top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

შეწყვეტილი მელოდია კრაკოვის საკათედრო ტაძრის კოშკიდან

იცით რატომ წყდება მელოდია უეცრად კრაკოვის საკათედრო ტაძრის კოშკიდან?

„ჰეინალი“ ანუ საყვირის ხმა, რომელიც კრაკოვში, ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრიდან ისმის, ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო და ცნობილი ტრადიციაა. ამ ხმის მოსასმენად უამრავი ადამიანი ჩერდება მოედანზე და ელოდება სრულ საათს, როცა მელოდია გაჟღერდება. საყვირის ზარის მელოდია, პოლონურად ცნობილია, როგორც Hejnał Mariacki. მას უკრავენ სრულ საათზე, ყოველ საათში ერთხელ, ეკლესიის ორი კოშკის ფანჯრებიდან, ოთხივე მხრიდან.


მიუხედავად იმისა, რომ საყვირის ხმა ბევრი ადმიანის ინტერესს იწვევს, ცოტამ თუ იცის, რატომ წყდება კოშკზე გაჟღერებული მელოდია უეცრად. ამაზე პასუხს კი ლეგენდა გვაძლევს.


ლეგენდა “ჰეინალი”


შუა საუკუნეებში, ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის კოშკზე იდგა მზვერავი და ქალაქის შესასვლელი ჭიშკრის გაღებისა და დაკეტვის შესახებ საყვირის ხმით ნიშანს იძლეოდა. ეს მზვერავი ქალაქის ერთგვარი მცველი იყო, რომელიც აქ მცხოვრებლებს ხანძრის ან ქალაქთან მტრის მიახლოების შესახებაც ატყობინებდა.


ერთხელ, მზვერავმა კოშკიდან მტერი შენიშნა, რომელიც კრაკოვს თავს დაესხა. მაცხოვრებლებისთვის ამბის შესატყობინებლად მზვერავმა საყვირში ჩაბერა, თუმცა მტრის მიერ გასროლილი ისარი ყელში მოხვდა და საყვირის ხმა უეცრად შეწყდა. მზვერავი დაიღუპა, მის მოსაგონებლად კი დღემდე მელოდია იმავე ადგილზე წყდება, როგორც მაშინ.


საინტერესო ფაქტები “ჰეინალის” შესახებ


ისტორიკოსებისთვის დღემდე უცნობია, ვინ, სად და რომელ საუკუნეში შექმნა ე.წ.„ჰეინალის“ მელოდია. პირველად მისი მოხსენიება წერილობით წყაროებში 1392 წლიდან გვხვდება.


საკათედრო ტაძრის კოშკიდან მელოდია ქალაქის ოთხივე კუთხისკენ იყო მიმართული: ვაველის მიმართულებით მელოდიასმეფისთვის აჟღერებდნენ; რატუშის კოშკისკენ, სადაც დღეს ქალაქის მერიაა – ქალაქის მთავრისა და მრჩევლებისთვის; ფლორიანისა და ბარბაკანის ჭიშკრებისკენ – სტუმრებისთვის მიემართებოდა, ხოლო მცირე მოედნის მიმართულებით (Maly Rynek) – ვაჭრებისა და გადამყიდველებისთვის ჟღერდა.


საინტერესო ის ფაქტიც, რომ ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის კოშკში დღემდე 24 საათიანი მორიგეობაა. აქ მუდამ იმყოფება ორი მესაყვირე – მეხანძრე, რომლებიც მელოდიას ასრულებენ. ისინი, დღის განმავლობაში, ‘ჰეინალს’ 48-ჯერ აჟღერებენ. გარდა ამისა, ამ ე.წ. მზვერავებმა 300 კიბე უნდა გაიარონ, რომ ტაძრის კოშკში თავიანთ ადგილამდე მივიდნენ.


ყოველდღე, შეწყვეტილ მელოდიას მესაყვირეები 81 მეტრის სიმაღლიდან ასრულებენ, მელოდია ასევე სრულდება შუაღამისასაც, როცა მოედანი ცარიელია.


‘ჰეინალის’ ლეგენდას პოლონეთში უამრავი სიმღერა და ლექსი მიუძღვნეს.


შოთა გიქოშვილი

bottom of page