“.


„გასაოცარი კავშირი აერთიანებს ვერონიკას მანდილს, ტურინის სუდარასა და მანოპელოს „წმინდა სახეს“. ეს სამი ძვირფასი წმიდა რელიკვია საეკლესიო ტრადიციაში მიიჩნევა „ხელთუქმნელად“, ანუ გამოსახულებებად, რომლებიც ადამიანის ხელით არ არის შექმნილი. ისინი მორწმუნეებს შესაბამისად უბრუნებენ ტანჯული, გარდაცვლილი და მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს სახეს“, – ამბობს თეოლოგი ვერონიკა ზაიფერტი.

 

ტრადიციულად, მარხვის მეხუთე კვირას, წმიდა პეტრეს ბაზილიკაში არაჩვეულებრივი მომენტი ხდება – ეს მანდილი საჯაროდ გამოაქვთ.  ასე მოხდა 22 მარტსაც. ამ წელს მსახურებას უძღვებოდა წმიდა პეტრეს ბაზილიკის გენერალური ვიკაირუსი, კარდინალი მაურო გამბიტი.


არსებობს დაუჯერებელი მოწმობები, რომელთა ისტორია მოცულია საიდუმლოებითა და სხვადასხვა მოვლენით, რამაც არაერთი კითხვა და გაუგებრობა წარმოშვა. მათ შორისაა ვერსია, ვატიკანიდან „ვერონიკას მანდილის“ სავარაუდო მოპარვის შესახებ, რაც „რომის აღებას“ მოჰყვა.


მანდილი, რომლითაც კეთილმსახურმა ქალმა, გოლგოთაზე მიმავალ ქრისტეს, ტანჯული სახე მოსწმინდა და რომელიც წმიდა პეტრეს ბაზილიკაში ინახება, დიდმარხვის მეხუთე კვირას გამოაქვთ მორწმუნეებთან. ეს ხელთუქმნელი ხატი ხშირად იყო ერეოდათ იმ გამოსახულებასთან, რომელიც XVII საუკუნეში რომიდან აბრუცოს კაპუცინების მონასტერში მოხვდა.


ამ ორ გამოსახულებას შორის არსებობს დაუჯერებელი შეხების წერტილები, თუმცა ასევე ღრმა განსხვავებებიც. დახუჭული თუ ღია თვალებით დაწყებული, ქსოვილზე აღბეჭდილი გამოსახულებით დამთავრებული, რომელიც მეტ-ნაკლებად მკაფიოდ იკითხება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია შესაბამისობა: ტურინის სუდარაზე აღბეჭდილ სახეს, მანოპელოს გამოსახულებასა და ვერონიკას მანდილს შორის.


წმინდა საყდრის თანამშრომლმა და წმინდა აპოლინარეს რელიგიურ მეცნიერებათა უმაღლესი ინსტიტუტის, ეკლესიის ისტორიის ლექტორმა, ვერონიკა მარია ზაიფერტიმ ბოლო წლებში ჩაატარა საინტერესო კვლევა, რომელიც გამყარებულია ვრცელი დოკუმენტური და იკონოგრაფიული აპარატით და ეს არის კიდევ ერთი ხმა, რომელიც ემატება სამეცნიერო დებატებს ამ, მეტად საინტერესო საკითხის გარშემო. კვლევა გამოცემულია Velar-ის მიერ და ჰქვია „ვერონიკას მანდილი და წმინდა სახე“.



წიგნის წარდგენისას მღვდელი ფედერიკო ლომბარდი წერს: „ჩვენ კარგად ვიცით  და ავტორიც სრულად აცნობიერებს იმას, რომ ვერასდროს მივაღწევთ საბოლოო ისტორიულ თუ სამეცნიერო უტყუარობას ამ ხატების წარმოშობის შესახებ, თუმცა მათი მნიშვნელობა და აზრი რწმენისა და სულიერების ისტორიაში იმდენად დიდია, რომ მათ ბუნებასა და თავგადასავლებზე საუბრისა და შესწავლის სურვილი საუკუნეების მანძილზე არ მთვარდება, პირიქით, მუდამ მდიდრდება ახალი ჰიპოთეზებით“.


ავტორი კი განმარტავს: „როდესაც ‘ვერონიკაზე’ ვსაუბრობთ, იგულისხმება მანდილის რელიკვია, რომელზეც, ტრადიციის თანახმად, ჯვარცმის გზაზე იესომ თავისი სისხლიანი სახე აღბეჭდა. ტერმინით „ვერონიკა“ ჩვენ დღეს მოვიაზრებთ კეთილმსახურ ქალს, რომელმაც იესოს მანდილი მიაწოდა.


