როგორ ყავას სვამს პაპი?
- 2 hours ago
- 2 min read
მართალია, ყავის სამშობლოდ პერუ არ მიიჩნევა, თუმცა დღეს ეს სამხრეთამერიკული ქვეყანა ყავის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში და გლობალურ ათეულში შედის. როდესაც რობერტ პრევოსტი პერუს ქალაქ ჩიკლაიოს ეპისკოპოსი იყო, მან ადგილობრივი კულტურა შეითვისა და ადგილობრივ ტრადიციას არც ყავის სმისას ღალატობდა.

2015–2023 წლებში, როდესაც ის ჩრდილოეთ პერუს ეპარქიაში მსახურობდა, მისიონერი ეპისკოპოსი ამერიკული სტილის ფრაპუჩინოს არ ეძებდა (მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 700 000–იან ქალაქ ჩიკლაიოში Starbucks-ის ორი ფილიალი ფუნქციონირებს).
ამის ნაცვლად, რესტორან Trébol-ის თანამშრომლების თქმით, სადაც ეპისკოპოსი პრევოსტი რეგულარულად საუზმობდა, ჩიკაგოში დაბადებული მღვდელმთავარი ყავას ადგილობრივი წესით მიირთმევდა – ფინჯანში ჩასხმულ მაგარ ესპრესოს ცხელ წყალს უმატებდა.
ეს კონცენტრატი, რომელსაც ესპანურად esencia de café („ყავის ესენცია“) ეწოდება, ხშირად მზადდება სპეციალური მოწყობილობით, რომელსაც cafetera de la abuela („ბებიის ყავის მადუღარა“) ჰქვია. ამავე მოწყობილობას კიდევ ერთი სახელიც აქვს — gota a gota, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „წვეთ-წვეთ“.
„ყავის ესენციას“ წვეთოვანი მეთოდით ამზადებენ. ეს მეთოდი გულისხმობს ყავის მადუღარას ზედა კამერაში ცხელი წყლის ჩასხმას. შემდეგ წყალი ნელ-ნელა წვეთავს დაფქული ყავით სავსე კონტეინერში. ფილტრის გავლის შემდეგ მიიღება სქელი, მუქი და ძალიან მაგარი სითხე. ჩვეულებრივ ამერიკანოზე ოთხჯერ უფრო მუქი და ძლიერიც კი.
„აქ ასეთი ჩვეულება გვაქვს, ყავასა და წყალს ცალ-ცალკე მივირთმევთ, ხოლო მომხმარებელს შეუძლია იმდენი წყალი დაამატოს, რამდენიც სურს. ეპისკოპოსი პრევოსტი სწორედ იმით იყო ცნობილი, რომ ძალიან მაგარ ყავას სვამდა“. - იხსსნებდა კაფის მეპატრონე.
მისივე თქმით, Trébol-ში ეპისკოპოსი პრევოსტი ყავას ხშირად ადგილობრივ საუზმეს — frito chiclayano-ს აყოლებდა. ეს არის დამარინადებული და შემწვარი ღორის ხორცისგან მომზადებული ტრადიციული კერძი, რომელსაც იუკასა და სალსასთან ერთად მიირთმევენ. როგორც წესი, მას თან ახლდა ერთი ჭიქა ფორთოხლის ან პაპაიის წვენიც. მუდმივი სტუმარი კაფეში დიდხანს არ საუბრობდა. ზოგჯერ ის ეპარქიის მღვდლებთან ან სხვა სტუმრებთან ერთად მიდიოდა, თუმცა უმეტესად განმარტოებას ამჯობინებდა.
„ის არ იყო მომთხოვნი კლიენტი, ჩვეულებრივი სტუმარი იყო – თავაზიანი, უბრალო და კარგი მადა ჰქონდა.“
კაფეში ამბობენ, რომ ეპისკოპოსი პრევოსტი ხშირად ირჩევდა მაგიდას, საიდანაც წმინდა მარიამის საკათედრო ტაძარი მოჩანდა, რომელიც რესტორნის პირდაპირ, ქუჩის მეორე მხარეს მდებარეობს. რესტორნის მფლობელი ფიქრობს, რომ ასე იგი იმ ეკლესიასთან კავშირს ინარჩუნებდა, რომელსაც ემსახურებოდა, მაშინაც კი, როცა ყავას მშვიდად მიირთმევდა.
დღეს, როდესაც იგი რომში კათოლიკე ეკლესიის უზენაესი მწყემსმთავარია, ასეთი მშვიდი, ყავის თანხლებით გატარებული წუთები, ალბათ, იშვიათად თუ აქვს. თუმცა ადვილი წარმოსადგენია, რომ პაპი ლეონ XIV დასვენების ყოველკვირეულ დღეს კასტელ განდოლფოში სწორედ ფინჯანი ყავით იწყებს.





Comments