ღვთისმსახურებაში განვლილი 35 წელი
- 1 hour ago
- 3 min read
მიმდინარე წლის ივნისში, მღვდლად ხელდასხმის 35 წელი შეუსრულდა სამხრეთ კავკასიაში ლათინური წესის კათოლიკე ეკლესიის მღვდელმსახურს, მამა იეჟი პილუსს.

29 წელია, რაც მას სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა საკრებულოში უწევს მსახურება; ამ წლების განმავლობაში მან, თავისი დაუღალავი საქმიანობით, წარუშლელი კვალი დატოვა ყველგან და სამართლიანადაც დაიმსახურა მორწმუნეთა სიყვარული. მე საშუალება მქონდა, პირადად გავცნობოდი მამა იეჟის, დამეფასებინა მისი ამაგი და დაუღალავი შრომისმოყვარეობა, უბრალოება და პრინციპული ხასიათი; იგი თბილი, მზრუნველი და იუმორით სავსე პიროვნებაა, რაც მისდამი კეთილად განაწყობს და ხიბლავს ყოველ ადამიანს. საიუბილე თარიღთან დაკავშირებით, გთავაზობთ მამა იეჟისთან საუბრის ჩანაწერს:
,,მადლობა ჩემი ხელდასხმის 35 წლისთავის მოლოცვისათვის. 18 მაისს, ლუბლინის საკათედრო ტაძარში, თანაკლასელებთან ერთად აღვნიშნე ეს დღე; შემდეგ კი, მცირე ჯგუფმა რომში მომლოცველობა მოვაწყვეთ.
29 წელი შესრულდება, რაც პოლონეთიდან კავკასიაში ჩამოვედი. ეს დღე ნათლად მახსოვს, 1997 წლის 13 ივნისი იყო. მამა ადამი უნდა შემეცვალა, რომელიც თბილისის სამრევლოში მსახურებდა და მაშინ ჩვენ უკვე გორში ჩასვლას ვგეგმავდით. საქართველოში ჩამოსვლისკენ მიბიძგა ნეოკატეხუმენური თემების ყოფნამ თბილისში; მისიის მნიშვნელობა დავინახე ნეოკატეხუმენური გზის გამოცდილებისა და ევანგელიზაციის მეთოდების საფუძველზე.
1996 წლის სექტემბერში, მაშინდელმა ნუნციუსმა, ჟან-პოლ გობელმა, ბაქოში წასვლა შემომთავაზა. წარმოდგენა არ მქონდა, რას გულისხმობდა ეს მისია, მაგრამ მაშინვე დავთანხმდი. საზოგადოების მხარდაჭერის იმედიც მქონდა. ერთი წლის შემდეგ სემინარიის სტუდენტ ზურაბ კაკაჩიშვილთან ერთად ბაქოში ჩავედი. ბინა ვიქირავეთ, მაგრამ სამი დღის შემდეგ ზურაბს დაბრუნება მოუწია, მე კი მარტო დავრჩი და დავიწყე ეკლესიით დაინტერესებული ადამიანების ძებნა.
სინამდვილეში, მუსლიმურ ქვეყანაში მისიისათვის მზად არ ვიყავი. ეს პერიოდი ჩემთვის ძალიან რთული იყო, ბრძოლის, უბედურებისა და გაურკვევლობის დაძლევის დრო. ბევრს ვლოცულობდი და მარტოობა მტანჯავდა. მუდმივად ვგრძნობდი, რომ ამ მისიას, რომლის შესრულებასაც ჩემი ძალისხმევით ვერ შევძლებდი, ღმერთი წარმართავდა, ის მიგზავნიდა ხალხს, ამზადებდა ნიადაგს, მეხმარებოდა შეხვედრების მოწყობასა და საჭირო მატერიალური რესურსების მოძიებაში. იმავე თვეში მრევლი უკვე შედგებოდა თერთმეტი ადგილობრივი მაცხოვრებლისაგან და იკრიბებოდა მისი პირველი წევრის, იადვიგა კარაევის პატარა ბინაში. დაიწყო ზრდის ნაყოფიერი პერიოდი. ადგილობრივი თემი დაახლოებით ორმოცდაათ ადამიანს ითვლიდა, რომელთაგან ოცდათხუთმეტი უკვე იღებდა საიდუმლოებებს. ასევე, გვყავდა შვიდი კათაკმეველი და უცხოელ კათოლიკეთა დიდი ჯგუფი, რომელთათვისაც ლიტურგია ინგლისურ ენაზე აღევლინებოდა.
2000 წლის ივნისში შევიძინეთ დიდი სახლი, სადაც მოვაწყვეთ საკუთარი სამლოცველო, რომელიც შემდეგ მეუფე ჯუზეპე პაზოტომ აკურთხა. ნეოკატეხუმენური თემების მხარდაჭერაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ბაქოში მისიის დასრულების შემდეგ კავკასიაში დავბრუნდი და 2001 წლის მაისში გორში ჩავედი, სადაც სიძნელეებს წავაწყდი. მამა ადამის სახლი დაუმთავრებელი იყო და ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შექმნის რესურსები არ გვქონდა. დიდი ძალისხმევის შემდეგ, 2002 წლის გაზაფხულზე ლიტურგიისა და საცხოვრებლისათვის ღირსეული ადგილი მოვიპოვეთ. ახალხიზაში (დღევანდელი ბეთლემი) კი ლიტურგიებისა და შეხვედრებისათვის საკუთარი სივრცე არ გვქონდა. თუმცა, ორი წლის შემდეგ, ეს საკითხიც ნაწილობრივ მოგვარდა. რამდენიმე წლის განმავლობაში ბორჯომში გვატემალიდან ჩამოსულ სემინარიელთან ერთად ვმოგზაურობდი და ეს ადგილი განსაკუთრებით შეეხო ჩემს გულს. იმ დროს იქ დიდი, ძალიან ცოცხალი და ენთუზიაზმით სავსე თემი იყო, სამწუხაროდ, საკუთარი სამლოცველოს გარეშე.
2006 წლის იანვარში, მაშინდელი ნუნციუსის (ამჟამად კარდინალი კლაუდიო გუჯეროტი, ნ.ბ.) არგუმენტებით დარწმუნებული, ჩავედი აფხაზეთში, უნიკალურ ადგილას. თავდაპირველად, ადგილობრივთაგან უნდობლობას, ეჭვსაც კი წავაწყდი. სამრევლო თითქმის სამი წლის განმავლობაში მოძღვრის გარეშე იყო დარჩენილი. გარკვეული დრო დამჭირდა ნდობის მოსაპოვებლად და იქაური ვითარების „გასააზრებლად“. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან თბილად დამხვდნენ. სამწუხაროდ, ჩვენი მრევლი მცირდებოდა; ბევრი ხანდაზმული გარდაიცვალა, ზოგი ახალგაზრდა ემიგრაციაში წავიდა, ზოგმა კი ეკლესია დატოვა, სამწუხაროდ, ეს დღესაც გრძელდება.

