top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ქართველ დედათა სავანე სტამბოლში – XIX-XX საუკუნეთა მიჯნა


XIX საუკუნის II ნახევარში საქართველოში და განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთში, ქართველ კათოლიკეთა მდგომარეობა გაუარესდა, საუკუნის დასაწყისში განვითარებულმა მოვლენებმა, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის თანდათანობით დაპყრობამ, დიდი გავლენა მოახდინა საქართველოში მყოფ კათოლიკე მისიონზეც. კერძოდ, ეს იმით გამოიხატა, რომ კათოლიკური აღმსარებლობის თავისუფლად გავრცელების საშუალება მოისპო. რუსეთის მთავრობამ მისიონერები 1845 წელს გააძევეს საქართველოდან. ქართველი კათოლიკე მრევლი მღვდლების გარეშე დარჩა. სომხური კათოლიკური ეკლესია დაეპატრონა ლათინურ რიტზე მდგარ ქართველ კათოლიკეთა ეკლესიებს. იმავდროულად გააძლიერეს უსაფუძვლო ცილისწამება ისტორიულად ქართველ კათოლიკეთა არარსებობის შესახებ.


იმ დროიდან ქართველ კათოლიკეთა ისტორიაში დაიწყო ახალი პერიოდი: კათოლიკობისათვის – ქართველობისათვის ბრძოლის პერიოდი პეტრე ხარისჭირაშვილის მეთაურობით. ის მრევლთან ერთად ეროვნულ პოზიციებზე დარჩა და ყველანაირად ცდილობდა წინააღმდეგობა გაეწიათ მოწინააღმდეგეთათვის. გადაწყვიტა დაეარსებინა ქართული ძმობა, რომელიც ქვეყანას მოუმზადებდა ახალ პატრიოტულ ძალებს და ფეხზე დააყენებდა მას.


თუმცა ამ მიზნის სამშობლოში განხორციელების საშუალება არ მისცეს. ამიტომ იგი 1857 წელს გადავიდა ოსმალეთში. მან რომის პაპის პიო IX-ის წარმომადგენლის – მთავარეპისკოპოსის ბრუნონის დახმარებით 1859 წელს მიიღო მკვიდრი სამსახური მოწყალების დათა მონასტერში. ასევე, სტამბოლში ქართველ კათოლიკეთა კონგრეგაციის შექმნის ნება ქართული ენითა და ტიპიკონით.


იმავე წელს მამა პეტრემ ცნობილი მეცენატის იაკობ ზუბალაშვილის ფინანსური დახმარებით, სტამბოლის გარეუბანში – ფერიქოში შეიძინა მიწის მოზრდილი ნაკვეთი, სადაც 1861 წელს ააშენა წმინდა მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. უნდა აღინიშნოს, რომ ფერიქვეის ძმობამ იურიდიული ძალმოსილება მიიღო 1861 წელს. აღსანიშნავია ისიც, რომ პეტრე ხარისჭირაშვილმა იმთავითვე დაიწყო ზრუნვა ქართველ დედათა მონასტრის დაარსებისათვის. ფერიქოში მამათა სავანის ახლოს გამოუყო მიწის ნაკვეთი, თავისი ხარჯით ააშენა მონასტერი და მათი საცხოვრებელი შენობა. მისი ძალისხმევით დედათა მონასტრის იურიდიული არსებობა საეკლესიოდ აღიარებული იქნა 1871 წლის 9 მკათათვეს.

სტამბოლის მამათა სავანისაგან განსხვავებით, სამწუხაროდ, ნაკლებად არის ცნობილი დედათა მონასტრის ისტორია. შეიძლება ითქვას, რომ დღემდე ადგილი არ ჰქონია მის შესწავლა-გამომზეურებას. მამათა სავანის ფონდ-არქივში დაცული მასალა ამის საშუალებას იძლევა. პეტრე ხარისჭირაშვილს სურდა, რომ მამათა და დედათა სავანეებში აღზრდილ მოწაფეებს ჰქონოდათ ძლიერი ეროვნული ცნობიერება და საფუძვლიანად სცოდნოდათ მშობლიური ენა. შეიძლება ითქვას, რომ პეტრე ხარისჭირაშვილმა სტამბოლის ორივე ქართველ კათოლიკეთა სავანის სახით შექმნა, როგორც ქართული კულტურის, მეცნიერებისა და ქრისტიანული ეკლესიის მძლავრი კერები, რომელსაც 1890 წლამდე თვითონ ხელმძღვანელობდა.

