top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

საქართველო - ქრისტიანული სახელმწიფო?

  • 2 hours ago
  • 2 min read

ისტორიულად, საქართველოზე ქრისტიანული სახელმწიფო ითქმის, რადგან იგი არა მხოლოდ ერთ-ერთი პირველია, რომელმაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა, არამედ საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანობა ეროვნული იდენტობის აუცილებელ ელემენტად აქცია გარეშე მტრებისგან გასამიჯნად, მათთან დაპირისპირებაში გადარჩენისა თუ საგარეო პრიორიტეტების გამოკვეთის მიზნით.



თუმცა მე-19 და მე-20 საუკუნეებში მნიშვნელოვნად შეიცვალა ეკლესია-სახელმწიფოს ურთიერთობის ლამის ყველა ასპექტი საქართველოში. ეს კი, საბოლოო ჯამში, აისახა კულტურულ, სოციალურ, სამართლებრივ თუ პოლიტიკურ სფეროში. თუკი სოციალურ-კულტურული თვალსაზრისით ქრისტიანული სახელმწიფოს კონცეფციასთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებული საკითხები იკვეთება, წმინდა სამართლებრივი კუთხით მდგომარეობა ნათელი და ცალსახაა.


1995 წელს საქართველოს კონსტიტუციამ აღიარა რელიგიის თავისუფლება და აირჩია სეკულარული სახელმწიფოს მოდელი. რა თქმა უნდა, საუბარია სეკულარიზმის ინსტიტუციურ გაგებაზე, რომელიც რელიგიასა და სახელმწიფოს ინსტიტუციურად მიჯნავს, ერთმანეთის ორგანიზაციული დამოუკიდებლობისა და ურთიერთჩაურევლობის პირობით. 2001 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით კი გაჩნდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსტიტუციური შეთანხმების დადების შესაძლებლობა, რასაც ერთ წელიწადში, 2002 წლის 14 ოქტომბერს, თავად კონსტიტუციური შეთანხმების დადებაც მოჰყვა. ამ სისტემურმა ცვლილებებმა დაამკვიდრა თანამშრომლობითი სეკულარიზმის მოდელი, რომელიც დღემდე მოქმედებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუციური შეთანხმების დადება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გაგებულ იქნეს სხვა რელიგიურ ორგანიზაციათა შეზღუდვად.


საქართველოს კონსტიტუციის არაერთი ცვლილებისა და მასშტაბური საკონსტიტუციო რეფორმის მიუხედავად, რელიგიის თავისუფლება და თანამშრომლობითი სეკულარიზმის მოდელი არ შეცვლილა. სამართლებრივი თვალსაზრისით, დღეისათვის რელიგიის თავისუფლების დამფუძნებელი ნორმაა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი, რომელიც აღიარებს რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებას. ამასთან, გასათვალისწინებელია მე-8 მუხლი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელი ეკლესიის სამართლებრივი ურთიერთობებისათვის საკონსტიტუციო ჩარჩოს ადგენს. ამავე ნორმით, კონსტიტუციური შეთანხმება სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში.


თანამშრომლობითი სეკულარიზმის ქართულ მოდელში უამრავი პრობლემა და გამოწვევაა, მათ შორის, განსხვავებულ რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის კუთხით დისკრიმინაციული შემთხვევებიც მრავლადაა, როგორც სოციალურ, ისე სამართლებრივ დონეზე. მათზე საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე უმსჯელია და მომავალშიც არაერთხელ მოუწევს განსჯა. თუმცა, ამ გამოწვევების მიუხედავად, საქართველოში არ არსებობს სახელმწიფო რელიგია და, მით უმეტეს, სახელმწიფო ეკლესია (ეს, უპირველესად, თავად ეკლესიისთვისაა კარგი). ეკლესიის ჩართვა სახელმწიფოს ბიუროკრატიულ აპარატში, საქართველოს უახლესი მძიმე წარსულის, საბჭოთა და რუსული საოკუპაციო რეჟიმების გამოცდილებით, გამოუსწორებელ ზიანს მოიტანს საზოგადოებრივ თუ სამართლებრივ სინამდვილეში. სამართლებრივად, დღეისათვის საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო არაა, თუმცა სახელმწიფო ეკლესიის დადგენის შემთხვევაში, რასაც აუცილებლად საკონსტიტუციო ცვლილება დასჭირდება, სამართლებრივი კუთხით შესაძლოა მოირგოს ქრისტიანული სახელმწიფოს სტატუსი ოფიციალურად, თუმცა პრაქტიკულად, სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული თვალსაზრისით, ამ ნაბიჯით მნიშვნელოვნად დაშორდება ამ კონცეფციის თანამედროვე და მართებულ გაგებას.


დიმიტრი გეგენავა

ჟურნალი "საბა", 2026, ივლისი


Comments


bottom of page