top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘სიყვარული ყველაზე სუფთა გრძნობაა, თუ ის მანკიერებით დაბინძურებული არ არის’ – პაპი

რომის ეპისკოპოსი, პაპი ფრანცისკე განაგრძობს კატეხიზაციების ციკლს, რომლებიც მანკიერებებსა და სათნოებებს ეხება. 17 იანვარს პაპმა საჯარო აუდიენცია მიუძღვნა ‘მანკიერი ვნების’ თემას, ანუ არასწორ დამოკიდებულებას მეორე ადამიანის მიმართ და ადამიანთა შორის არაჯანსაღ კავშირს, სექსუალურ ნაწილში.

 


პაპმა ხაზი გაუსვა, რომ ქრისტიანობა არ გმობს სექსუალურობას და ბიბლიაში, ქებათა-ქების წიგნში, ვხვდებით უმშვენიერეს პოემას, სადაც  საუბარია შეყვარებულ წყვილზე, თუმცა ადამიანურობის ეს განზომილება ხიფათს მოკლებული არ არის. ამ თემას, წმინდა პავლე ჯერ კიდევ კორინთელთა პირველ წერილში შეეხო, სადაც იგი ზოგიერთ ქრისტიანს არაჯანსაღი სექსუალური კავშირის გამო საყვედურობს.

 

“ჩვენი ყოფის ერთ-ერთი ულამაზესი რეალობა არის შეყვარებულობაა, რომელიც ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებაზე. თუ ის  შეურაცხყოფილი არ არის მანკიერებით, მაშინ ერთ-ერთი ყველაზე სუფთა გრძნობაა. შეყვარებული ადამიანი დიდსულოვანია, სიამოვნებით გასცემს საჩუქრებს, წერს წერილებსა და ლექსებს, წყვეტს ფიქრს მხოლოდ საკუთარ თავზე და სრულად გადაერთვება სხვა ადამიანებზე. მისი სიყვარული უმიზეზო, უპირობო და ცოტათი მიამიტია, რომელიც მიდრეკილია იდეალიზებისკენ. მაგრამ გრძნობების ეს აყვავებული ბაღი ბოროტებისგან დაცული არ არის. მას შეურაცხყოფს ლტოლვის დემონი და ეს მანკიერება განსაკუთრებით საძულველია, სულ მცირე ორი მიზეზის გამო: პირველ რიგში, ის კლავს ორ ადამიანს შორის არსებულ ულამაზეს კავშირს და აქცევს მას მეორე ადამიანის გამოყენების მომწამლავ ქმედებად, რომელიც მოკლებულია პატივისცემასა და სისპეტაკეს.

 

გიყვარდეს - ნიშნავს ღრმად სცემდე პატივს იმ ადამიანს, რომელიც შენ არ გეკუთვნის, ნიშნავს ისწრაფო მისი ბედნიერებისაკენ და  იგი გრძნობებით მოიცვა. სიძვა კი, პირიქით – დამცინავია, ძარცვავს ადამიანს, იყენებს, გაურბის შეყვარებულობის პერიოდს და მხოლოდ ვნების დაოკებისკენ ილტვის. გარყვნილი ადამიანი მოკლე გზების ძიებისას ვერ აცნობიერებს, რომ სწორედ მოთმინება ხდის შეყვარებულთა ურთიერთობას ბედნიერს”,  - ამბობს წმინდა მამა.

 

რომის ეპისკოპოსმა განმარტა მეორე მიზეზი, თუ რატომაა ლტოლვა სახიფათო მანკიერება: „ვნებას ძლიერი ხმა აქვს. ის დავანებულია, როგორც სხეულში, ასევე ფსიქიკაში. თუ მას მოთმინებისგან არ დავცლით და არ შევუშვებთ ორი მოსიყვარულე ადამიანის სერიოზულ ურთიერთობაში, მაშინ იგი თავისუფლების წამრთმევ ჯაჭვად გადაიქცევა. ლტოლვის მანკიერებას ამძაფრებს პორნოგრაფია. მსგავსი ტიპის, ურთიერთობებისგან დაცლილ ფორმას, შეუძლია გამოიწვიოს დამოკიდებულება“.

 

„ვნებებთან  გამარჯვების, სხვა ადამიანის ნივთად ქცევის წინააღმდეგ ბრძოლის გზა, შეიძლება მთელი ცხოვრება გაგრძელდეს, მაგრამ ამ ბრძოლაში უმთავრესია ჯილდო. ეს ჯილდო სილამაზის შენარჩუნებაა, რომელიც ღმერთმა თავის ქმნილებაში ჩადო, როცა ორ ადამიანს – მამაკაცსა და ქალს შორის სიყვარული ჩაიფიქრა. ეს სილამაზე გვეხმარება ვირწმუნოთ იმისა, რომ ისტორიის შენება და სინაზის ზრდა გაცილებით უკეთესია, ვიდრე დემონის წინაშე თავის დახრა; მეორე ადამიანში გამოყენება... უნდა გვწამდეს, რომ მსახურება უკეთესია ვიდრე დაპყრობა. ვინაიდან ცხოვრება სიყვარულის გარეშე სევდიან მარტოობად იქცევა“, - აღნიშნა აუდიენციის დასასრულს პაპმა ფრანცისკემ.  

 

წყარო: www.vaticannews.va


 შოთა გიქოშვილი

bottom of page