„სავანემ იმთავითვე თავი მოუყარა როგორც ბერებს, აგრეთვე მონაზვნებსაც. ესე იგი დაწესდა ფაქტობრივად ორი მონასტერი: მამათა და დედათა. – ორთავე ერთი და იგივე სახელწოდებით: ღვთისმშობლის უმანკოდ ჩასახვის მონები. მონაზვნებმა დაარსებიდანვე ხელი მიჰყვეს საპედაგოგიო მოღვაწეობას, მათ სკოლაში სწავლას იძენენ როგორც ქართველი, აგრეთვე უცხოეთის ქალიშვილებიც”, – წერდა რაფიელ ინგილო.

აღსანიშნავია, რომ სტამბოლში დაარსებულ მამათა და დედათა სავანეებს შორის, წლების შემდგომ, გარკვეული უთანხმოება ჩამოვარდა. მათ შორის დავამ ბევრი ინფორმაციის გამომზეურება გახადა შესაძლებელი.


შეიძლება ითქვას, რომ დედათა სავანის ქომაგი იყო რაფიელ ინგილო (იგივე ივანიცკი, რომის პაპის კარზე არჩეული იყო როგორც საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს წევრი. ე.ი. იყო ვატიკანში საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი). მან თავისი წერილი დაბეჭდა პარიზში, 1930 წელს ჟურნალ “დამოუკიდებელ საქართველოში” (N55).

აღნიშნულმა წერილმა დიდი პოლემიკა გამოიწვია. საზოგადოება გაკვირვებული და დაბნეული იყო. არ ფლობდნენ სრულ ინფორმაციას. შეურაცხყოფილი და უკმაყოფილონი დარჩნენ სავანის მამები. იქამდე, სანამ სავანეში მოღვაწენი უპასუხებდნენ წერილის ავტორს, მამა შალვა ვარდიძემ, 1930 წლის 29 აგვისტოს, წერილი მისწერა გაზეთის რედაქტორს ურატაძეს და აცნობებდა: „სავანის წინამძღვარი შემთხვევით გაეცნო მათ გაზეთში დაბეჭდილ რაფიელ ინგილოს მთლათ სიმართლეს მოკლებულს და სრულიად უტაქტო წერილს, რომელიც ვალდებულს გვხდის მოვთხოვოთ პასუხი ბატონ ინგილოს.”


საპასუხო ვრცელი წერილი მოამზადა მამა შალვა ვარდიძემ. სავანის არქივში ინახება 1930 წლის 13 სექტემბრით დათარიღებული წერილი. რომელიც დასაბეჭდად გადაუგზავნა ჟურნალ „დამოუკიდებელი საქართველოს.”


მამა შალვამ წერილში მკითხველს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ პეტრე ხარისჭირაშვილმა, თავის დროზე, როგორ მოისურვა და შეძლო დედათა სავანის დაარსება: „მამა პეტრემ მოლოზნების სავანის დაარსებისათვის რამდენიმე ქართველ მანდილოსანს მოუყარა თავი.... 1866 წლიდან დაწყებული გვეუბნება, რომ ამ საქმეს მეტი ცდა დასჭირდებოდა. 1869 წელს მოლოზნების კაი ჯგუფია. მის იურიდიული არსებობა საეკლესიოთ აღიარებულ იქმნა მხოლოთ 9 მკათათვეს 1871 წელს. კათოლიკე მოლოზანთა სავანეც სტამბოლის ეპისკოპოსზეა მინდობილი. ვინაიდან რომელიმე მონასტრის დამტკიცება ეკლესიის მიერ არ შეიძლება, თუ მას ბინა და მტკიცე საცხოვრებელი არ აქვს.”


