‘შეწყვიტეთ ცეცხლი მსხვერპლთა ხსოვნის გულისთვის’ - პაპი ლეონ XIV
- catholic.ge

- 13 minutes ago
- 1 min read
9 ნოემბერს, პაპმა ლეონ XIV - მ წმიდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებს მოუწოდა მშვიდობისაკენ, განსაკუთრებით ომების ცეცხლში გახვეულ რეგიონებს მოუწოდა პასუხისმგებლობით მოეკიდონ სამყაროზე ზრუნვას.

მიმართვის დასაწყისში, რომის ეპისკოპოსმა სოლიდარობა გამოხატა ფილიპინელი ხალხისადმი:
“ძვირფასო ძმებო და დებო! გამოვხატავ ჩემს სიახლოვეს ფილიპინელი ხალხისადმი, რომელიც მძიმე ტაიფუნის მსხვერპლი გახდა. ვლოცულობ გარდაცვლილებისა და მათი ოჯახისათვის, ასევე დაჭრილებისა და თავშესაფრის გარეშე დარჩენილებისათვის.
ასევე, წმიდა მამამ აღნიშნა, რომ 9 ნოემბერს იტალიაში კათოლიკე ეკლესია მადლიერების დღეს აღნიშნავს:
“ვუერთდები ეპისკოპოსთა გზავნილებს, რომლებიც მოუწოდებენ პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ დედამიწაზე ზრუნვას, მოვერიდოთ საკვები რესურსების ფლანგვას და დავნერგოთ სოფლის მეურნეობის მდგრადი პრაქტიკა. მადლი შევწიროთ ღმერთს ჩვენი დედა-მიწისათვის და მათთვის, ვინც მის დამუშავებასა დაცვაზე ზრუნავს”.
პაპმა დიდი მადლიერება გამოხატა ყველას მიმართ, ვინც „ნებისმიერ დონეზე ცდილობს შექმნას მშვიდობა, განსაკუთრებით ომებით დატანჯულ რეგიონებში“.
“რამდენიმე დღის წინ, ჩვენ ვლოცულობდით გარდაცვლილთათვის. სამწუხაროდ, მათ შორის ბევრი დაღუპულია საბრძოლო შეტაკებებისა და დაბომბვების შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მშვიდობიან მოსახლეობას წარმოადგენდნენ, იყვნენ: ბავშვები, ქალები, ხანდაზმულები და სნეულები”.
ლეონ XIV–მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად საუკეთესო გზა ძალადობის შეწყვეტაა.
„თუ მართლა გვსურს პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას, უნდა შეწყდეს ცეცხლი და ყველა ძალისხმევა მოლაპარაკებებს მიეძღვნას”.
მომლოცველებთან დამშვიდობებისას, წმიდა მამამ ყველას ბედნიერი კვირა დღე უსურვა.
შოთა გიქოშვილი










Comments