• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო მიხეილ სააკაშვილის შესახებ განცხადებას აქვეყნებს

საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი, ჯუზეპე პაზოტო, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის შესახებ განცხადებას აქვეყნებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მისი სიცოცხლე დაცული იყოს.



ეპისკოპოსი განცხადებაში აღნიშნავს, რომ მის ოფიციალურ განცხადებას ეთანხმება და იზიარებს წმინდა საყდრის დესპანი საქართველოში, არქიეპისკოპოსი ჯოზე აველინო ბეტანკური.


"როგორც მასმედია გვაუწყებს, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია, მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და შესაძლოა შეუქცევადი სახე მიიღოს. ვერავინ, საქართველოს ვერც ერთი მკვიდრი, მიუხედავად პოლიტიკური, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა, ვერ დარჩება გულარხეინ მაყურებლად. კათოლიკე ეკლესიის სახელით მსურს განვაცხადო, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლეს ფასდაუდებელი ღირსება გააჩნია, თითოეული სიცოცხლე ძვირფასია ღვთისათვის და ამიტომაც თითოეული სიცოცხლე უნდა დავიცვათ, მოვუფრთხილდეთ და ხელი შევუწყოთ მას. ვერავინ, ვერავინ, ვერავინ იფიქრებს, უგრძნობელი და უმოქმედო დარჩეს საფრთხის ქვეშ მდგარი სიცოცხლის წინაშე, სიცოცხლისა, რომელიც ხვალ შესაძლოა აღარ იყოს; მაშინაც კი, როცა ადამიანი, შესაძლოა, საკუთარი სიცოცხლის მოსწრაფებას ცდილობდეს, ვერ დავრჩებით მაყურებლებად, ჩარევის გარეშე. თითოეული სიცოცხლის წინაშე კათოლიკე ეკლესია არამხოლოდ წინააღმდეგია სიკვდილით დასჯისა, არამედ იმისაც, რომ დაშვებულ იქნას, რომ მავანი აღმოჩნდეს ან ჩააგდონ ადამიანისათვის უღირს მდგომარეობაში. თითოეული ადამიანისათვის მოკვდა იესო, სწორედ იმის სათქმელად, თუ რა ფასი ადევს და რაოდენ ძვირფასია თითოეული ადამიანი. თითოეული ვაგებთ პასუხს ღვთის წინაშე ჩვენს ქმედებათა გამოც და უმოქმედობისთვისაც, ამ პასუხისმგებლობას ვერავინ აარიდებს თავს. აქ ჩემი განზრახვა როდია მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი მხარე გავარჩიო (ეს შესაძლო დავალება მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს საქმეა), არამედ – კათოლიკეთა სახელითაც, მივმართო ყველა ხელისუფალს, რომლებიც სხვადასხვა სახით არიან კომპეტენტურები, დაუყოვნებლივ იმოქმედონ, რათა მისი სიცოცხლე დაცულ იყოს და ყოველგვარი საფრთხისაგან არიდებული, შიმშილობის პროტესტისგან გამოწვეული საფრთხისაგანაც. ეს ასე უნდა იყოს ყოველი ადამიანის შემთხვევაში, ყოველგვარი პოლიტიკური, რელიგიური თუ ეროვნული შეფერილობის მიუხედავად. თუმცა ამ შემთხვევაში, თითოეულის კერძო შეფასების მიუხედავად, ვერავინ დაივიწყებს იმ როლს, რომელიც მესამე პრეზიდენტმა შეასრულა ჩვენი ქვეყნის სამსახურში. ჩვენი დღევანდელობა ხომ მის მიერ შესრულებული ისტორიული როლის შედეგიცაა", – წერია 2021 წლის 4 ნოემბრით დათარიღებულ განცხადებაში.


ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია, საპატიმროში იგი უკვე თვეზე მეტია, რაც შიმშილობს. როგორც მისი პირადი ექიმი ამბობს, სააკაშვილის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.





catholic.ge

0 comments