მიუთითებდა, რომ პეტრე ხარისჭირაშვილმა ისევე იზრუნა მოლოზნებზე, როგორც ბერებზე. თავისი ხარჯით გაზარდა მოლოზნების ბინა. მამათა სავანემ დაუთმო საკუთარი ადგილი, რაზეც მამა პეტრემ და მისმა მოწაფეებმა გააშენეს მოლოზნებისათვის საკუთარი ბინა და სასწავლებელი. რაც გადაეცათ დებს და ბოლომდე მათ კუთვნილებად დარჩა. ესეც არ იკმარა მოლოზნებს წესდებულებაში დაუწერა და მამათა სავანესაც უბრძანა, რომ დედათა სავანე ერჩინათ 10-15 წელს. რომელი ვადის შემდეგ მოლოზნებს თავისით ერჩინათ თავი. მამათა სავანემ იტვირთა მოლოზნების კვება და აღზრდა, ვიდრე 1903-1904 წელს, რამდენადაც მამათა სავანემ დედათა სავანეს საზრდოს მიცემა შეუწყვიტა 1900-1904 წლებში, გამოდის რომ დათქმული ვადა გაცილებით მეტხანს მოიცავს – ოცდაცამეტ წელს.


იმ დროიდან მოყოლებული მამათა სავანის ხელმძღვანელი აღარ იყო დედათა სავანის წინამძღვარი. ე.ი. მას აღარ ექვემდებარებოდა.


მათი გაყოფა კი პაპის დელეგატის უწყებით გაფორმდა.. მონსინიორ ტაჩის ბრძანებით მამათა სავანის წინამძღვარს არ ჰქონდა უფლება დედათა სავანის საქმეებში ჩარევისა. მის შემდგომ სავანის წინამძღვარი აღარ უნდა გარეულიყო მოლოზნების საქმეში.. სამწუხარო ისიც იყო, რომ „მოლოზნებმა იმ დღიდან აღარ ისურვეს თავიანთი ნებაყოფლობით ჩვენ სავანესთან მეგობრული ურთიერთობა, კავშირი და იყოლიეს ყოველთვის უცხო მოძღვარი დამრიგებლათ და მრჩევლათ...“


დედათა სავანის დაარსების შემდეგ პეტრე ხარისჭირაშვილმა 1869 წელს ხელმეორედ დაწერა ანდერძი და დაამოწმებინა პაპის წარმომადგენელს.


მომდევნო წელს, 10 აგვისტოს კი დაამოწმებინა სამოქალაქო ხელისუფლების კანცელარიაში. კერძოდ, ანდერძში მამა პეტრე მიუთითებდა, რომ მონასტრის ქონება ეკუთვნოდა ქართველ კათოლიკე ბერებს „არც ჩემ ნათესავებს, არც ქართველ ერს, არც ერთ სხვა რომელიმე პირს არ ექმნება უფლება უქმნას დავა ზემოხსენებულ საკუთრებაზე ხსენებულ ბერებს.”


სავანის ბერებს არ ჰქონდათ პეტრე ხარისჭირაშვილის ანდერძის დარღვევის უფლება. ამასთანავე, რაც შეეხება სავანის მამულებს, ის დამტკიცებული იყო კერძო პირებზე „რადგან ოსმალეთში ვახუპის კანონების ძალით სხვანაირად არ შეიძლებოდა. ხოლო კერძო პირები თავიანთი საკონსულოების მეშვეობით აცხადებდნენ, რომ იგინი იყვნენ მხოლოდ სახელის მიმცემნი და არც მათი და არც მათი ჩამომავლობისა, არამედ ქართველ კათოლიკე ბერების ფულით ნაყიდი.”


ამასთანავე, პირველი მსოფლიო ომის დროს, მამათა სავანემ, უცხო პირებზე გაფორმებული მამულები იურიდიული გზით და სასამართლო წესით დაიმტკიცა. მიუთითებდა, რომ „მოლოზნების მამულები და აქტები მათ ხელში იყო და იმჟამადაც მათ ჰქონდათ”. და თუ წარუდგენდა ე.წ. შემოწირულობათა აქტებს, პირობას სდებდა, რომ ყველაფერს დაუთმობდა მოლოზნებს.


რაფიელ ინგილო საყვედურობდა ქართველ ბერებს იმას, რომ ოცდაექვსი წლის განმავლობაში არ მოისურვეს დედათა სავანის პრობლემების მოგვარება: „იქ ამჟამად უცხოელები დაფარფატებენ. მას არ უნდა გამოეწვია ჩვენი გულისტკივილი? ეს არ უნდა გვეცნობებია ქართველი საზოგადოებისათვის?” მამა შალვამ ქართველ საზოგადოებას გააცნო საქმის ვითარება. რაფიელ ინგილოს კი დასაბუთებული პასუხი გასცა იმასთან დაკავშირებით, თუ მამათა სავანემ რატომ ვერ შეძლო დახმარება გაეწია დედათა სავანისათვის.


