top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ქრისტეს ხორცისა და სისხლის დღესასწაული – ‘ვარდის შეყრა’ არალსა და უდეში

სულთმოფენობის დღესასწაულიდან ათი დღის შემდეგ, სოფელ არალსა და უდეში ტრადიციულად, ქრისტეს უწმიდესი ხორცისა და სისხლის დღესასწაული აღინიშნა. ადგილობრივები ამ დღესასწაულს "ვარდის შეყრას" ეძახიან, რადგანაც საზეიმო მსვლელობისას მონსტრაციაში მყოფ იესოს უწმინდეს ხორცსა და სისხლს მორწმუნეები გზად ვარდისა და ყვავილის ფურცლებს უფენენ.



2023 წელს "ქრისტეს უწმინდესი ხორცისა და სისხლის დღესასწაული" მესხეთის მხოლოდ ორ სოფელში 8 ივნისს აღინიშნა. ეს სოფლები არალი და უდეა, რომლებიც ძველ წელსს მიჰყვებიან და ტრადიციულად ამ დღესასწაულს (ასევე ამაღლებას) ხუთშაბათ დღეს აღნიშნავენ. სხვა კათოლიკურ სამრევლოებში, ახალი წესის თანახმად, დღესასწაული კვირას, 11 ივნისს აღინიშნება.


ქრისტეს უწმინდესი ხორცისა და სისხლის დღესასწაული მოძრავია და აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. იგი სულთმოფენობიდან მე–10 დღეს იზეიმება.


დღესასწაული ორ ნაწილს მოიცავს: წმ. წირვასა და საზეიმო მსვლელობას ანუ პროცესიას.


2023 წლის 8 ივნისს არლის წმ. იოსების სახელობის ტაძარში, წმ. ლიტურგია დილის 10.00 საათზე დაიწყო. წირვა სამრევლოს ვიკარმა, მამა ბექა ჩილინგარაშვილმა, წინამძღვართან მამა ანდრეი გრაჩიკთან და უდელ დიაკვან ჯუმბერ მღებრიშვილთან ერთად აღავლინა.


წმ. წირვის შემდეგ, მორწმუნეები არლის ტაძრიდან მსვლელობით მეზობელი სოფლის, უდისკენ დაიძრნენ. ტრადიციულად, პროცესიას წინ ჯვარი მიუძღოდა, შემდეგ კი ოსტენსორიუმში (მონსტრანცია) დაბრძანებული ქრისტეს ხორცი. ოსტენსორიუმი მზის გამოსახულების მქონე წმინდა ჭურჭელია. სწორედ ქრისტეს ხორცს უფენენ მორწმუნეები წინ ვარდისა და ყვავილების ფურცლებს.


2023 წელს ზუსტად 20 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ამ დღესასწაულზე კათოლიკეები მსვლელობას სოფელ არლიდან სოფელ უდემდე აწყობენ. მანამდე მსვლელობა ადგილობრივად ტარდებოდა, ჯერ არალში, შემდეგ კი უდეში. ორი მეზობელი სოფლის გავლით პროცესიის მოწყობის იდეა არლისა და უდის ყოფილ წინამძღვარს მამა ვლადიმერ აქსენტიევს ეკუთვნის.


უკვე ოცი წელია დაახლოებით ოთხკილომეტრიან გზას მრევლი ფეხით გადის. ისინი, ვისაც პროცესიაში ჩართვა არ შეუძლია, მსვლელობის მონაწილეებს გზად ვარდისა და ყვავილის ფურცლებს ახვედრებს.


მსვლელობა სპეციალურად მოწყობილ ადგილებში შეჩერებებსაც მოიცავს. მორწმუნეები ოთხჯერ ჩერდებიან, ისმენენ ღვთის სიტყვას მცირე განმარტებებით და გზას აგრძელებენ. ამ წელს უდის კათოლიკურ ტაძართან, რომელიც კათოლიკეებს 90–იან წლებში ჩამოართვეს და მართლმადიდებლებს გადასცეს, მონსტრაციაში მყოფი იესო რამდენიმე წუთით შეაჩერეს. შემდეგ კი პროცესია გაგრძელდა.


ყოველ წელს, ბოლო შეჩერება სოფელ უდეში არსებული ყოფილი კათოლიკური ტაძრის მიმდებარედ, დასახლების ცენტრია.


ბოლო შეჩერების შემდეგ, უდის წმ. გიორგის სახელობის სამრევლოსა და წმ. იოსებ მშრომელის ტაძარში, უდის მრევლისათვის საზეიმო წირვა აღევლინება.


ქრისტეს ხორცისა და სისხლის დღესასწაულს მხოლოდ კათოლიკე ეკლესია აღნიშნავს, მორწმუნეები მას მე–13 საუკუნიდან ზეიმობენ.


კომუნისტურ პერიოდში, როცა მესხეთის სოფლებში კათოლიკე მღვდლები არ სწირავდნენ, ადგილობრივი მორწმუნეები „ვარდის შეყრის“ დღესასწაულზე ბუზმარეთის ტაძრის მოსალოცად მიდიოდნენ.



თაკო ფეიქრიშვილი







bottom of page