top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'საფარველსა ქვეშე შენისა' - ეკლესიის უძველესი ლოცვა

“მამაო ჩვენოსა” და “გიხაროდენის” შემდეგ, ხშირად ვიმეორებთ ლოცვას „საფარველსა ქვეშე შენისა“და მარიამ ღვთისმშობლის შუამდგომლობით ვეძებთ შველას.



ეს არის უძველესი მარიანული ლოცვა, ძველი ქრისტიანული ანტიფონი იესოს დედისადმი, რომელიც არქეოლოგიური აღმოჩენების თანახმად, ეკლესიაში III საუკუნის შუა პერიოდიდან ლოცულობდნენ.


მე-20 საუკუნის დასაწყისში, ეგვიპტეში, ალექსანდრიის მახლობლად, ბრიტანელმა არქეოლოგებმა ეს ლოცვა პაპირუსზე ხელნაწერი აღმოაჩინეს. იგი დაახლოებით 250 წლით თარიღდება.


ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია, რადგან იგი უარყოფს კათოლიკეების წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ ღვთისმშობლის შუამავლად ან დამცველად მოხმობა მათი შემდგომი გამოგონებაა და არა საეკლესიო საზოგადოების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია.


მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ პაპირუსის დაზიანებული ბერძნული ტექსტი ემთხვევა ბიზანტიური ლიტურგიის ლოცვას და ალექსანდრიის ეკლესია მარიამს ღვთისმშობლად ჯერ კიდევ მაშინ აღიარებდა, სანამ ეს ტიტული მთელს ეკლესიაში საყოველთაოდ იქნა მიღებული.


ორიგენემ, ალექსანდრიის კატეხეტიკური სკოლის ცნობილმა ხელმძღვანელმა, წმ. ლუკა მახარებლის სახარების კომენტირებისას დაწერა ორსულ ელისაბედზე, რომელიც თავს უღირსად გრძნობს ღვთისმშობლის სტუმრობისთვის. ასევე ალექსანდრიის პატრიარქი,წმ. ალექსანდრე, რომელიც მონაწილეობდა ნიკეის კრებაში (325 წ.), ალექსანდრე კონსტანტინოპოლელისადმი მიწერილ წერილში წერს ღვთისმშობელ მარიამისაგან იესო ქრისტეს მიღებულ ჭეშმარიტ სხეულზე.


ანტიფონში ავტორი მარიამს უწოდებს Theotokos-ს ანუ ღვთისმშობელს. ეს უფრო ადრე ხდება, ვიდრე ეფესოს კრება (431) განსაზღვრავდა ღვთის დედობის დოგმას. ტექსტი ბერძნულ ენაზეა დაწერილი და არ ვიცით, უფრო დიდი მთლიანის ნაწილია თუ ლოცვის დახურული ფორმა.


ანტიფონი არის მოწოდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი ეკლესიის საზოგადოების განზრახვისთვის. ტექსტის პირველი ნაწილი არის მორწმუნეების ბედის მინდობა და მლოცველთა თავმდაბალი თხოვნა, რომ ღვთისმშობელმა არ უგულებელყოს მათი თხოვნა.


მეორე ნაწილი კი, არის მოხმობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, როგორც ნუგეშისმცემლისა და შუამავლისა მორწმუნეებსა და ღმერთს შორის. ეს არის მარიამის თხოვნა დახმარებისთვის ღვთისკენ მიმავალ გზაზე. ბერძნული ორიგინალიდან თარგმნილ ტექსტში იკითხება:


საფარველსა ქვეშე შენისა

დაგვიფარე ღვთისმშობელო.

ნუ უგულვებელჰყოფ თხოვნებს.

რომელსაც შენდამი აღვავლენთ

ჩვენს საჭიროებებში,

არამედ დაგვიფარე ჩვენ საფრთხეებისაგან,

შენ ერთადერთო, სპეტაკო და კურთხეულო.


ესლოცვა ქართულ ენაზეა კათოლიკე ეკლესიის ლოცვის წიგნებში, იგი ილოცება განსაკუთრებით „სავარდის“ ლოცვის დასასრულს, ანდა ინდივიდუალურად.


საფარველსა ქვეშე შენისა

დაფარვით დაგვიფარე ჩვენ წმინდაო ღვთისმშობელო.

სათხოვარსა ჩვენსა, ნუ უგულვებელჰყოფ,

ჭირთა შინა ჩვენთა,

არამედ, ყოვლისა წარწრყმედილებისაგან,

გვიხსენ ჩვენ მარადის,ქალწულო დიდებულო და კურთხეულო. ამენ.


ქართულ ვერსიაში, ზოგ რეგიონში,ასევე გავრცელებულია ლოცვის მეორე ნაწილი, რომელიც სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში იქნა დამატებული, სხვადასხვა სასულიერო პირის მიერ.


დედუფალო, დედუფალო, დედუფალო ჩვენო.

ქომაგო ჩვენო

შუამდგომელო ჩვენო.

ნუგეშისმცემელო ჩვენო.

შენს ძესთან, ჩვენ შეგვარიგე,

შენს ძესთან, ჩვენ წარგვადგინე,

შენს ძეს ჩვენ მიგვაბარე. ამენ.


წყარო: pl.aleteia.org



შოთა გიქოშვილი

bottom of page