მამა ჟაკ ჰამელის მკვლელობა - ტრაგედია, რომელმაც ქრისტიანები და მუსლიმები შეძრა
- 1 day ago
- 3 min read
ათი წლის წინ, 2016 წლის 26 ივლისს, საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, სენ-ეტიენ-დიუ-რუვრეს (Saint-Étienne-du-Rouvray) ეკლესიის წინამძღვარი, მამა ჟაკ ჰამელი, წმინდა წირვის დროს მოკლეს. ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) ორმა ტერორისტმა მას ყელი გამოჭრა. თავდასხმის შედეგად მძიმედ დაშავდა მრევლის ერთ-ერთი წევრიც.

მამა ჟაკ ჰამელი მთელი თავისი ცხოვრება ეკლესიისა და თავისი სამრევლოს მსახურებას მიუძღვნა. მიუხედავად იმისა, რომ პენსიაზე იყო გასული და აღარ ასრულებდა წინამძღვრის მოვალეობას, 85 წლის ასაკშიც ყოველდღიური ცხოვრებით აჩვენებდა, რას ნიშნავს ძმობის მსახურება, ადამიანების შეხვედრის ხელშეწყობა, მათი მოსმენა და მათთან ერთად ლოცვა.
იმ ტრაგიკული დღიდან 10 წელი გავიდა. ეს იყო 2016 წლის 26 ივლისი, როდესაც რუანთან ახლოს, სენ-ეტიენ-დიუ-რუვრეს (Saint-Étienne-du-Rouvray) წმინდა სტეფანეს ეკლესიაში, წმინდა წირვის დასრულებისას, მამა ჰამელს თავს დაესხა ორი მამაკაცი, რომლებმაც ერთგულება ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს“ (ISIS) შეჰფიცეს.
თავდამსხმელებმა მღვდელს მუხლებზე დაჩოქება აიძულეს, შემდეგ კი ყელი გამოჭრეს. მისი უკანასკნელი სიტყვები კი ასეთი იყო: „წადი აქედან, სატანა! მომშორდი, სატანა!“
ყველა მოწამე ნეტარია
მამა ჟაკ ჰამელის მკვლელობიდან მალევე პაპმა ფრანცისკემ მისი ნეტარად შერაცხვის პროცესი გახსნა.
2016 წლის 14 სექტემბერს, ჯვრის ამაღლების დღესასწაულზე, სანტა მარტას სამლოცველოში აღვლენილი მოსახსენიებელი წმინდა წირვის ქადაგებაში, რომელსაც მამა ჰამელის ოჯახის წევრები, ნორმანდიიდან ჩასული მომლოცველები და რუანის მთავარეპისკოპოსი, მონსინიორ დომინიკ ლებრენი ესწრებოდნენ, პაპმა განაცხადა: „ის მოწამეა, ხოლო ყველა მოწამე ნეტარია.“
იმავე ქადაგებაში პაპმა ფრანცისკემ მამა ჟაკ ჰამელი ასე გაიხსენა:
„ის იყო კეთილი, მშვიდი, ძმობის სულით გამსჭვალული ადამიანი, რომელიც ყოველთვის მშვიდობის შენებას ცდილობდა, მაგრამ მოკლეს ისე, თითქოს დამნაშავე ყოფილიყო.“
მამა ჟაკ ჰამელის მკვლელობიდან 10 წლის შემდეგ, მღვდლის ხსოვნის პატივსაცემად, საფრანგეთში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. მათ შორის ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის ურთიერთგაგების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებული რელიგიათაშორისი ინიციატივები, გამოფენები, ლოცვები და შეხვედრები. აქტივობებით განსაკუთრებით გამოირჩეოდა ჩრდილოეთ საფრანგეთის სოფელი სენ-ეტიენ-დიუ-რუვრე.
ტრაგედია, რომელმაც დიალოგს ახალი იმპულსი მისცა
ამ მოვლენების ხსოვნამ, ბოლო ათი წლის განმავლობაში, საფრანგეთში, ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის ურთიერთობები თანდათან გააუმჯობესა, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური და იდეოლოგიური მანიპულაციებით გამოწვეული უნდობლობის დასაძლევად ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაწევი.
ამ საკითხზე საუბრობს დომინიკელი მღვდელი, მამა ჟან-ფრანსუა ბური, რომელიც საფრანგეთის ეკლესიის მუსლიმებთან ურთიერთობის ეროვნული სამსახურის დირექტორია.