ჩვენ მოვახერხეთ კარგი საცხოვრებელი ბაზის შექმნა აფხაზეთში; გვაქვს დიდი სამრევლო სახლი, დარბაზი შეხვედრებისთვის და ოთახები სტუმრებისა და მოხალისეების მისაღებად, ასევე, კარგად მოვლილი და ესთეტიკურად სასიამოვნო პატარა ეკლესია. რუსეთიდან და ბელარუსიდან ჩამოსული კათოლიკეები სულ უფრო მეტად ცდილობენ ჩვენთან სტუმრობას და ზოგიერთი მათგანი მცირე დახმარებასაც კი გვთავაზობს. ჩვენი ძალიან მცირერიცხოვანი სამწყსოს ყოფის გათვალისწინებით, ასევე, ვეწევით მნიშვნელოვან საქველმოქმედო საქმიანობას. სხვადასხვა გზით ვცდილობთ ჩვენს თემში ახალი ადამიანების მოზიდვას, თუმცა ამ პირობებში სახარების ქადაგება ნამდვილად რთულია.
ამჟამად გვყავს ერთი კათაკმეველი, ერთი კი სხვა რელიგიური ჯგუფიდან ჩვენს ეკლესიაში გადმოსვლისათვის ემზადება. კვირადღეს დაახლოებით ოცი მორწმუნე ეზიარება. ჩემი არყოფნის დროს, სოხუმის მრევლი თავად აწყობს კვირაობით სიტყვის ლიტურგიას, რომლის დროსაც კითხულობენ ჩემ მიერ გაგზავნილ ქადაგებას, ასევე, იკრიბებიან ხუთშაბათს ლოცვისათვის. საქველმოქმედო საქმიანობას ამჟამად დაახლოებით ორმოცი ადამიანი ეწევა“.
ჟურნალ ,,საბას“ სარედაქციო საბჭოსა და პირადად ჩემი სახელით, კიდევ ერთხელ ვულოცავთ მამა იეჟის მღვდლობის 35 წლისთავს და ნაყოფიერ და მადლიან მსახურებას ვუსურვებთ, როგორც კონკრეტულად ქალაქ სოხუმის, ასევე, ზოგადად სამხრეთ კავკასიის ადგილობრივი კათოლიკე სამრევლოების სასიკეთოდ.
ნუგზარ ბარდაველიძეჟურნალი "საბა" , 2026, ივლისი





Comments