top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

სამონასტრო ლუდი



შუა საუკუნეებში წარმოებული ლუდის მრავალფეროვანი პროდუქციიდან სწორედ სამონასტრო ლუდსახარშები გამოირჩეოდნენ შესამჩნევი ხარისხით. გარდა ამისა, ძველი პრინციპი Liquida non fragunt lentum (სითხე მარხვას არ არღვევს) სავსებით უწყობდა ხელს ნოყიერი სასმელის დამზადების მრავალგვარ ექსპერიმენტებს. ლუდი ბერების რაციონს უფრო სრულფასოვანს ხდიდა, განსაკუთრებით დიდმარხვის პერიოდში. გარდა ამისა, გაცილებით უსაფრთხო იყო ამ სასმელით წყურვილის მოკვლა, ვინაიდან იმ დროს წყალი არაერთხელ გახდა ინფექციების წარმოშობის წყარო. ლუდი, თერმული დამუშავების წყალობით, არა მხოლოდ თავისუფალი იყო დაავადების გამომწვევი ბაქტერიისაგან, არამედ შეიცავდა ყველა სახის ვიტამინს, რომლებიც ხელს უწყობდნენ დაავადებების, კერძოდ კი სურავანდის, თავიდან აცილებას.


არსებობს ლეგენდა, თუ როგორ მიიღეს გერმანელმა ბერებმა პაპის კურთხევა მარხვის დროს ლუდის გამოყენების შესახებ. ტრადიციის მიხედვით, პონტიფექსი, როგორც ეროვნებით იტალიელი, უპირატესობას ანიჭებდა ღვინოს, ლუდზე კი ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა. იმისათვის რომ პაპს ლუდი გაესინჯა, ბერებმა რომში გაგზავნეს თავიანთი წარმოების სასმელით სავსე რამდენიმე კასრი. ზუსტად არ არის ცნობილი, რა მოხდა გზად, მაგრამ ლუდი გაფუჭდა. როდესაც პონტიფექსმა დააგემოვნა გერმანელი ბერების სამარხვო სასმელი, პირისახე დაემანჭა და წარმოთქვა: „თუ მათ სურთ ასეთი საზიზღრობის დალევა, დაე, დალიონ“. სამონასტრო ლუდსახარშები ღვთისმოსაობით შეუდგნენ პაპის განაჩენის აღსრულებას.


სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ პირველად სწორედ კათოლიკე ბერებმა დაიწყეს სვიის რეგულარულად გამოყენება ლუდის ხარშვისას. ამის წყალობით სასმელის შენახვის ვადა გაიზარდა. ამრიგად, შესაძლებელი იყო არა მხოლოდ სასმელის დამზადება საკუთარი საჭიროებისათვის, არამედ მისი მეზობელ რეგიონებში გაგზავნაც.


სხვათა შორის, ბელგიელ ლუდის მხდელებს საკუთარი ზეციური მფარველიც კი ჰყავთ - წმიდა არნოლდი, რომელიც მე-11 საუკუნეში ცხოვრობდა საფრანგეთში. მან დააარსა მონასტერი ქალაქ ოდენსეში, რომელიც დღეს ბელგიაში მდებარეობს. 1086 წელს, შავი ჭირის ეპიდემიის დროს, წმიდა არნოლდის მონასტრის ბერებმა დაინახეს, რომ ხალხი სვამდა წყალს მდინარიდან, რომელიც დაბინძურებული იყო ინფექციის წყაროთი. ბერებმა დაიწყეს ლუდის წარმოება, რომლის მოხმარებაც უფრო უსაფრთხო იყო, რადგან დუღილის პროცესში ბაქტერიები ნადგურდებოდნენ. ბერები მოუწოდებდნენ ადამიანებს, დაელიათ ლუდი წყლის ნაცვლად, რათა არ დაავადებულიყვნენ.


წმიდა არნოლდი ასევე მიიჩნევდა, რომ ლუდს სამკურნალო თვისებები ჰქონდა და ხელს უწყობდა დაავადებისაგან განკურნებას. იგი ამტკიცებდა, რომ ლუდი შეიცავდა ვიტამინებსა და მინერალებს, რომლებსაც შეეძლოთ იმუნური სისტემის გაძლიერება და ავადმყოფის გამოჯანმრთელება. ,,ლუდი ღვთის საჩუქარია“, - იმეორებდა ხშირად წმიდა არნოლდი. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ეპიდემიის დროს წმიდა ბერი არ ელოდებოდა, როდის დაავადდებოდნენ ადგილობრივი მცხოვრებნი სასმელი წყლით, არამედ მათ აიძულებდა დაელიათ მისი მონასტრის ლუდი. ამის წყალობით მის ეკლესიაში ბევრი ადამიანი გადაურჩა ჭირს.


ყოველწლიურად, 14 აგვისტოს, წმიდა არნოლდის ლიტურგიული მოხსენიების დღეს, მის საფლავთან თავს იყრიან ლუდის მხდელნი, ხოლო ლუდსახარშებში ხშირად ნახავთ ამ ეპისკოპოსის გამოსახულებებს.


ვერიკო ნოზაძე

ჟურნალი ''საბა"/ 2024 წელი, აგვისტო


Comments


bottom of page