top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'ტაძრების დაბრუნება გარდაუვალი აუცილებლობაა' – ევროპული საქართველო

პოლიტიკური პარტია "ევროპული საქართველო" ვატიკანის სახელმწიფო მდივნის, კარდინალ პიეტრო პაროლინის წერილს ეხმაურება, სადაც საუბარია საქართველოში, კათოლიკული ტაძრების დაბრუნების საკითხზე.

"ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ საქართველოს პრემიერმინისტრს მისწერა წერილი, სადაც მან საბჭოთა დროს ქართველი კათოლიკეებისთვის ჩამორთმეული ტაძრების დაბრუნება მოითხოვა. წერილი კათოლიკე ეკლესიამ გუშინ გაასაჯაროვა.


ვატიკანისგან ამგვარი მოთხოვნის წამოყენება მნიშვნელოვანია ქართველი კათოლიკეებისთვის და საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციისთვის; თუმცა ისტორიული სამართლიანობის აღდგენა, თავისთავად, არის ჩვენი მორალური ვალდებულება.


საერთაშორისო მოთხოვნა რომც არ იყოს, ქართველი კათოლიკეების ქონების რესტიტუციის პროცესის დასრულება საქართველოს სახელმწიფოს, პოლიტიკური ჯგუფებისა და სამოქალაქო საზოგადოების ვალია.


კიდევ ერთხელ, მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ რელიგიური უმცირესობებისთვის საბჭოთა დროს წართმეული ქონების დაბრუნება არის გარდაუვალი აუცილებლობა თავისუფალი საქართველოს ასაშენებლად.


მიგვაჩნია, რომ საჯარო დისკუსიაში ამ თემაზე აუცილებელია ყველა პოლიტიკური ჯგუფის გააქტიურება და პოპულიზმსა და შავრაზმელობაზე ხელის აღება, იმისთვის, რომ რეჟიმის ცვლილების შემდეგ სწრაფად მოხდეს უმცირესობებისთვის წართმეული ქონების დაბრუნება.


ევროპული საქართველო გამოხატავს სოლიდარობას ყველა ქართველი კათოლიკეს მიმართ, რომელსაც წინაპრების ნაგებ ტაძრებში შესვლისა და ღვთისმსახურების აღსრულების შესაძლებლობა არ ეძლევა.


ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს ამ ისტორიული უსამართლობის დასასრულებლად", – წერია "ევროპული საქართველოს" განცხადებაში.


ცნობისთვის, საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ქონების დაბრუნების საკითხზე, ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ, საქართველოს მთავრობას წერილობით მიმართა.


ვრცლად წერილი ნახეთ აქ


Catholic.ge

bottom of page