top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

სიტყვის ერთგულებისთვის...



რა სხვანაირი იქნებოდა სამყარო, ყოველი ადამიანი თავისი სიტყვის ერთგული რომ ყოფილიყო! რადგან სიტყვა სამყაროს ცენტრში დგას. არა ისეთი სიტყვა, რომელიც ზოგად ხასიათს იძენს, არამედ რომელიც კონკრეტულად აისახება მარადიულ ჭეშმარიტებაში.


სამწუხაროდ, ყოველთვის ასე როდი ხდება. ამბობენ, სიტყვები სამყაროს გარდასახავენო, თუმცა არა ყოველთვის უკეთესობისაკენ. მით უმეტეს, თუკი სიტყვები ტყუილით, ანგარებითაა გაჯერებული, სიტყვები, რომელსაც ორმოს გასათხრელად და სინდისის ქენჯნისგან გასათავისუფლებლად იყენებენ.


„თავდაპირველად სიტყვას ჯადოსნური თვისება ჰქონდა და დღემდე შეინარჩუნა თავისი უძველესი მაგიური ძალა. სიტყვით ადამიანი შეგიძლია გააბედნიერო ან სასოწარკვეთილებამდე მიიყვანო“, - საინტერესოა, თუ წაუკითხავს ფროიდის ეს ფრაზა ეკლესიის ან მთავრობის რომელიმე წარმომადგენელს, ან თუ სმენიათ მაინც პაპ ფრანცისკეს საუბრები, რომელმაც წონა დაუბრუნა გარკვეულ სიტყვებს, რისი აღქმაც უკვე გვიჭირს. და დღეს რამდენი ახალი მიმართვა გაისმის იმ მიზნით, სწორედ სიტყვებისა და მათი საზრისის აღრევით რეალობას რომ მოგვწყვიტონ. რამდენი ფაქტი შეგვიძლია გავიხსენოთ, თუ როგორ მოგვატყუეს ან... როგორ შეგვიცვლია მიცემული სიტყვა (ესეც უნდა ვაღიაროთ) საზოგადოებრივი და სარწმუნოებრივი ცხოვრების გინდ უბრალო, გინდაც მნიშვნელოვან მომენტებში.


დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც ფატიმის ღვთისმშობლის ქანდაკების საქართველოში ჩამობრძანების სამზადისთან დაკავშირებით, არაერთ ადამიანსა და ორგანიზაციას შევხვდი; უმრავლესობამ გულთბილად განაცხადა თანხმობა თანამშრომლობაზე; მშვენიერი იყო! დახმარებას გვპირდებოდნენ მუნიციპალიტეტები, მერები, საგზაო პოლიცია, მუსიკალური გუნდები, პოეტები, მხატვრები, პოლიტიკოსები, ტელევიზიები, თვით რელიგიათა წარმომადგენლები... მაგრამ შემდეგ, როცა საქმე საქმეზე მიდგა და ეს ლამაზი დაპირებები კონკრეტულ საქმედ უნდა ექციათ, მიცემული სიტყვა მხოლოდ ცოტამ თუ შეასრულა, რის გამოც გულწრფელ მადლობასა და პატივისცემას გამოვხატავთ მათ მიმართ.


მაგრამ ნეტავი როგორ მოიქცეოდნენ ისინი, რომლებმაც სიტყვა გატეხეს, თუ ეს მართლმადიდებელი ეკლესიის თხოვნა იქნებოდა? საკმარისია გავიხსენოთ, რომ ბათუმში ღვთისმშობლის ქანდაკების მოლოდინში მყოფი ჩვენი მორწმუნეები პორტის მოსაცდელი დარბაზიდან გარეთ გაუშვეს, მიუხედავად უკვე არსებული შეთანხმებისა; ხომ წარმოუდგენელია? და როგორ მოიქცნენ ქუთაისში? კათოლიკე მრევლის წინამძღვრის მიერ მიცემული სიტყვა, რომ არავინ შევიდოდა ეკლესიის ეზოში ღვთისმშობლის ქანდაკებით მსვლელობისას, ქალაქის მართლმადიდებელ ეპისკოპოსს სარწმუნოდ არ ეჩვენა და საჭიროდ მიიჩნია ბარიკადების აღმართვა. ეკლესიის (ოდესღაც კათოლიკურის) ეზოს შესასვლელი მანქანებით ჩახერგა და შემოავლო ლენტები, საფრთხის ან უბედური შემთხვევის დროს რომ იყენებენ; ესეც არ იკმარა, იქვე მღვდლები და ახალგაზრდები შეყარა, ცხადია, არა ქანდაკებისადმი პატივის მიგების მიზნით.