დედათა სავანის საკითხისადმი ქართველი საზოგადოების ინტერესი დიდი იყო. მათთვის ბევრი რამ იყო გაუგებარი. შეიძლება ითქვას, რომ რაფიელ ინგილომ, ერთი მხრივ, დიდი სამსახური გაუწია თავისი საგაზეთო სტატიის დაბეჭვდით. როგორც ზემოთ ითქვა, ამას მოჰყვა პოლემიკა, – მამა შალვა ვარდიძის საპასუხო წერილები. შესაბამისად, საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელი და გასაგები გახდა.


სტამბოლის დედათა სავანის შესახებ ჯერ კიდევ 1912 წელს, საზოგადოებამ საინტერსო ინფორმაცია მიიღო „სახალხო გაზეთში” დაბეჭდილი დავით ჩიქოვანის სტატიით – „სტამბოლის ქართველ დედათა მონასტერი”. ავტორი წერდა, რომ დედათა მონასტერს, მამათა მონასტრის მსგავსად, სურდა თავისი წვლილი შეეტანა ეროვნულ საქმეში. იქ მოღვაწეობდა თექვსმეტი ქართველი და, „მეტწილად, უმაღლესი სასულიერო განათლებით,” ეწეოდნენ პედაგოგიურ მოღვაწეობას. ჰქონდათ ორი ფრანგული სკოლა-პანსიონი, სადაც იზრდებოდნენ უცხოელები, რადგან ქართველ მოწაფეთა რიცხვი ცოტა იყო. მათ სურდათ, რომ საქართველოდან ჩაეყვანათ ღარიბთა შვილები, მიეცათ ქართულ-ფრანგული განათლება და ასე გაეწიათ სამსახური სამშობლოსათვის.


რამდენადაც არ ჰქონდა საკმარისი შენობა, დახმარებისათვის მიმართეს ცნობილ ქველმოქმედებს – ძმებ ზუბალაშვილებს. წინამძღვარმა ელისაბედ ბეჟანიშვილმა, იმისათვის, რომ დაკავშირებოდა ზუბალაშვილებს, დახმარების თხოვნით მიმართა ფილიპე გოგიჩაიშვილს: „სტამბოლში მყოფ ქართველ კათოლიკე დების სახელით გთხოვთ, გაგვიწიოთ სამადლობელი და ეს ჩვენი თხოვნა, რომელიც შეეხება ქართველ კათოლიკეთათვის ფრიად მნიშვნელოვან კითხვას, დანიშნულებისამებრ გადასცეთ საზოგადო ქველმოქმედ ზუბალაშვილებს ჩვენი გაჭირვება და უამბოთ ჩვენი უმწეობაში ჩავარდნილი ყოფის შესახებ. ძალიან გთხოვთ, თქვენო კეთილშობილებავ, უამბოთ, არ დაგვტოვოთ უყურადღებოდ ამ უცხო ქვეყანას შეხიზნული დედათა მონასტრის წევრები.”


როგორც სავანის ფონდში არსებული მასალებიდან ჩანს, სტამბოლის ქართველ კათოლიკე დედათა მონასტრის წინამძღვარი ელისაბედ ბეჟანიძე ძალ-ღონეს არ იშურებდა ამ კეთილშობილური მიზნის მისაღწევად. მას ეიმედებოდა – ქველმოქმედი თანამემამულეები – ძმები ზუბალაშვილები. ამიტომაც იყო, რომ 1920 წელს პირადად მათ მისწერა წერილი და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა დედათა სავანის შესახებ. კერძოდ, ის, რომ დედათა სავანეს ჰქონდა ქალთა სკოლა.


პედაგოგები მხოლოდ ქართველი დები იყვნენ, მოწაფენი კი „სხვა ტომის შვილები.... შრომა ხმარდებოდა არა თავის დანიშნულებას... ჩვენს მოვალეობას ჩვენი ერის წინაშე გვაროვნად ვერ ვემსახურეთ”. მოახსენებდა, რომ სურდათ საქართველოდან ჩამოეყვანათ აღსაზრდელები, მომზადებულებს კი სამშობლოში დააბრუნებდნენ. ოცი-ოცდახუთი მოსწავლე ქალის შენახვასა და აღზრდას შეძლებდნენ. შესაბამისად მათ სჭირდებოდათ „მონასტერში ერთი სახლის აშენება სკოლისათვის და მოსწავლე ქალთათვის შიგ სადგომ-ბინისათვის”. თხოვნით მიმართავდა თანადგომას ამ ეროვნული საქმისათვის.