მისი თქმით, საფრანგეთში ისლამურ-ქრისტიანულ დიალოგს ღრმა ფესვები აქვს. იგი ჯერ კიდევ 1950-იანი წლებიდან იწყება, ხოლო 1973 წელს ეკლესიამ მას ინსტიტუციური სახე მისცა, რათა ქრისტიანებს უკეთ გაეცნოთ ისლამის ისტორია და რელიგიური ტრადიცია.
პირველი მნიშვნელოვანი გარდატეხა 2001 წელს, ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შემდეგ მოხდა. ამ მოვლენამ საზოგადოება აიძულა, სიღრმისეულად დაფიქრებულიყო ტერორიზმისა და ძალადობის მიზეზებზე.
2010-იანი წლების დასაწყისში ევროპაში ტერორისტული თავდასხმების გახშირებამ მუსლიმურ საზოგადოებაშიც ღრმა სულიერი შოკი გამოიწვია. ბევრმა აღმოაჩინა, რომ ჯიჰადისტური იდეოლოგია სრულიად უცხო იყო იმ რელიგიური სწავლებისთვის, რომელიც თავად ჰქონდათ მიღებული.
მამა ჟაკ ჰამელის მკვლელობის შემდეგ, მაღალი რანგის მუსლიმური დელეგაციები, მათ შორის მსოფლიო მუსლიმური ლიგის წარმომადგენლები, ეპისკოპოსებთან და ქრისტიანულ საზოგადოებასთან ერთად ლოცვაში გაერთიანდნენ. მათ საჯაროდ დაგმეს ეს დანაშაული და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აუცილებელი იყო სრულიად განსხვავებული რელიგიური გზავნილის გავრცელება.

როგორ გააერთიანა მამა ჰამელმა ქრისტიანები და მუსლიმები?
მამა ჟან-ფრანსუა ბურის თქმით, მსგავსი ტრაგედიების შემდეგ ყოველთვის ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ხმამაღლა აცხადებენ, რომ ასეთი ძალადობა მათი სახე არ არის.
ორივე რელიგიის მორწმუნეები განსაკუთრებით შეძრა იმ ფაქტმა, რომ მოწამეობა ყველაზე წმინდა მომენტში – წმინდა წირვის აღსრულებისას მოხდა.
ბევრმა მუსლიმმა საჯაროდ გამოხატა აღშფოთება ლოცვის ადგილის შებილწვის გამო. მათ ქრისტიანების მიმართ თანაგრძნობა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული ჟესტებითაც გამოხატეს: მამა ჰამელის საფლავზე ყვავილები მიიტანეს და მღვდლის ქადაგების ამსახველი პორტრეტი აჩუქეს.
თავის მხრივ, საფრანგეთის ეკლესიამ, რომელიც სახარებისეულ ღირებულებებს –დიალოგს, მიტევებასა და შერიგებას დაეყრდნო, არ დაუშვა, რომ რამდენიმე ექსტრემისტის დანაშაულისთვის მთელი მუსლიმური სამყარო დაედანაშაულებინა. ამ ქრისტიანულმა მოწმობამ ბევრი გააოცა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა, რომ ექსტრემისტული ძალადობა არ გამოხატავს ჭეშმარიტი მორწმუნეების რელიგიურ რწმენას.
რა გამოწვევები დგას დღეს?
მამა ბურის შეფასებით, დღეს რელიგიათაშორისი დიალოგის ყველაზე დიდი დაბრკოლება ისაა, რომ ბევრს მიაჩნია, თითქოს არსებობს უფრო გადაუდებელი პრობლემები და დიალოგი პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს.
განსაკუთრებული გამოწვევაა ახალგაზრდების აღზრდა, რომლებიც შიშისა და გაურკვევლობის ატმოსფეროში იზრდებიან და შესაძლოა, მამა ჰამელის ტრაგედია მხოლოდ შორეულ, აბსტრაქტულ მოვლენად აღიქვან.
სულიერი თვალსაზრისით კი მთავარი საფრთხე საკუთარ თავში ჩაკეტვის ცდუნებაა. არსებობს რისკი, რომ ქრისტიანული ცხოვრება და სახარების ქადაგება გადაიქცეს ერთგვარ „თავდაცვით კედლად“ ან მუსლიმების მიმართ იდენტობის დაპირისპირების ფორმად.
მისი თქმით, უნდობლობის დასაძლევად და მდგრადი მშვიდობის ასაშენებლად აუცილებელია რწმენის, დიალოგისა და ურთიერთგაგებისადმი ახალი ერთგულება.
თაკო ფეიქრიშვილი

