შავი კვამლი — მეორე და მესამე კენჭისყრაც პაპის არჩევის გარეშე დასრულდა
- catholic.ge
- 7 hours ago
- 1 min read
ხუთშაბათს, 8 მაისს, საქართველოს დროით 13:51 საათზე (რომის დროით 11:51), სიქსტეს კაპელას საკვამურიდან შავი კვამლი ამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკლავზე კენჭისყრაში მონაწილე კარდინალებს ჯერ არ აურჩევიათ ახალი პაპი.

შავი კვამლის ამოსვლა მიანიშნებს, რომ "სიქსტეს კაპელაში" შეკრებილმა 133 კარდინალმა ამომრჩეველმა ვერ მიაღწია ხმების აუცილებელ ორ მესამედს — სულ მცირე 89 ხმას — რათა აერჩია ახალი, 267–ე პაპი.
ეს უკვე კონკლავი კენჭისყრის მეორე და მესამე ეტაპი იყო.
კონკლავი 7 მაისს ნაშუადღევს დაიწყო და პირველ კენჭისყრაც ასევე შავი კვამლით დასრულდა.
წმიდა პეტრეს მოედანზე ათასობით მორწმუნეა შეკრებილი, იმ იმედით, რომ ისტორიის მომსწრენი გახდებიან.
კარდინალები ყოველდღიურად ოთხ კენჭისყრას მართავენ: ორი დილით და ორი — შუადღის შემდეგ.
თუ დილის პირველი კენჭისყრის შედეგად ახალი პაპი ვერ აირჩევა, მაშინ დაუყოვნებლივ იმართება მეორე კენჭისყრა. ორივე კენჭისყრის ბიულეტენები ერთად იწვება.
კაპელის საკვამურიდან შავი კვამლის გამოჩენას, შუადღით, რომის დროით, დაახლოებით 12:00 საათზე ელიან, თუმცა თუ პაპი დილის პირველივე კენჭისყრაზე აირჩევა, მაშინ თეთრი კვამლი გამოჩნდება – რომის დროით დაახლოებით 10:30 საათის შემდეგ.
იგივე პროცესი მეორდება შუადღის შემდეგ. მცირე შესვენების შემდეგ, კიდევ ორი კენჭისყრა ტარდება. თუ არც ერთი შედეგს არ მოიტანს, კვამლი სავარაუდოდ გამოჩნდება რომის დროით, დაახლოებით საღამოს 7 საათზე. ხოლო თუ პაპი შუადღის პირველ კენჭისყრაზე აირჩევა, თეთრი კვამლი გამოჩნდება დაახლოებით 5:30-ის შემდეგ (რომის დროით).
ამგვარად, ხუთშაბათსა და პარასკევს დაკვირვებისათვის ოთხი სავარაუდო დრო არსებობს, როცა კვამლი შეიძლება გამოჩნდეს: დღეში ორჯერ შუადღისას და ორჯერ საღამოს.
კარდინალები მკაცრად რეგულირებულ რეჟიმს მიჰყვებიან კონკლავის განმავლობაში: ყოველი დღე დილას იწყება წმიდა მართას სახლის (Domus Sanctae Marthae) ლიტურგიით, რის შემდეგაც ისინი გადადიან სიქსტეს კაპელაში კენჭისყრისთვის.
კარდინალები სრულიად მოწყვეტილნი არიან გარე სამყაროს — არ აქვთ წვდომა ტელეფონებზე, ინტერნეტზე ან მედიაზე.
თანამედროვე კონკლავების ისტორიული საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით სამ დღეს შეადგენს, თუმცა 2005 წელს პაპ ბენედიქტე XVI-ის არჩევას მხოლოდ ორი დღე დასჭირდა.
თაკო ფეიქრიშვილი
Comments