დავით ჩიქოვანი მიუთითებდა, რომ ქართველ დებს ჰქონდათ ქალთა ორი ფრანგული სასწავლებელი. ერთი სტამბოლში და მეორე დარდანელთან: „მონასტრები სამისიონეროა და რასაკვირველია რომის პროპაგანდა მფარველობს. დღევანდლამდე მათი მოღვაწეობა იყო თითქმის მხოლოდ სარწმუნეობრივ ფარგალში, ერისათვის მათ განსაკუთრებითი არა შეუმატნიათ რა, რაც აიხსნება მრავლის მიზეზებით.”


ვფიქრობთ, დავით ჩიქოვანის საგაზეთო სტატია, რაც დავის დაწყებამდე გაცილებით ადრე დაიწერა, მოიცავდა საინტერესო ინფორმაციას და ნათელს ჰფენდა შექმნილ ვითარებას.


სტამბოლის მამათა სავანის დამოკიდებულება დედათა სავანისადმი ასევე კარგად ჩანს სავანის წინამძღვრის ალიოზ (შიო) ბათმანაშვილის დღიურიდანაც. კერძოდ, იგი წერდა:


„დავინიშნე უმფროსად 1922 წლის იანვრის 27-ს....


11.02 ვიზიტათ მოვიდნენ ჩვენი დები. ლოცულობენ ჩვენთვის, რათა შევძლოთ მათი დახმარება. დავარწმუნე, რომ ჩვენს პირველ მიზანს ეგ შეადგენს...


12.02 ჩვენს დებს ვიზიტი გადავუხადე. მარტივად განვუმარტე, რომ ჩვენთვის გაშენებამდე, ჯერ მათთვის გავაშენებთ რიგიან ბინას. მთელი დები მოვიდნენ – რიცხვით 12 სული. ბოლოს კურთხევა მოინდომეს, რომელიც ქართული წესით მივეცი. ვიზიტი გადავუხადე პატარა დებს.”


მამა ალიოზ (შიო) ბათმანაშვილის ჩანაწერებიდან ნათლად ჩანს, რომ სტამბოლში არსებულ დედათა და მამათა სავანეებს შორის არ იყო დაძაბულობა. ერთმანეთის მიმართ ურთიერთ პატივისცემა და პასუხისმგებლობა გააჩნდათ. სავანის წინამძღვრები ყოველთვის იჩენდნენ ყურადღებას დედათა მიმართ. მათზე ზრუნვა თავიანთ მოვალეობად მიაჩნდათ.


როგორც მოძიებული მასალებიდან ჩანს, სტამბოლის ქართველ დედათა მონასტრის წინამძღვარი დახმარების თხოვნით ხშირად მიმართავდა ქართველ საზოგადოებას საქართველოშიც და სტამბოლშიც.. მამათა სავანის არქივ-ფონდში ინახება 1913 წლის 10 დეკემბრით დათარიღებული წერილი: „თანახმად თქვენის თხოვნისა ქართველ თავადაზნაურების წინამძღოლთა და დეპუტატთა საკრებულომ და მასთან შედგენილმა კომისიამ ორასი მანეთით დახმარება დაუნიშნა თქვენს განკარგულებაში მყოფ პანსიონს.” თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი თავადი კოტე აფხაზი. ამ თვალსაზრისით, ასევე საყურადღებოა სტამბოლის ქართველ დედათამონასტრის წინამძღვრის ელისაბედ (ანა) ბე[1]ჟანიძის მიერ ნიკოლოზ ელიავასადმი გაგზავნილი წერილი: „გიძღვნით გულითად მადლობას იმ სამოცი მეტრი შეშის მოცემისათვის, რომელიც თქვენმა ამხანაგობამ მოგვცა მცირედი გადასახადით.”


სტამბოლის მამათა სავანე დიდი სიხარულით შეხვდა სამშობლოს სახელმწიფოებრიობის აღდგენას – საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადებას (1918 წლის 26 მაისი).


