top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს მიმართვა პაპ ფრანცისკეს



13 თებერვალს, თბილისის სულხან–საბა ორბელიანის უნივერსიტეტის (საბაუნი) დელეგაცია, რომში, პაპ ფრანცისკეს შეხვდა. ეს შეხვედრა უნივერსიტეტის დაარსებიდან 20 წლის იუბილეს მიეძღვნა.


ქართულ დელეგაციას წარმოადგენდნენ სტუდენტები, პროფესორები და უნივერსიტეტის დამფუძნებლები, მათ შორის საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი მეუფე ჯუზეპე პაზოტო.


პაპთან შეხვედრისას ეპისკოპოსმა ხაზი გაუსვა "საბაუნის" დაარსებისა და მისი ფუნქციონირების მნიშვნელობას. აღნიშნა, რომ დაწესებულება ერთგვარი "ხიდია" კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის.


Catholic.ge გთავაზობთ ეპისკოპოსის სიტყვას:


"თქვენო უწმიდესობავ, პაპო ფრანცისკე!


ვინ იფიქრებდა ოცი წლის წინ, რომ თეოლოგიის პატარა ინსტიტუტი, ეს-ესაა დარსებული თბილისში, რომელიც ოცდაათიოდე სტუდენტს თუ ითვლიდა, სულ მალე უნივერსიტეტად გადაიქცეოდა? ვინ იფიქრებდა, რომ ეს მცირე მარცვალი აღმოცენდებოდა, გაიზრდებოდა და ათას სტუდენტამდე მიაღწევდა? ვინ იფიქრებდა, რომ თეოლოგიას იურისპრუდენციის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ტურიზმის, მართვისა და ახლა უკვე მედიცინის ფაკულტეტებიც დაემატებოდა?

ვინ იფიქრებდა, წმინდა მამაო, რომ ეს ჯგუფი, რომელიც მთელ ამ საუნივერსიტეტო საქმიანობას წარმოადგენს, თქვენ მიერ იქნებოდა მიღებული ვატიკანში?


და მაინც, ეს მოხდა... ეს ჩვენი უნივერსიტეტის ცხოვრებაა. შემიძლია ვთქვა, რომ ღმერთმა ჩვენი უნივერსიტეტის ისტორია ამ ინიციატივის მეშვეობითაც დაწერა. რომში ყოფნა ძალზე ბევრს ნიშნავს ჩვენთვის. რაოდენ სასიხარულოა, რომ აქ ეს კათოლიკური უნივერსიტეტი არაერთი მართლმადიდებელი თანამშრომლითაცაა წარმოდგენილი, რომლებიც ჩვენთან ერთად იზიარებენ სიხარულსა თუ სავალი გზის სირთულეებს.

ეს ის დაწესებულებაა, რომელიც კონკრეტულად იღვწის ხიდების ასაგებად... დიახ, ხიდებისა და არა კედლების. ეს ის დაწესებულებაა, რომელიც ყოველი სასწავლო საგნის შუაგულში ადამიანს, ღვთის შვილს, მის ღირსებასა და ყოველმხრივ განვითარებას მოიაზრებს. ეს ის დაწესებულებაა, რომელიც ცდილობს თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანოს ქართული საზოგადოების განვითარებაში.


დღეს ყველა ჩვენგანმა შეაბიჯა წმინდა პეტრეს ტაძარში და მოციქულის საფლავის წინაშე თავის გულში წარმოთქვა: „მწამს“. დიახ, ჩვენს უნივერსიტეტს სურს გახდეს ის ადგილი, სადაც ყველანი, კიდევ უფრო მეტი შეგნებით ვიტყვით: „მწამს“.


თქვენო უწმიდესობავ, გთხოვთ მოიღოთ ჩვენზე თქვენი გამამხნევებელი სიტყვები და ლოცვა-კურთხევა!", – აღნიშნა ეპისკოპოსმა.


მეუფე ჯუზეპე პაზოტოს შემდეგ, სტუმრებს მიმართა პაპმა ფრანცისკემ. მან გამოსვლა ეპისკოპოსის სიტყვის გახსენებით დაიწყო:


"მადლობას მოვახსენებ მონსინიორ პაზოტოს მისი სიტყვებისათვის - სევდიანად დაიწყო, „ვინ იფიქრებდაო“... მოგონების სევდა... მადლობა! - და მივესალმები ყველა თქვენგანს - პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და მეგობრებს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტისა, რომელსაც ახლახანს შეუსრულდა ოცი წელი. გილოცავთ! ახალგაზრდაა - სულ ოცი წლის".


პაპის მიმართვის სრული ტექტი ნახეთ – გამოიყენეთ განათლება სიძულვილის სიბნელის გასაფანტად


„საბაუნი“, როგორც მას მოიხსენიებენ, საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსის ჯუზეპე პაზოტოსა და კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის ინიციატივით, 2001 წელსდაფუძნდა. მაშინ იგი სულხან-საბა ორბელიანის ფილოსოფიის, თეოლოგიის, ისტორიისა და კულტურის ინსტიტუტი იყო, სადაც მხოლოდ ერთი, თეოლოგიის ფაკულტეტი არსებობდა და ქრისტიანული თეოლოგია ისწავლებოდა.


2009 წლიდან სულხან-საბას ინსტიტუტი სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსით ფუნქციონირებს. ამ დროიდან მას დაემატა საგანმანათლებლო პროგრამები და დღეისათვის უნივერსიტეტი საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებს სამი ფაკულტეტის სამართალი, ბიზნესის და ტურიზმის ფაკულტეტი, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროგრამები.


Catholic.ge



bottom of page