პაპმა ლეონ XIV–მ სომხური სამოციქულო ეკლესიის კილიკიის საყდრის კათოლიკოსს უმასპინძლა
- 16 minutes ago
- 2 min read
პაპი ლეონი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის კილიკიის საყდრის მეთაურს შეხვდა და მადლიერება გამოხატა ეკუმენიზმში შეტანილი მისი წვლილისთვის და იმედი გამოთქვა, რომ რომში ეს ვიზიტი იქნება კიდევ ერთი გადაგდგმული ნაბიჯი სრული ერთიანობისკენ მიმავალ გზაზე.

სომხური სამოციქულო ეკლესიის — კილიკიის საყდრის კათოლიკოსმა, არამ I-მა, 18 მაისს, ვატიკანში, პაპი ლეონ XIV მოინახულა.
პირადი შეხვედრის შემდეგ, რომელიც კათოლიკოსის პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო პაპ ლეონთან, სასულეირო პირებმა ერთობლივად ილოცეს სამოციქულო სასახლის ურბან VIII-ის კაპელაში.
კილიკიის კათოლიკოსატის იურისდიქცია მოიცავს ლიბანს, სირიას, კვიპროსს, ქუვეითს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, სპარსეთის ყურის რეგიონს, ირანს, საბერძნეთსა და ამერიკის კონტინენტს. 1930 წლიდან კილიკიის დიდი სახლის კათოლიკოსატის ცენტრი მდებარეობს ანთელიასში, ლიბანში.

18 მაისს, ვატიკანში გამართულ შეხვედრისას, პაპი ლეონი კათოლიკოსს ესაუბრა სარწმუნოების მნიშვნელობაზე, ქრისტიანებს შორის არსებულ საერთო კავშირებზე და ქრისტეს მიმდევართა მოწოდებაზე — ერთად დაამოწმონ ერთობა.
წმიდა მამამ კილიკიის კათოლიკოსს მადლობა გადაუხადა კათოლიკე ეკლესიასთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის გაწეული ძალისხმევისა და რომის ეკლესიისადმი მისი სიახლოვისთვის.
პაპმა ასევე მადლობა გადაუხადა კათოლიკოს არამ I-ს პირადი ერთგულებისთვის, რომელიც მან ეკლესიების შორის თეოლოგიური დიალოგის ხელშეწყობაში გამოიჩინა. პაპმა გაიხსენა, რომ ეს დიალოგი 2003 წლიდან მიმდინარეობს კათოლიკურ ეკლესიასა და აღმოსავლურ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის თეოლოგიური დიალოგის საერთაშორისო შერეული კომისიის ფარგლებში.
პაპ ლეონის თქმით, გულწრფელად იმედოვნებს, „რომ მიუხედავად ბოლო დროის სირთულეებისა, ეს დიალოგი განახლებული ძალით გაგრძელდება“, და დასძინა: „რადგან ჩვენს ეკლესიებს შორის ზიარების აღდგენა შეუძლებელია სარწმუნოებაში ერთობის გარეშე.“

პაპმა ასევე აღნიშნა, რომ კათოლიკოსის ყოფნამ მას „საყვარელი“ ლიბანი გაახსენა, რომელიც გასული წლის დეკემბერში სიყვარულით მოინახულა.
ლეონ XIV-ს თქმით, დიდი ხნის განმავლობაში ამ ქვეყანამ „მთელს მსოფლიოს აჩვენა, რომ შესაძლებელია სხვადასხვა კულტურისა და რელიგიის ადამიანებმა ერთად იცხოვრონ, როგორც ერთმა ერმა“, თუმცა სინანულით აღნიშნა, რომ ქვეყანა კვლავ მძიმე განსაცდელების წინაშე დგას.
„იმ დროს, როდესაც თქვენი ქვეყნის ერთობა და მთლიანობა კვლავ საფრთხის ქვეშაა, ჩვენი ეკლესიები მოწოდებულნი არიან განამტკიცონ ის ძმური კავშირები, რომლებიც არა მხოლოდ ქრისტიანებს აერთიანებს ერთმანეთთან, არამედ მათი საერთო სამშობლოს სხვა თემების ძმებსა და დებთანაც. თქვენო უწმინდესობავ, გარწმუნებთ ჩემს ყოველდღიურ ლოცვებში და იმ ღრმა შეშფოთებაში, რომელსაც ვგრძნობ ლიბანის ხალხისა და ახლო აღმოსავლეთის ეკლესიების მიმართ“, – აღნიშნა პაპმა.
ბოლოს, პაპმა ლეონ XIV-მ მადლიერება გამოხატა იმის გამო, რომ მას და კათოლიკოსს, სულთმოფენობის დღესასწაულის წინ, შეეძლებათ ერთად ილოცონ ერთობისთვის, მტკიცე მშვიდობისთვის და დედამიწის სახის განახლებისთვის.

წმინდა მამამ ითხოვა სომეხთა მოციქულის, წმიდა გრიგოლ განმანათლებლის; მღვდლისა და ბერის, წმინდა გრიგოლ ნარეკაცის; და კილიკიის კათოლიკოსის, წმინდა ნერსეს შნორალი მადლმოსილის რომის კონდაკში შეყვანა. ამის შესახებ პაპმა ორშაბათის აუდიენციაზე აღნიშნა.
აუდიენციის დასასრულს, პაპის გარშემო შეკრებილმა სომეხმა სამოციქულო ეკლესიის ეპისკოპოსებმა ორი საგალობლო შეასრულეს. პირველის სათაურია „კილიკია“, ხოლო მეორისა „წმინდა და უზენაესი მწვერვალებიდან“, რომელიც, როგორც წესი, მოქმედ კათოლიკოსს ეძღვნება ხოლმე.
რომში ყოფნის პერიოდში, კათოლიკოსი არამ I ასევე ეწვია ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიას და რომის კურიის სხვა დიკასტერიებს. ხოლო 19 მაისს კათოლიკოსი საჯარო ლექცია წაიკითხა ახლო აღმოსავლეთის ეკლესიების წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ აღმოსავლურ პონტიფიკალურ ინსტიტუტში.





Comments