მონასტერში არაერთი დღესაწაული გაიმართა. დედათა მონასტრის დედებმა მისასალმებელი სიტყვა გაუგზავნეს დამოუკიდებელი საქართველოს წარმომადგენელს კონსტანტინეპოლში: „თქვენმა მობრძანებამ, სრულიად აგვივსო გული სიხარულითა.... გისურვებთ მტრის დაძლევასა, აღდგენას ჩვენი ტურფა საქართველოსი... ჩვენ სამშობლოთგან, დიდხანს დაშორებული, მოველოდით ამ ბედნიერ მოვლენას. თქვენი შემწეობით ვზრუნავდეთ უძლურთათვის...”


მამათა და დედათა მონასტრების წარმომადგენლებმა შეიმუშავეს საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობის აღორძინების გეგმა. ქართველ ქალთა მონასტრის უფროსმა ელისაბედ პეტრეს ასულმა ბეჟანიშვილმა იმთავითვე (1919 წლის 3 სექტემბერს) გაუგზავნა თხოვნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგანთა და განათლების მინისტრს ნოე ბესარიონის ძე რამიშვილს. იგი წერდა: „ჩვენ კონსტანტინეპოლში პეტრე ხარისჭირაშვილის მიერ დაარსებულ უმანკო ჩასახების ქალთა მონასტრის რვა კლასიან სასწავლებლის მთელმა წარმომადგენლებმა გადავწყვიტეთ, რომ ჩვენში, ახლო განთავისუფლებულ ნორჩ სამშობლოში, გაგვეხსნათ საშუალო სასწავლებლები, რათა შევძლოთ ჩვენს სამშობლოში შემოვიტანოთ ევროპული სწავლა-განათლება. რის გამოც უმორჩილესად გთხოვთ, ბატონო მინისტრო, ნება დაგვრთოთ საქართველოს რესპუბლიკაში, სახელდობრ, ახალციხეში გავხსნათ ქართულ და ფრანგულ ენაზედ საშუალო და პირველდაწყებითი სასწავლებლები”.


სწორედ ამ მისიით, 1920 წელს ჩავიდა საქართველოში დედათა მონასტრის წინამძღვარი ელისაბედ (ანა) ბეჟანიძე. იგი ხელმძღვანელობდა დედათა მონასტერსაც და მასთან არსებულ ქალთა ქართულ-ფრანგულენოვან სკოლას. საქართველოს რესპუბლიკის კონსულმა კონსტანტინეპოლში ი.გოგელიშვილმა საქართველოს რესპუბლიკას აცნობა, რომ „კონსტანტინეპოლიდან საქართველოში მიემგზავრებიან ქართველ კათოლიკეთა დების უმანკო ჩასახების მონასტრის წინამძღვარი და სამი მონაზონი. საკონსულო სთხოვს მთავრობის წარმომადგენელთ გაუადვილონ მათ სამშობლოს ტერიტორიაზე მოგზაურობა და საჭიროების დროს ყოველივე დახმარება აღმოუჩინონ მათ”.


სამშობლოში ჩაბრძანებულმა სტუმრებმა საქართველოს მთავრობას სთხოვეს ნებართვა ქალაქ ახალციხეში ქალთა სასწავლებლის გახსნისა. როგორც მოძიებული მასალებიდან ჩანს, საქართველოს მთავრობამ თანხმობა განაცხადა შეთავაზებულ წინადადებაზე.

1920 წლის 18 ოქტომბერს დედათა სავანის წინამძღვარმა ელისაბედ ბეჟანიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგანთა და განათლების მინისტრს წარუდგინა სასწავლებლის დაარსებისათვის საჭირო ხარჯთაღრიცხვა. სადაც მიუთითებდა: „თანახმად თქვენი ბრძანებისა, გიგზავნით ხსენებული სასწავლებლისათვის ხარჯთა აღრიცხვას.”


დატალურად იყო ჩამოთვლილი ყველა სახის საჭიროება: შენობა, ინვენტარი, კადრები. თავდაპირველი ხარჯი შეადგენდა ხუთასი ათას მანეთს. ამასთანავე ითხოვდა „საქართველოს რესპუბლიკაში სასწავლებლის გახსნის მუდმივი უფლების ნებართვას, როგორც აუცილებელი, საჭიროა როგორც ადგილობრივ, აგრეთვე ევროპული წარმომადგენელთა წინაშე.”


