ყაზახეთში კათოლიკე მთავარეპისკოპოსს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უმაღლესი ჯილდო გადასცა
- 26 minutes ago
- 2 min read
ასტანაში, წმინდა მარიამის ეპარქიის კურიაში გაიმართა, კათოლიკე და მართლმადიდებელი ეკლესიები წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელიც ორ ეკლესიას შორის არსებული კეთილი ურთიერთობებისა და მრავალწლიანი თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტური გახდა. მისი მიზანი ქრისტიანთაშორისი დიალოგისა და საზოგადოებრივი მსახურების სფეროში ერთობლივი ინიციატივების განხილვა, ასევე კათოლიკე მთავარეპისკოპოს ტომაშ პეტასთვის საეკლესიო ჯილდოს გადაცემა იყო.

2026 წლის 28 ივლისს, ასტანის წმინდა მარიამის არქიეპარქიის არქიეპისკოპოს-მიტროპოლიტი ტომაშ პეტა, შეხვედრა ყაზახეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, ასტანისა და ყაზახეთის მიტროპოლიტ ალექსანდრეს. კათოლიკე მთავარეპისკოპოსის მიწვევით, მართლმადიდებელი მიტროპოლიტი ალექსანდრე ეწვია კათოლიკური არქიეპარქიის კურიას, რომელიც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მუდმივი შემწეობის კათედრალურ ტაძართან მდებარეობს.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ყაზახეთის რესპუბლიკაში სამოციქულო ნუნციუსი, მთავარეპისკოპოსი ჯორჯ პანამთუნდილი.
ვიზიტმა ძმური ურთიერთობის გარემოში ჩაიარა და კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ყაზახეთში კათოლიკე და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის არსებულ მრავალწლიან თანამშრომლობას. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს არაერთი საკითხე, რომელიც ეხებოდა როგორც საეკლესიო ცხოვრებას, ასევე საზოგადოებაში ერთობლივ ქრისტიანულ მოწმობას.
იერარქებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ერთობლივი პროექტების გაგრძელებას. ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა ტურინის სუდარისადმი მიძღვნილი გამოფენის მეორე ეტაპის დაგეგმვა. ეს პროექტი ხორციელდება ყაზახეთის მართლმადიდებელი ეკლესიის, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია Kirche in Not-ის (დახმარება ეკლესიას გაჭირვებაში) და ასტანაში წმინდა ქალწული მარიამის არქიეპარქიის ძალისხმევით. მიმდინარე წელს, ექსპოზიციის წარდგენა იგეგმება პეტროპავლოვსკში, ყარაღანდასა და ალმათში, რათა ამ უნიკალურ ისტორიულ მოწმობას კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაეცნოს.

შეხვედრის მონაწილეებმა, საუბრისას გაცვალეს აზრები ყაზახეთში ქრისტიანთაშორისი და რელიგიათშორისი დიალოგის შესახებ. აღინიშნა, რომ ქვეყნის რელიგიურ თემებს შორის თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება და ხელს უწყობს ურთიერთნდობის, საზოგადოებრივი თანხმობისა და მშვიდობის განმტკიცებას.
საუბარში ცალკე ადგილი დაეთმო ტრადიციული სულიერი და ზნეობრივი ფასეულობების დაცვის საკითხებს. თანამოსაუბრეებმა დაადასტურეს ერთობლივი ძალისხმევა ოჯახის მხარდაჭერის, ბავშვთა აღზრდის, ქორწინების ურღვევობის შენარჩუნებისა და ადამიანის სიცოცხლის ფასეულობის დამტკიცების საქმეში ჩასახვიდან ბუნებრივ სიკვდილამდე იმ საძირკვლისა, რომელიც ქრისტიანებს საზოგადოებრივ მსახურებაში აერთიანებს.
შეხვედრის კულმინაცია გახდა არქიეპისკოპოს ტომაშ ბერნარდ პეტასთვის ორდენ „Алғыс“-ის (მადლიერება) გადაცემის ცერემონია, რომელიც ყაზახეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოა.
ჯილდოს გადაცემამდე მიტროპოლიტმა ალექსანდრემ არქიეპისკოპოს ტომაშ პეტას მრავალწლიანი თანამშრომლობისა და კეთილი ადამიანური ურთიერთობებისთვის მადლობა გადაუხადა, რის შემდეგაც გაჟღერდა ოფიციალური ბრძანებულება:
„ყაზახეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ალექსანდრეს, ასტანისა და ყაზახეთის მიტროპოლიტის ბრძანებულებით, ქრისტიანთაშორისი კავშირების განვითარების საქმეში გაწეული ღვაწლის დასაფასებლად, არქიეპისკოპოსი მიტროპოლიტი ტომაშ ბერნარდ პეტა დაჯილდოვდეს ორდენით Алғыс (მადლიერება). ყაზახეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური ალექსანდრე, ასტანისა და ყაზახეთის მიტროპოლიტი“.
ბრძანებულების გამოცხადების შემდეგ, მიტროპოლიტმა ალექსანდრემ წარმოთქვა ტრადიციული საეკლესიო შეძახილი “აქსიოს!”, რასაც შეკრებილებმა მრავალჯერადი გალობით “აქსიოს”! უპასუხეს. ეს ბერძნული სიტყვა ნიშნავს „ღირსს“ და ტრადიციულად გამოიყენება საეკლესიო ცხოვრებაში, როგორც ადამიანის დამსახურების აღიარებისა და მისთვის შემდგომი ლოცვითი მსახურების სურვილის გამოხატულება.
ორდენი Алғыс ყაზახეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოა. აღნიშნული ორდენით ჯილდოვდებიან სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები, ადგილობრივი ეკლესიების წინამძღოლები და სხვა პირები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს კონფესიათშორისი და რელიგიათშორისი თანამშრომლობის განვითარებაში, ასევე მშვიდობის, თანხმობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებაში.

ჯილდო წარმოადგენს რვაქიმიან ვარსკვლავს, რომელიც დამზადებულია ლითონისგან ჩამოსხმის, ჭედვისა და გრავირების ტექნიკით, ცხელი მინანქრის გამოყენებით. ცენტრში განთავსებულია მედალიონი, რომელზეც ლურჯი მინანქრითაა გამოსახული ყაზახეთის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო, ხოლო მის ქვეშ მოთავსებულია მტრედი ზეთისხილის ტოტით, როგორც მშვიდობის სიმბოლო. ორდენის დევიზია: „დიდება და პატივი კეთილის მქმნელს“ – რაც ხაზს უსვამს მის მაღალ სულიერ მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულს მიტროპოლიტმა ალექსანდრემ, არქიეპისკოპოსმა ტომაშ პეტამ და წმინდა საყდრის სამოციქულო ნუნციუსმა, არქიეპისკოპოსმა ჯორჯ პანამთუნდილმა იმედი გამოთქვეს თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე, რომელიც უკვე მრავალი წელია ემსახურება ყაზახეთის ქრისტიანებს შორის ურთიერთგაგების განმტკიცებასა და თანამედროვე საზოგადოებაში სახარების ერთობლივ მოწმობას.
წყარო: catholic-kazakhstan.org
შოთა გიქოშვილი




Comments