იქნებ ბოლო წლებში ქუთაისის კათოლიკეებმა სიტყვა გატეხეს? თუ მათ ერთ ბრალდებას მაინც წაუყენებენ, ეს იქნება ის, რომ ისინი უკიდურესად ითმენდნენ და დღესაც ითმენენ. აი, ასეთი ფაქტი და კიდევ ბევრი ამგვარი მოხდა ჩვენს ქვეყანაში, ქვეყანაში, რომელიც ამაყობს თავისი ტოლერანტობით, ღვთისმშობლის წილხვდომილობით... საქმით გაქარწყლებული ლამაზი სიტყვები. ზოგიერთი შეიძლება შემომედავოს, ასე რამ გაგაბრაზა; რა არის ეს ყველაფერი სხვა, გაცილებით მძიმე და ცრუ ფაქტებთან შედარებითო? განა ჩვენი ცხოვრება აგებული არაა გატეხილ სიტყვაზე, დაწყებული საარჩევნო დაპირებებით და დამთავრებული ზოგიერთ საავადმყოფოში ანალიზის შედეგებით? თითქოს ახალი ხატმებრძოლეობაა, მაგრამ სიტყვის!


ქუთაისის მართლმადიდებელი ეპისკოპოსი, თითქოს ეკლესიათა ერთიანობის დიდი მხარდამჭერი, როგორ უნდა აცხადებდეს, რომ სურს მართლმადიდებელი და კათოლიკე ეკლესიების ერთიანობა, როდესაც ხელიდან უშვებს ისეთ მნიშვნელოვან შესაძლებლობას, რასაც შეეძლო მისი სიტყვები ღირსეულად და სარწმუნოდ წარმოეჩინა და არა ქვენა ზრახვების დასაფარავად წამოწყებულ თამაშად? ის მინიმუმი, რისი გაკეთებაც ახლა შეიძლება, ბოდიშის მოხდა იქნებოდა, რითაც მაგალითს მისცემდა მათ, ვინც მიცემული სიტყვა გატეხა.


ვაი, რომ ძნელია საკუთარი შეცდომების აღიარება; ხშირად, როცა ვუსმენთ იმ ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთს ადანაშაულებენ მომხდარში, ცალ-ცალკე კი ორივე თავისებურად მართალია, ვერ გაგვიგია, ვის მხარეზეა სიმართლე; არადა, ერთი მხარე უთუოდ მტყუანი იქნება... მაგრამ დიალექტიკა, თავდაცვის სისტემები, სიამაყე იმდენად ძლიერია, რომ სიმართლის ძიებისა და საკუთარი შეცდომების აღიარების შესაძლებლობას არ გვიტოვებს; და შავი ხდება თეთრი, ხოლო თეთრი - შავი...


სწორედ ამგვარი მაგიური ძალით, ოდითგანვე კათოლიკური ეკლესია მოულოდნელად ხდება მართლმადიდებლური... ბოლოს და ბოლოს, ადამიანი თავისი თავისუფლებით, თავისი შესაძლებლობებით ამ თამაშებს კარგად თამაშობს, მაგრამ თუ ის ეკლესიის წარმომადგენელია, მით უფრო... სამწუხაროა, თუმცა ასე ჩანს!


დაე, ჩვენთვის, მთელი გულით რომ მივიღეთ ფატიმის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ქანდაკება, ამ ყველაფერს უქმად არ ჩაევლოს, პირიქით, უფრო მეტი მგზნებარებით წარმოვთქვათ „დიახ“, როდესაც კათოლიკე ეკლესიის რწმენას ვეზიარებით ნათლობის, მირონცხების, ჯვრისწერის წუთებში, კვირადღის წირვისას, და ისევე ვიყოთ მისი ერთგულნი, როგორც ჩვენი სიტყვისა - „არა“, როდესაც უარვყოთ ყოველივეს, რაც ეწინააღმდეგება უმნიშვნელო, წარმავალ, ამქვეყნიურ ცხოვრებას. დაე, ეს იყოს გზა, რათა წაღმა დავატრიალოთ სიცრუის ტალახში ჩაფლული სამყაროს ბორბლები!


მამა გაბრიელე ბრაგანტინი

ჟურნალი "საბა" / დეკემბერი 2022

bottom of page