ეს კეთილი და ქვეყნისათვის სრულიად საჭირო საქმე ვერ განხორციელდა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამ ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნა.


მას შემდეგ, რაც საქართველომ კვლავ დაკარგა დამოუკიდებლობა, მთავრობა ევროპაში გაემგზავრა. მათ გარკვეული პერიოდი თურქეთში – სტამბოლში მოუწიათ გაჩერება, იქიდან კი საფრანგეთში წავიდნენ. ლტოლვილი თანამემამულეები, 1921 წელს, შეიფარა და უმასპინძლა ქართულმა სავანემ.


ელისაბედ ბეჟანიძემ საქართველოდან ლტოლვილი მთავრობის ქალთა წარმომადგენლობას უმასპინძლა. ისინი დედათა მონასტერში რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ..


აღსანიშნავია ისიც, რომ კონსტანტინეპოლის დედათა მონასტერში სწავლას აგრძელებდნენ ახალციხის (რაბათის) ქალთა უფასო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები. მათ შორის იყვნენ: ნატალია გიორგაძე, აღათია გოზალიშვილი და სხვანი. აღნიშნული სკოლის დამთავრების შემდეგ, განათლების მისაღებად მშობლებმა ისინი გაგზავნეს სტამბოლში. იქვე იქნა აღკვეცილი მოლოზნად და სახელად უწოდეს ანა. მან იქ რამდენიმე წელი დაჰყო, ხოლო შემდეგ არქიმანდრიტ პეტრე ხარისჭირაშვილის მიერ გაგზავნილ იქნა საფრანგეთში, ქალაქ მოასკაში – დედათა მონასტერში.


აღათია გოზალიშვილმაც, ახალციხის ქალთა სკოლის კიდევ ერთმა სახელოვანმა კურსდამთავრებულმა, განათლება მიიღო ჯერ კონსტანტინეპოლის დედათა მონასტერში, შემდეგ საფრანგეთში.


შეიძლება ითქვას, რომ კონსტანტინეპოლის დედათა მონასტერში მრავალმა ქართველმა გოგონამ მიიღი შესაფერისი განათლება. ბევრმა მათგანმა, თავიანთი ნამუშევრებით, არაერთ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებაც მოიპოვა. ამასთანავე, ეწეოდნენ პედაგოგიურ მოღვაწეობასაც.


პროფესორი შუშანა ფუტკარაძე – სტამბოლის სავანეში მოძიებული მასალების საფუძველზე, კერძოდ, ელისაბედ (ანა) ბეჟანიძის დახასიათებისას წერდა: „ელისაბედ (ანა) ბეჟანიძე სამი ათეული წლის განმავლობაში იყო დედათა მონასტრის წინამძღვარი და მონასტერთან არსებული ქართულ-ფრანგული სასწავლებლის ხელმძღვანელი. ამ სასწავლებელში ქართული პოეზიის ცეცხლი ენთო. ხშირად იმართებოდა პოეზიის საღამოები. მამათა მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირები დაჯილდოებულები იყვნენ შემოქმედებითი ნიჭით – წერდნენ საგალობლებს, ლექსებს, დღიურებს, მოთხრობებს. განსაკუთრებული მხატვრულობით გამოირჩეოდა სტეფანე გიორგაძის საგალობლები და შალვა ვარდიძის ლექსები. მონასტერში გამართულ ყოველ საღამოს წარმართავდა ელისაბედ (ანა) ბეჟა[1]ნიძე.”


ამრიგად, მამა პეტრე ხარისჭირაშვილის ძალისხმევით, სტამბოლში მამათა სავანის გვერდით, ათწლეულების განმავლობაში ფუნქციონირებდა ქართველ დედათა მონასტერი.


მან ქართველ ღარიბ გოგონებს საშუალება მისცა მიეღოთ ეპოქის შესაფერისი ქართულ–ფრანგული განათლება. მისასალმებელია მათი მცდელობა იმასთან დაკავშირებითაც, რომ ცდილობდნენ საქართველოში ქალთა სკოლების გახსნას. მაშინ, როდესაც დაბალი ფენის გოგონებისათვის ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო.


ნატო ყრუაშვილი,

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო

უნივერსიტეტის პროფესორი

გაზეთი "ლიტერატურული მესხეთი", 2023, მარტი

bottom of page