„ვერონიკას მანდილის“ ნახვა მხოლოდ შორიდან არის შესაძლებელი და ის მოჩანს როგორც მუქი, ძნელად ამოსაცნობი გამოსახულება. გამოსახულებ მუქია, რადგან ის სისხლის რელიკვიაა, სისხლი კი დროთა განმავლობაში მუქდება. იესოს, ჭეშმარიტი ღვთისა და ჭეშმარიტი ადამიანის თვალები მასზე მოჭუტულია. როგორც ჩვენ ვხუჭავთ თვალებს, როდესაც რაღაც გვიახლოვდება, ასევე იესომაც, როგორც ჩვეულებრივ ადამიანმა, ქუთუთოების რეფლექსის გამო თვალები მოჭუტა, როდესაც თავის ტანჯულ სახეს იმშრალებდა.


გარდა ამისა, ვერონიკას სხვადასხვა იკონოგრაფიაში, რომლებიც ავტორიტეტულად მიიჩნევა (რადგან წმიდა პეტრეს ბაზილიკის ნებართვითაა შესრულებული), არ ფიგურირებს ეკლის გვირგვინი. სახის შემშრალებისას იესო მას არ შეხებია, რათა ტკივილი არ გაეძლიერებინა“.


ეს მართლაც ერთ-ერთი ყველაზე რთული და საინტერესო კითხვაა ქრისტიანულ იკონოგრაფიაში. პასუხი იმალება ორ სხვადასხვა რელიკვიასა და იმ ისტორიულ გაურკვევლობაში, რომელზეც წინა ტექსტებში ვსაუბრობდით.


„ეს კითხვა ძალიან საინტერესოა. აქამდე ჩვენ არ შეგვეძლო მასზე პასუხის გაცემა. მრავალი დოკუმენტის ანალიზისას აღმოვაჩინე, რომ შუა საუკუნეებში არაერთი წყარო მოწმობს რომში ორი „ხელთუქმნელი“ რელიკვიის, ადამიანის ხელით შეუქმნელი ორი მანდილის არსებობას. მათგან უმნიშვნელოვანესი ინახებოდა წმიდათა წმინდაში: იოანეს ლატერანის ბაზილიკის საპაპო სამლოცველოში. მას უწოდებენ „წმინდა სახეს“ ან ასევე „ურონიკას“ . ეს ტერმინი უკავშირდება ებრაულ ფუძეს „ur“, რაც ნიშნავს „ნათებას“, „გაბრწყინებას“.  მეორე რელიკვია კი, VIII საუკუნიდან წმიდა პეტრეს ტაძარში გვხვდება. ეს არის „ვერონიკა“.



„ვერონიკას მანდილი“, როგორც წმინდა რელიკვია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქრისტეს ვნების სხვა სიწმინდეებთან ერთად ინახებოდა, სულ მცირე შუა საუკუნეებიდანვე იზიდავდა მომლოცველებს. იგი საჯაროდ გამოიფინა ჯერ კიდევ 1207 წელს.


მისი საჯაროდ გამოტანის ლიტურგია იწყება ბაზილიკაში საზეიმო მსვლელობით, სასულიერო პირები იკრიბებიან მთავარ საკურთხეველთან, რომელიც წმინდა პეტრეს საფლავზე მდებარეობს. ისინი მსვლელობით გაივლიან ბაზილიკას და გალობენ წმინდანთა ლიტანიას. მათ უერთდებიან მორწმუნეებიც. მსვლელობა ჩერდება, როცა ყველა მიმართავს მზერას იმ სამლოცველოსკენ, რომელიც წმინდა ვერონიკას ქანდაკების ზემოთ მდებარეობს.


შემდეგ დგება მთავარი მომენტი: ზარების რეკვისა და ჰიმნის Vexilla Regis-ის გალობის ფონზე, გამოაბრძანებენ რელიქვიას. საბურველს მაღლა სწევენ და ყველა მიმართულებით აჩვენებენ, მორწმუნეებს იწვევენ მდუმარე თაყვანისცემისკენ. მცირე ხნით, ყველა დამსწრეს ეძლევა შესაძლებლობა, შეხედონ მას, რაც ქრისტეს სახედ ითვლება.


მაშინ, როცა ვნების პერიოდის განმავლობაში წმინდა გამოსახულებები ტრადიციულად იფარება, რომის ეკლესია ერთ, უკანასკნელ მზერას აჩერებს ქრისტეს სახეზე — იქამდე, სანამ „ვნების კვირა“ დაიწყება.

 

 შოთა გიქოშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Comments


bottom of page