top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'წმინდა იოსები ემიგრაციაში დევნილი იყო' – პაპი ფრანცისკე



29 დეკემბერს, საჯარო აუდიენციაზე პაპმა ფრანცისკემ ისაუბრა წმინდა იოსებზე, როგორც გამბედავ ემიგრანტზე, რომელსაც სდევნიდნენ. სწორედ ასე აღწერს მას წმინდა მახარებელი მათე. ეს არის იესოს ცხოვრებაში მოვლენა, რომლის გმირებიც გახდნენ იოსები და მარიამი. ამ მოვლენას ტრადიციისამებრ “ეგვიპტეში გაქცევა” ეწოდება.


„ნაზარეთელმა ოჯახმა გადაიტანა დამცირება და საკუთარ თავზე გამოსცადა არასტაბილურობა, შიში და ტკივილი იმის გამო, რომ უნდა დაეტოვებინათ საკუთარი მიწა. დღეს, უამრავი ჩვენი ძმა იძულებულია იგივე უსამართლობა და ტკივილი განიცადოს საკუთარ თავზე. მიზეზი თითქმის ყოველთვის ამა სოფლის ძალაუფლების მქონეთა ძალადობაშია. სწორედ იმავენაირად ხდებოდა იესოს დროსაც.


მეფე ჰეროდე მოგვებისგან შეიტყობს იესოს, იუდეველთა მეფის დაბადების შესახებ და ეს სიახლე მასში ბადებს არასტაბილურობის განცდას, იგი გრძნობს საკუთარი ძალაუფლების მიმართ საფრთხეს, ამიტომაც ჰეროდემ გასცა ბრძანება გაენადგურებინათ ორი წლის და ქვემოთ ბეთლემში დაბადებული ყველა ჩვილი. მოგვების გამოთვლით, ეს იყო სწორედ ის ჟამი, როცა დაიბადა იესო.


ამ დროს, ანგელოზი ეუბნება იოსებს, რომ გაიქცეს ეგვიპტეში. მოდით დავფიქრდეთ დღეს იმაზე, თუ რა ბევრი ადამიანი გრძნობს შინაგან ხმას: “უნდა გაიქცე, ვინაიდან აქ სახიფათოა”.


წმინდა ოჯახის ეგვიპტეში გაქცევით იხსნის იესოს სიცოცხლეს, მაგრამ, ეს ფაქტი სამწუხაროდ სულაც არ უშლის ხელს ჰეროდეს განახორციელოს თავისი მომაკვდინებელი გეგმა. პაპი აღნიშნავს, რომ ჩვენ, აქ ვაწყდებით ურთიერთგამომრიცხავ პერსონაჟებს, ერთი მხრივ ჰეროდე და მისი სისასტიკეა, მეორეს მხრივ კი იოსები თავისი მზრუნველობითა და გამბედაობით. ჰეროდეს მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების დაცვა უნდა, საკუთარი ტყავის დაცვა, ჰეროდე არის ჩვენი დროის უამრავი ტირანის განსახიერება.


ისტორია სავსეა ისეთი პიროვნებებით, რომლებიც საკუთარი ძალაუფლების დაკარგვის შიშში ცხოვრებით გადაიქცნენ დესპოტებად და ახორციელებდნენ არაადამიანურობით აღსავსე ძალადობრივ გეგმებს. თუმცა არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს მხოლოდ ტირანები ცხოვრობენ ჰეროდეს მსგავსად, არა! სინამდვილეში ეს ის რაღაცაა, სადამდეც შეიძლება მივიდეს ნებისმიერი ჩვენგანი დესპოტიზმით შიშის განდევნის საშუალებით. ხანდახან საკმარისია სიტყვიერი ანდა უბრალოდ მცირე გამოვლინება ჩვენ გვერდით მყოფების დასამცირებლად“, – ამბობს წმინდა მამა.


„იოსები და ჰეროდე ერთმანეთისგან განსხვავებული პერსონაჟები არიან, რომლებიც განასახიერებენ ადამიანის ორ მხარეს“, – აღნიშნა პაპმა და მოუწოდა მორწმუნეებს ილოცონ დევნილთა, მიგრანტთა და ყველა მათთვის, რომლებიც აღმოჩნდნენ მძიმე პოლიტიკური, ისტორიული ანდა პირადი შურისძიების მსხვერპლნი.


„ვიფიქროთ, ომებისა და ძალადობით გამოწვეულ მსხვერპლებზე, რომლებსაც სურთ გაიქცნენ თავიანთი სამშობლოდან, მაგრამ ვერ ახერხებენ; ვიფიქროთ, იმ მიგრანტებზე, რომლებიც მიეშურებიან თავისუფლების გზაზე, მაგრამ სამწუხაროდ არც თუ ისე იშვიათად სიცოცხლეს ასრულებენ ან ქუჩაში ან ზღვაში; ვიფიქროთ, იოსებისა და მარიამის მკლავებზე მისვენებულ იესოზე და იმაზე, თუ როგორ გარბიან ისინი. მოდით მათში დავინახოთ ყოველი მიგრანტი დღეს.

პაპმა მორწმუნეებს შესთავაზა წმინდა იოსებისადმი ლოცვა მიგრანტებისათვის.


წმინდაო იოსებ, შენ, რომელმაც განიცადე იძულებითი გაქცევა და რომელიც გაიქეცი, რათა გადაგერჩინა შენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები, დაიცავი ყველა, ვინც გაურბის ომებს, სიძულვილსა და შიმშილს, განამტკიცე ისინი სირთულის ჟამს, გაუმყარე იმედი.დაე,ისინი მიიღონ სტუმართმოყვარეობითა და სოლიდარულებით. წარმართე მათი ნაბიჯები და გაუხსენი გულები მათ, ვისაც ძალუძს მათი დახმარება. ამინ.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

bottom of page